კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობა თვითმმართველობის წინააღმდეგ

22 მაისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ საკითხის განხილვა ვიდრე საკრებულოს კენჭისყრაზე დადგებოდა, მანამდე ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირებით წარიმართა. დეპუტატების იმ ნაწილს, ვინც 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინააღმდეგი იყვნენ საპირისპირო აზრზე მყოფი დეპუტატებისგან მოითხოვდნენ, რომ არგუმენტირებულად განემარტათ თუ რატომ უჭერდნენ მხარს  მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. 

,,ამ გაერთიანებით ქ. გორს აღარ ეყოლება 15 წევრისგან შემდგარი საკრებულო, ხოლო იმ დოკუმენტში, რასაც დღეს საკრებულომ კენჭი უყარა, არ წერია გაერთიანების შემდეგ როგორი იქნება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო", - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ როსებაშვილის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის მოწონებას ეყარა კენჭი, რომლსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს პარლამენტში წარსადგენად. როსებაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებას ფორმალური დატვირთვა აქვს და გადამწყვეტი ხმა პარლამენტს ეკუთვნის.

საკითხის კენჭისყრის დროს საკრებულოს ცხრა დეპუტატმა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი საკრებულოს ოთხი წევრი წავიდა. 

საკრებულოს სხდომას არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. სხდომის მიმდინარეობის დროს იყო რეპლიკები და კამათი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა გაერთიანდეს 2014 წელს გაყოფილი თვითმმართველი ერთეულები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ პარტიული და არალეგიტიმური გადაწყვეტილება მიიღო.  

ალექსი მერებაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი:,,ქალაქ გორის საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, რომლებიც დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, სამწუხაროდ, ატარებენ ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ინტერესებს, ნაცვლად იმისა, რომ მათ გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მათ მიერ გაკეთებული მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით იყო ძალიან ზედაპირული და არგუმენტებს მოკლებული. რაც მთავარია საკითხის მომხრე საკრებულოს წევრების მოსაზრებები არ ეყრდნობოდა მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგებს, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდება მოსახლეობასთან აუცილებელი კონსულტაციის საფუძველზე. შესაბამისად, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.“

ქალაქის საკრებულოს პარალელურად აღნიშნულ საკითხს იხილავდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. სხდომა ხმაურითა და ურთიერთსაპირისპირო არგუმენტებით მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარს უჭერდა, საკრებულოს მოადგილე კი არა. კენჭისყრის დროს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 16 - მომხრე და 11- წინააღმდეგი.

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,გაერთიანების მოდელს და დაუჭირე მხარი, ეს იყო სამწლიანი მოდელი ექსპერიმენტის სახით და დაინახეს რომ არ გაამართლა ამ მოდელმა ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება რომ უკეთესი იქნება, რომ გაერთიანდეს ერთ მუნიციპალიტეტად, გაერთიანების შედეგად დაზოგილი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება".

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თემურ გიგუაშვილის განცხადებით საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადგინდა რომ დღეს გორში თვითმარქვია თვითმმართველობა ,,ჩვენ ვართ თვითმარქვია თვითმმართველები. არანაირი თვითმმართველობა ეს არ არის, როდესაც არჩევის დღიდან ჩვენს საქმიანობაში ერევა გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ იქნება ნაცნობი სიტუაცია, როდესაც ნაკლები თანხები იხარჯებოდა სოფლებში და ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ქალაქის საჭიროებებს ხმარდებოდა", - განაცხადა გიგუაშვილმა.

არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალიტეტის გაერთიანებას არ უჭერენ მხარს, გორის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. 

ახალი ამბები