კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტის გამოძიების თაობაზე

26 მაისი, 2017
 
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ორგანიზაციის იურისტები უკვე ოფიციალურად ჩაერთნენ საქმეში და ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის - გენერალური აუდიტორის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტის მიჩქმალვის მცდელობით, რაც იკვეთება საგამოძიებო ორგანოების განცხადებებიდან და თანმდევი მოვლენებიდან. 
 
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ზოგადად - პარლამენტი, პრაქტიკულად, არ დაინტერესებულა მომხდარით, არ შეხვედრია გენერალურ აუდიტორს და არ გამოხმაურებია მისი ცემის ფაქტს, მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საპარლამენტო მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს.
 
გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას 13 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა. ეს თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას. ამ დროს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრს მიუღებლად მიაჩნია, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. 
 
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო მყისიერი განეიტრალებისთვის. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა. 
 
იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა,  ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ ამ ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით. ვინაიდან გამოძიება ამ დრომდე დროულად და ეფექტურად არ მიმდინარეობს, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში  უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ასევე, მნიშვნელოვანია, ეფექტური საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე, რაც უნდა წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები