კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა სოფრომაძე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მარტო ერთი სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის

22 მაისი, 2017
 ლანა გიორგიძე

17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვას სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით. უჩა ნანუაშვილის თქმით, საკითხზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები არამხოლოდ ერთმა სამინისტრომ მოაგვაროს, არამედ სახელმწიფომ სისტემურად იბრძოლოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

„ჩვენ გვინდა, რომ სამუშაო შეხვედრების შედეგად მივაღწიოთ მინიმუმ იმას, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა. იმისათვის, რომ დარგი დანაწევრებულად არ განვითარდეს, უნდა არსებობდეს ერთიანი სამოქმედო სტრატეგია“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ფსიქიატრიული კლინიკების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სასაუბროდ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წელს უკვე მეორედ შეიკრიბნენ და წინა შეხვედრის შედეგებზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პერსპექტივების შესახებ. მათ შორის, დაფინანსების მეთოდოლოგიაში, კერძოდ ბავშვთა ფსიქიატრიული დახმარების კუთხით განსახორციელებელი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

„ასეთი ფორმატის შეხვედრაში ჩვენი სამინისტროს მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ღია ვართ სათანამშრომლოდ სხვადასხვა ორგანიზაციასთან თუ სტრუქტურასთან. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს გადასაწყვეტი პრობლემა, არამედ იგი საჭიროებს გლობალურ მიდგომას. ჩვენ წინა შეხვედრაზე გამოვყავით საკითხთა ის ნუსხა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ, კომპეტენციის ფარგლებში, გადავჭრიდით აღნიშნულ პრობლემებს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

სოფრომაძის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებიდან არის ზოგი პრობლემა, რომელთა გადაჭრას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ შეძლებს. 
„გამოვყოფ რამდენიმე პრობლემას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებიდან: პირველი ეს არის ბავშვთა ფსიქიატრია, მეორე - დაფინანსების მექანიზმი და მესამე - რეჰოსპიტალიზაციის საკითხი.  ბავშვთა ფსიქიატრია ყველაზე სენსიტიური ნაწილია ფსიქიატრიის, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებას ყველაზე დიდ ყურადღებას დავუთმობთ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 
შეხვედრაზე ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესის საექსპერტო შეფასების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კვლევის ანგარიშზე და შედეგები დაინტერესებული  საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

„ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან ორი მათგანი უკვე პრივატიზებულია. ასევე იგეგმება სხვა დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესი. სახელმწიფო არ იყო მზად ამ პროცესში სრულფასოვნად ჩასართავად, არ იყო გაანალიზებული რისკები და სარგებელი. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი ემსახურება მიზანს, გაარკვიოს, როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა არის ინვესტორების სტრატეგიული გეგმები. კვლევამ ბევრი საკითხი მოიცვა და წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალედ არ წარმართულა“, - აღნიშნა ნინო მახაშვილმა. 

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევები, მათ შორის სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების, ალტერნატიული სათემო სერვისების განვითარების საკითხები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ არსებული პრობლემის გადაჭრაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის თემას. ასევე, დაწესებულებების გაერთიანებისა და მათი ოპტიმიზაციის პროცესს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინვესტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის აუცილებლობას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შშმ ბავშვების მშობლებმა მთავრობის 2017 წლის პროგრამა გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ ბავშვების მშობლები ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას უშლის ხელს.  ჯანდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პაციენტების საკეთილდღეოდაა შემუშავებული.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელის, მანანა შარაშიძის განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს”, რომლის მიხედვითაც, მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შემცირდა, არ მომატებია თანხები თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტს, ხოლო გლდანის, ბედიანის, ქუტირის, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებს დაფინანსება გაეზარდათ.

შარაშიძის განმარტებით, 2017 წელს  უარი განაცხადეს მწვავე შემთხვევების სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც ახორციელებდა კერძო საავადმყოფოები. ცვლილება არ ეხება რეფერალურ საავადმყოფოებს. წინასწარი მონაცემებით, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.

სახალხო დამცველის მიერ გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკითხით დაინტერესებული პირების შენიშვნები სამინისტრომ გაითვალისწინა და ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში საწოლების მცირე რაოდენობის პრობლემა გადაიჭრა. მეტიც, მინისტრის მოადგილის თქმით, ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება სამაგალითოდ ემსახურება ბავშვებს. სოფრომაძემ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი დაუგეგმავი ვიზიტისას, მან დაინახა, რომ ბავშვების მკურნალობა, მოვლა და კვება მაღალ დონეზეა: „პირველი მაისიდან ეს პრობლემა გადაჭირილია, თუმცა ამის გაფორმებას დრო სჭირდება და მიმაჩნია, რომ მალე დაამტკიცებს მთავრობა ამ ცვლილებას.“

ზაზა სოფრომაძის თქმით, სამინისტრო ფსიქიატრიულ ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად 1 ივნისიდან სხვა ცვლილებებს გეგმავს. ღონისძიება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს მსგავსი ფორმატის შეხვედრების მხარდაჭერას, რაც შესაძლებელს გახდის სფეროში არსებული პრობლემების თანმიმდევრულ გადაჭრას.

ახალი ამბები