კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა

13 სექტემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

15 სექტემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი სწავლას აღარ განაახლებს. კოლეჯმა 25-წლიანი საგანმანათლებლო საქმიანობა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეწყვიტა. დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაციის მოთხოვნაზე საბჭომ უარი მიმდინარე წლის 29 აგვისტოს უთხრა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი კანონდარღვევების გათვალისწინებით მიიღო. ამასთან, საბჭოს დასკვნის თანახმად, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი (საგანმანათლებლო პროგრამები; მატერიალური რესურსი; ადამიანური რესურსი) დარღვეული იყო. 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებით, სკოლა კანონით დადგენილი წესით, მიმართავს სასამართლოს, რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით.

„საავტორიზაციო პროცედურა მოიცავს 3 სტანდარტის - საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების სტნდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას. ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული სტანდარტები, თითქმის ყველა ქვესტანდარტის ჩათვლით, შეაფასა შემდეგი კომენტარებით: „კანონთან შეუსაბამოა“, „არასარწმუნოა“, „საეჭვოა“. საბოლოოდ კი, დასკვნა სუბიექტური შეფასებების ფონზე არის უარყოფითი შინაარსის. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის ბოლო ნაწილი კი, სადაც საუბარია სკოლაში არსებულ დადებით ატმოსფეროზე, დასაქმებულთა მაღალ კვალიფიკაციაზე, თანამშრომელთა მეგობრულ ურთიერთობებზე და მოსწავლეების ეროვნულ და საერთაშორისო დონის მიღწევებსა და წარმატებებზე, თავისი დადებითი შინაარსით, ჩრდილში აყენებს დასკვნაში გაწერილ უარყოფით შეფასებებს. სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა აღნიშნული დასკვნით ავტორიზაციის მინიჭება შეუძლებლად მიიჩნია და გვირჩია განაცხადის გამოტანა და ექვსი თვის შემდეგ ისევ ავტორიზაციის მაძიებლად განაცხადის შეტანა“, - ნათქვამია შპს დემირელის სახელობის კოლეჯის დამფუძნებელ პარტნიორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან.

„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა, ამავდროულად, ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, მიიღონ დემირელის კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები და გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ“, - აცხადებს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნატა ასათიანი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ, დემირელის კოლეჯში არსებული დარღვევების გამო, კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სანიკიძის თქმით, საქმე დანაშაულებრივ ქმედებას ეხება.

„აქ საუბარია ძალიან სერიოზულ გადაცდომებზე. ავტორიზაციის საბჭოს მიმდინარეობისას, სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ არ იზიარებს პასუხისმგებლობას და მიუთითებს დამფუძნებელზე, რომელიც უხეშად ერეოდა სკოლის საქმიანობაში. სწორედ ისინი აიძულებდნენ მას რომ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც ემსახურება განათლების აღიარებას ძალიან ბევრი მოსწავლისთვის“, - აცხადებს სანიკიძე.

სანიკიძის განცხადებას დემირელის სკოლის დირექტორი განცხადებით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სკოლის დამფუძნებლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა და სანიკიძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
„2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე. აღნიშნულ უარს მოჰყვა მასმედიის სხვადასხვა საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს წევრების კომენტარები, რომლებიც რიგ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია. 31 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ მედიასაშუალებებით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. სხვადასხვა სააგენტოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ სანიკიძე აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი გადამოწმება შესაძლებელია ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით. საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე, თუ როგორ ხდება სასწავლო წლის საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. აქვე აღვნიშნავ, რომ დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც უცხოელი მოსწავლეები უკვე სწავლობდნენ კოლეჯში და დაწყებული იყო განათლების აღიარების პროცესი, რომელსაც თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, განათლების სამინისტროთან ერთად“, - აცხადებს ნინო კავთიაშვილი.

შპს დემირელის სახელობის კოლეჯის დამფუძნებელ პარტნიორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ზემოთმითითებული მოვლენებით აშკარად იკვეთება ის ფაქტი, რომ შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მისამართით ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა, რაც თურქეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ არსებული პოლიტიკური ზეწოლის შედეგია“.

განცხადებაში ასევე საუბარია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა კოლეჯში და ხაზს უსვამს დემირელის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, პოლიტიკური მოტივით, დაკავების ფაქტს.

„გასული სასწავლო წლის პირველ დღეს, დემირელის სახელობის კერძო სკოლაში მოულოდნელად შევიდა ფინანსური პოლიცია და ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები და მასწავლებლები სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ, რის შედეგადაც, 100-მდე მოსწავლემ დატოვა სკოლა. 30 -მდე მასწავლებელი დაკითხეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯსა და მის მიერ დაფუძნებულ ორ სკოლაში დაიწყო შემოწმება, რის შედეგადაც, დემირელის კოლეჯს 1.200.000 ლარი, სხვა სკოლებს კი 500 000 ლარი დამატებითი გადასახადი დაეკისრათ. 2017 წლის თებერვალში ავტორიზაცია გაუუქმდა შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც ავტორიზაცია ერთი წლის წინ ჰქონდა მინიჭებული. საქართველოში არ შემოუშვეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეწილეები. ყადაღა დაედო კოლეჯის მატერიალურ-არამატერიალურ ქონებრივ სიკეთს, რამაც ხელი შეუშალა ქონებრივი წილების გასხვისებასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას. იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა კოლეჯის ტრადიციული შენობა, რომელსაც 24 წლის განმავლობაში იჯარით ვსარგებლობდით. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი, შენობის მესაკუთრემ, ეკონომიკის სამინისტროსთან წარმოშობილი სადავო საკითხის გამო, 1 მილიონი ლარის მოთხოვნით, კოლეჯის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. 2017 წლის 24 მაისს დაკავებულ იქნა შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში, ექსტრადაციის მოთხოვნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკვე აღინიშნა, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საქმე განსახილველად სასამართლოში გადაინაცვლებს, რადგან, კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.

ახალი ამბები