კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე პატიმარი საქმის ხელახალ გადასინჯვას ითხოვს

1 აგვისტო, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე ერთ კვირაზე მეტია, შიმშილობს. მსჯავრდებულმა ადამიანის უფლებათა ცენტრს წერილობით მიმართა. მისი განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე გააგრძელეს, სანამ მისი საქმე ხელახლა არ გადაიხედება. პატიმარი სასჯელს 2007 წლის 1-ლი აგვისტოდან იხდის. მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.
თამარ ტალიკაძე გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი  ქმედებისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის - ,,ამნისტიის შესახებ” - თანახმად, მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელი (20 წელი) შეუმცირდა 1/3-ით. საბოლოოდ,  თამარ ტალიკაძეს მოსახდელ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წელი და 4 თვე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, თამარ ტალიკაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამრთლის საქმეზე გამოძიება წარმოებულია არაერთი დარღვევით, გარემოებათა გამოკვლევა არ იყო ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. იუსრისტმა, თამარ ტალიკაძის საქმე, ახლიდან გადასინჯვის მოთხოვნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადააგზავნა.

მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი აზრით, განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. მსჯავრდებული წერილში დეტალურად იხსენებს დაკავების დღეს განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რაც, მისი აზრით, საქმის ხელახალი გადასინჯვის საჭიროებებს განსაზღვრავს.

როგორც თამარ ტალიკაძე აღნიშნავს, ის და მისი მცირეწლოვანი შვილი (მაშინ 12 წლის იყო) საქართველოს საზღვართან მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის რესპუბლიკიდან ბრუნდებოდნენ.

„გზაში შეგვხვდა ნაცნობი ქალი, რომელიც ქ. სტამბოლში მუშაობდა, ის თავის მეგობარ ქალთან [ვინმე ეკასთან] ერთად იყო, რომელსაც მე არ ვიცნობდი. სარფის საზღვრამდე ვიმგზავრეთ ერთად. საზღვართან ჩემს ქალიშვილს გადასცა საბავშვო ჩანთა და სთხოვა, ცოტახნით შეენახა, ვინაიდან ბევრი ბარგი ჰქონდა და განუცხადა, რომ ჩანთას საქართველოს საზღვართან გამოართმევდა. საქართველოს საბაჟო ჯერ ჩემმა ქალიშვილმა გაიარა, მე განბაჟებას ველოდებოდი. ბავშვი წყლის დასალევად წავიდა და რამდენიმე წუთში ის ორ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა. ისინი სოდის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. მათ განმიმარტეს, რომ უნდა გავყოლოდი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ჩემს ნივთებში არაფერი საეჭვო არ აღმოჩნდა, ხოლო საბავშვო ჩანთაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ჰეროინი“, - იხსენებს წერილში მსჯავრდებული. თამარ ტალიკაძის თქმით, “სოდის” თანამშრომლებმა მათ ახსნა-განმარტებებს ყურადღება არ მიაქციეს და არაფერი გაუკეთებიათ რეალური დამნაშავის დასაკავებლად. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, თამარ ტალიკაძეს ბრალი დაედო ისე, რომ მისი, როგორც აღმასრულებლის, მონაწილეობა აღნიშნულ ბრალდებაში არანაირად არ დასტურდება. 

„გამოძიებას არ უცდია, დაედგინა ხელჩანთის ნამდვილი მეპატრონის ვინაობა. ასევე, არ დაუდგენია, იყო თუ არა მოწმის მიერ დასახელებული სახელების მქონე პირები თურქეთიდან საქართველოში შემომსვლელ პირთა სიაში. აღნიშნულის დადგენის შემდეგ, შესაძლებელი გახდებოდა, სურათების მიხედვით, ამოცნობის ჩატარება, რითაც დადასტურდებოდა თამარ ტალიკაძის უდანაშაულობა. ასევე, ჩხრეკისას ამოღებულ სუნამოს ყუთსა და პაკეტს, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, არ ჩატარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა იყო თუ არა თამარ ტალიკაძის თითის ანაბეჭდები აღნიშნულ ნივთიერ მტკიცებულებებზე. აღნიშნულ საქმეში ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებები და მარიამ ტალიკაძის (თამარ ტალიკაძის შვილი) ხელჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება. ვფიქრობთ, აღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა არასაკმარისია თამარ ტალიკაძის ბრალის დასამტკიცებლად“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ასევე, დგინდება, რომ იმავე ადგილზე, იმავე ბრალდებით, სხდასახვა დროს დაკავებული პირების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებს პიროვნება - სახელით, „ეკა“, რომელიც არის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის მიზეზი: „საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ერთი და იმავე გამომძიებლის მიერ, ფიგურირებს ერთი და იგივე პროკურორი, მოსამართლე და სახაზინო ადვოკატი. აღნიშნული ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში პიროვნება, ვინმე „ეკა“, მოქმედებდა ვიღაცის დაკვეთით და ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული თამარ ტალიკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ის შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ის ითხოვს შეხდევრას სახალხო დამცველთან, პროკურატურის წარმომადგენელთან (ირაკლი ნადარეიშვილთან),  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ეკა ბესელიასთან, მამუკა მდინარაძესთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის საპარლამენტო მდივანთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან.

ახალი ამბები