კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პირებს საბანკო სექტორში მომსახურების მიღებისას პრობლემები ექმნებათ

28 ივნისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის ქუჩებში შშმ პირ სოსო ქუმელაშვილს გადაადგილებისას არაერთი სირთულე ხვდება. 27 ივნისს ქუმელაშვილმა ბარიერები გაიარა და პრეზენტაციას დაესწრო, სადაც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშის წარდგენა ამავე აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა ობოლაძემ გააკეთა.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა ვერ ხდება, რაც მათ საზოგადოებისგან იზოლაციას უწყობს ხელს. ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტრანსპორტის, ფიზიკური გარემოს და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში არსებული გამოწვევების მხრივ მკვეთრი გაუმჯობესება არც ერთი მიმართულებით არ მომხდარა. მთავარი პრობლემების ჩამონათვალში კვლავ მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტიების არარსებობა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები. 2016 წელს საჯარო სექტორში მხოლოდ 52 შშმ პირი იყო დასაქმებული, ხოლო კერძო სექტორში 32, ეს რიცხვიც კი სახალხო დამცველის განცხადებით მეტყველებს, რომ, რეალურად, ამ კუთხით სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. 
,,ანგარიშში სრულად იყო ის პრობლემები ასახული, რასაც ვაწყდებით ქუჩაში გამოსვლისთანავე, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება გვიჭირს, რაც შენობების ადაპტირებასთან არის დაკავშირებული. გარემოს ადაპტაციის კუთხით უმნიშვნელოდ არის შეცვლილი მდგომარეობა”, - აღნიშნა სოსო ქუმელაშვილმა.

შეხვედრას შშმ პირები, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით გურგენიძე, რომელიც უსინათლოა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს იმ პრობლემაზე ესაუბრა, რასაც საბანკო სექტორთან ურთიერთობისას აწყდება. 

,,როდესაც გვინდა, კრედიტის აღება, ან რამის ყიდვა განვადებით, ყოველთვის ვაწყდებით პრობლემას საბანკო სექტორთან ურთიერთობისას, რადგან მე მხედველობითი დამწერლობა არ ვიცი. ისინი მოითხოვენ მეურვეს ან პირს, რომელსაც მინდობილობა ექნება და კარგი იქნება თუ შშმ პირებისთვის საჭირო სერვისები დაინერგება საბანკო სექტორში",  - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირინა ობოლაძის განცხადებით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და სახელმწიფომ მოაგვაროს ის პრობლემები, რომელსაც შშმ პირები ხვდებიან. 
,,იყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მწვავედ დგას ადგილზე. კერძოდ, ეს არის სოციალური საკითხები, ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან იქნა დაყენებული, საბანკო სექტორთან არსებულ ბარიერებს ეხება, კონკრეტულად, ,,ლიბერთი ბანკს".  ჩვენ მოვინიშნეთ ყველა ეს საკითხი და მის მოსაგვარებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - განაცხადა ირინა ობოლაძემ.

შშმ პირების მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს თან ახლავს სახალხო დამცველს რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მისამართით. ძირითადი რეკომენდაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს ეკუთვნის.

ახალი ამბები