კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

15 აგვისტო, 2017
 
reginfo.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფინანსო კომპანია "საქართველოს" ფაქტობრივ მმართველს მერაბ ფერაძეს 10 წლით, მის მეუღლეს თამარ მეტრეველს 7 წლით, ხოლო კომპანიის დირექტორს - თამაზ ლობჟანიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მათ 2-2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების უფლება.
 
საქმის მასალების თანახმად, შპს "საფინანსო კომპანია საქართველომ“ მოქალაქეებისგან ჯამში სესხის სახით 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო აიღო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება.

ბრალდების თანახმად, მერაბ ფერაძისა და თამარ მეტრეველის წაქეზებით, თამაზ ლობჟანიძემ, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა კომპანიაში მოქალაქეთა მიერ ანაბრების სახით შეტანილი თანხები. შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2343 მეანაბრეს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მერაბ ფერაძის მხრიდან, თამაზ ლობჟანიძის წაქეზება სადავო თანხების გაფლანგვის ბრალდების საქმეში. შედეგად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, მერაბ ფერაძეს 10 წლით, ხოლო თამაზ ლობჟანიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. თამარ მეტრეველის შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარების ბრალდების საკმარისი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ მეტრეველს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
 
სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულები არ აღიარებდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას.
 
„საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული პრობლემების შესახებ მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 20 სექტემბრის N431-1კ განკარგულებით, კომპანიას აკრძალვები და შეზღუდვები დაუწესა.
 
ეროვნული ბანკის განმარტებით, შპს „საფინანსო კომპანია საქართველო" მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.
 
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას, 2016 წლის 3 ოქტომბერს, ლაგოდეხის რაიონში საპროტესტო აქცია მოჰყვა. ბიზნესმენ მერაბ ფერაძის კომპანიებში დასაქმებული 200–მდე პირი სოფელ აფენში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს იმ საბაბით, რომ თუ „საფინანსო კომპანია საქართველოსთვის“ დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების გაუქმება არ მოხდებოდა, ფუნქციონირების შეწყვეტდა სოფელ აფენში მოქმედი სამედიცინო ცენტრი და კიდევ რამდენიმე საწარმო, რომელსაც ბიზნესმენი მერაბ ფერაძე ფლობდა.
 
მერაბ ფერაძის საკუთრებაში იყო საფეხბურთო კლუბი „ჰერეთი“, ლიმონათის და სასმელი წყლის საწარმო, აფენში მდებარე რესტორანი, ლუდსახარში და სხვა კომერციული ობიექტები.
 
თამაზ ლობჟანიძე და მერაბ ფერაძე 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.

ახალი ამბები