კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის ვიცე-მერის ბავშვების ძიძამ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო

20 ივნისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ გორის ვიცე-მერის საცხოვრებელ ბინას ნიღბიანები დაესხნენ თავს და დააყაჩაღეს. თავდაპირველი ვერსიით, დაყაჩაღების დროს დროს, სხეულის დაზიანება მიიღო გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ბავშვების ძიძამ. სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს. სამართალდამცველებმა ფაქტზე საქმე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აღძრეს, რაც საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევასა და ყაჩაღობას გულისხმობს.
 
მომხდარიდან 24 საათში  შსს-მ ფაქტი გახსნილად გამოაცხადა და ყაჩაღობის ინსცენირებაში ბავშვების ძიძა დაადანაშაულა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა. ამის შემდეგ  საძინებელ ოთახში გავიდა იატაკზე, ბავშვების საწოლთან, დაჯდა და დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თითქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ", - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს ინფორმაციით,  ძიძა  აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით.

არც გორის ვიცე-მერი და არც მისი ბავშვების ძიძის ოჯახი ჟურნალიტებთან კომენტარს არ აკეთებენ. შსს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით მიმდინარებს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გორის ვიცე-მერის ბავშვების ძიძა არ არის დაკავებული, მომხდარის მიუხედავად, გოგა რაზმაძესა და მის ოჯახს ძიძის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.  

ახალი ამბები