კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაასრულა

20 მაისი, 2017
 ნათია გოგოლაშვილი

„მსოფლიოში დღეს გლობალური ომი მიმდინარეობს. ომი, რომლის მსხვერპლი გახლავთ ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი. ომი, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიისთვის მოაქვს ტრილიონობით შემოსავალი და 35 მილიარდიანი წმინდა მოგება, შესაბამისად, ამ ინდუსტრიის მიერ თითოეულ მოკლულ ადამიანზე 6 000 დოლარი. ამ ომში საქართველო ყოველწლიურად 11 000 ადამიანს კარგავს. აქედან 3 000 ადამიანს (აქედან 300 ბავშვი), რომელსაც შეგნებული გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, არ მოეწია და ჯანსაღი ცხოვრებით ეცხოვრა. ამ ომში საქართველო კარგავს ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარს. ამ ომის შედეგად „დაჭრილების“ [დაავადებულების] სამკურნალოდ საქართველოს, ისედაც მწირი ბიუჯეტი, გასცემს 78 მილიონ ლარს. ამ ომს ჩვენ უიმედოდ ვაგებთ“, - ამ სიტყვებით მიმართა კანონმდებლებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

85 მომხრე და 1 წინააღმდეგი - 17 მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტთა პაკეტი განსახილველად, კოლეგებს, პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ წარუდგინა. მომხსენებელმა კოლეგებს მეორე მოსმენის შემდეგ პაკეტში განხორციელებული ცვლილებები გააცნო, რომელიც, მისი განცხადებით, ძირითადად იურიდიულ და რედაქციულ შესწორებებს ითვალისწინებდა.

თამბაქოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას დახურულ სივრცეებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვას, თამბაქოს კოლოფების სადა შეფუთვას, რომლებზეც პიქტოგრამები იქნება დატანილი.

კანონით გაწერილია თითოეული აკრძალვისთვის გამოყოფილი ვადები: 2018 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო. დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალება 2018 წლის 1-ლი მაისიდან, ეს ნორმა ვრცელდება ყველა დახურულ სივრცეზე, გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. 2018 წლის 1-ლი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. „დრაივ-თამბაქო“. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობას, იგი 2021 წლიდან აიკრძალება.

„არის გარკვეული საკითხები, სადაც მთავრობის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, ერთ-ერთია ვადების საკითხი. მთავრობას უნდა, რომ უცებ არ შემოვიდეს ყველა რეგულაცია და ჩვენ ამას დავეთანხმეთ. ასე, რომ ამ მხრივ არც თამბაქოს ინდუსტრიას და არც სარეკლამო და სხვა ინდუსტრიას, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოსთან, არ ექნება შეფერხებები. ასევე, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს ექნებათ დრო, რათა მთელი წლის განმავლობაში მოამზადონ თავიანთი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, გუგული მაღრაძემ. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის მესამე განხილვისას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული უკმაყოფილება სადა, ე.წ. „სტანდარტიზებული“, შეფუთვის საკითხმა გამოიწვია. მათი განცხადებით, ამ საკითხზე მათ მთავრობასთან კონსულტაციები არ გაუვლიათ და ეს რეგულაცია საკომიტეტო განხილვებისას დაემატა.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ სადა შეფუთვის. უპირველესად, აღნიშნული ცვლილება არ იყო პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დამტკიცებული, პროცესუალური წესი არ იყო დაცული. ამასთან, მნიშვნელოვანია თვითონ შედეგი. კანონპროექტის ავტორთა თქმით, ამ რეგულაციის მიზანი მოწევის შემცირებაა. ავსტრალია ამის ნათელი მაგალითია, სადაც სადა შეფუთვა პირველად განხორციელდა, რამაც არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილის ზრდა გამოიწვია და ქვეყანამ 1,2 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. მოწევა კი, არ შემცირებულა. ამ რეგულაციის შემოღება გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში დასაქმებული, დაახლოებით, ათასი საშუალო დონის მენეჯერი და უფრო მაღალი დონის მენეჯერი, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიაში მუშაობს, დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ეს რეგულაცია, ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებასაც არღვევს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. ამიტომ ეს ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელი რეგულაციაა“, - განაცხადა ბრითიშ ამერიქან ტობაკოს კორპორატიულმა დირექტორმა,  ზვიად სხვიტარიძემ.

„თუ არ შემცირდება მოწევა და არ შემცირდება პროდუქტის გაყიდვა, მაშინ რატომ ებრძვიან ისინი ასე გამძაფრებით ამ უმარტივეს ღონისძიებას“, - ასე პასუხობენ თამბაქოს ინდუსტრიას თამბაქოს კონტროლის ალიანსში. მათი მტკიცებით, სადა შეფუთვა თამბაქოს მოხმარებას საგრძნობლად შეამცირებს, რასაც კვლევებიც ადასტურებს.

„სადა შეფუთვას მოდიდან გადაჰყავს თამბაქოს მოხმარება. სადა შეფუთვა ნიშნავს, რომ არავის მოეწონება ლამაზ კოლოფებში ჩადებული შხამი. რეალურად კი, შხამი ჩაიდება ისეთ კოლოფში, როგორშიც უნდა იდოს. ეს, უპირველესად, არის ყველაზე ეფექტური ღონისძიება ბავშვებისთვის, დამწყები მწეველებისთვის. ტყუილია თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტი, რომ ეს რეგულაცია არ მოქმედებს თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებაზე. მაგალითად, ავსტრალიამ, როგორც კი შემოიღო სადა შეფუთვა, პირველივე წელს 3%-ით შემცირდა მოხმარება და, რაც მნიშვნელოვანია, ძალიან მკვეთრად შემცირდა ახალგაზრდებში მოხმარება. ეს პროცენტი კი, კიდევ უფრო იმატებს. შესაბამისად, სადა შეფუთვა ეს არის უაღრესად ეფექტური მეთოდი თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის“, - განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა, კახა ღვინიაშვილმა.

„ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ამ კანონპროექტის მტრები. ინტერესებში შედის, რომ, რაც შეიძლება, გაიწელოს პროცესი. მაგალითად, მთავრობის მხრიდან ნორმატიული აქტების მიღების პროცესი. იმედია, მთავრობა მითითებულ ვადებში ჩაეტევა. თუ გახანგრძლივდა პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თავის საქმეს აკეთებს. ჩვენს ინტერესებშია, რომ კანონი სრულფასოვნად ამოქმედდეს და მოსახლეობამ, ერთხელ და სამუდამოდ, ირწმუნოს, რომ ამ ქვეყანაში მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უფლება გააჩნიათ“, - განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ.

გიორგი ბახტურიძის თქმით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან კანონპროექტის აღსრულების პროცესს.  
 

ახალი ამბები