კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობა გამოვლილი ქალები და მათი უფლებები

28 სექტემბერი, 2017
 
ლანა გიორგიძე

საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად გენდერული თანასწორობის მიღწევა რჩება. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; მაღალია ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვი, ქალები წარმოადგენენ უმცირესობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ხშირია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უფლებადარღვევის შემთხვევები. 

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოჯახური ძალადობის შესახებ 2007-2014 წლების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა 1 102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2 223 პირით. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1 014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8), ხოლო დანარჩენ ოჯახში ძალადობებზე მთლიანად მოდის 10%.  

Human Rights Watch -ის 2015 წლის მსოფლიო ანგარიშის თანახმად, 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, საქართველოში 23 ქალია გარდაცვლილი, რაც სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011- 2013 წლებში 7 367 - მა გოგომ შეწყვიტა სწავლა სკოლაში, ამის მიზეზი კი ადრეული ქორწინებაა.

ის, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია და აქტიურ მუშაობას საჭიროებს, მოწმობს საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშიც - „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა.“
ანგარიშის თანახმად, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მიმდინარე საანგარიშო წელს, არსებითად არ შეცვლილა. 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის ეფექტური სერვისის მიწოდების და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტურად ჩართვის პრობლემა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

2016 წლის ანგარიშის მომზადებისას, თებერვალი-მარტის პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველმა პასუხისმგებელი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია გენდერული ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის ძალადობის პრევალენტური ფორმების, დამცავი მექანიზმების ეფექტიანობისა და ზოგადად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ტენდენციების გამოვლენისა და შეფასების მიზნით.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რაც, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს იმაზე, რომ  რომ ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებობს სისტემური ხარვეზი. კერძოდ, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ არ ხორციელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მისი გაანალიზება“, - აღნიშნულია სპეციალურ ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატმა, შესწავლის შედეგად, ასევე გამოავლინა, რომ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები მინიმუმ ძალადობის, თანაცხოვრების ფორმების, განმეორებითობისა და ხანგრძლივობის  მიხედვით იქნება გაანალიზებული და შეფასებული. შედეგად, არ არსებობს ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ძალადობის ფაქტის შემდგომ გამოცემულ დამცავი მექანიზმების ეფექტიანობის მონიტორინგს, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში ასევე მოხვდა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენის შესახებ ინფორმაციაც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აღნიშნული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს. 

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები.

ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.

გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:
ფიზიკური ძალადობა - შესაძლოა, გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება და ა.შ.;
ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება და ა.შ.;

ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში;
სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; თავს იკავებს და უარს ეუბნება სექსზე; აძალებს სექსს სხვებთან; აძალებს სექსს ჩხუბის ან ცემის შემდეგ; ექცევა როგორც საკუთრებას და აიძულებს სექსს იმიტომ, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, Humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ ყველაზე ხშირად მიმართავენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები. 

„ფიზიკური ძალადობის შემთხვევათა შეტყობინება ხშირად ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობის ეს ფორმა ყველაზე მეტადაა გავრცელებული.  ძალადობის სხვა ფორმათა გამოვლენის დროს სამართალდამცავები დაზარალებული ქალისგან მოითხოვენ მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ძალადობის მსხვერპლი ქალი, პირველ რიგში, ფიქრობს უსაფრთხოებაზე, რაც პრიორიტეტულია და არა - მტკიცებულებების შეგროვებაზე.

ის, რომ ძალადობის შესახებ არსებული ყველა მტკიცებულება უნდა შეინახოს დაზარალებულმა, ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ამას კი სახელმწიფოს მხრიდან ცნობიერების ამაღლება სჭირდება. თავად სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მიდგომა, რომ ისინი სტრესულ მდგომარეობაში არ აგდებდნენ დაზარალებულ ქალს და ეჭვი არ შეჰქონდეთ მის მონათხრობში. როცა დაზარალებული ვერ ამტკიცებს ძალადობის შემთხვევას, ყველას ჰგონია, რომ ის იგონებს, რაც ძალიან დამამცირებელია.  

გამოვლენისა და რეაგირების კუთხით პირველ ადგილზე ფიზიკური ძალადობა რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ძალადობა არ ხდება, თუმცა,  ქალებს არ აქვთ იმედი, რომ ამ შემთხვევებს გამოიძიებენ“, - აღნიშნა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ავალიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრსაც, უმეტესად, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები მიმართავენ.

„ძირითადად მოგვმართავენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები. თუმცა,  ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებიც მოგვმართავენ, რომლებიც, წლების განმავლობაში, მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან განიცდიდნენ ზეწოლასა და იძულებას. ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ დახმარებას, ვაწვდით დაზარალებულებს ინფორმაციას, რომ მათ შეუძლიათ, მიმართონ პოლიციას და მოითხოვონ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ამასთან მოითხოვონ დამცავი ორდერის გამოცემა, რასაც საქალაქო სასამართლო გასცემს - აღნიშნული მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმს. ყველაზე ხშირი მიმართვა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე ხდება. სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმია - განქორწინება და ბავშვისთვის ალიმენტის განსაზღვრა. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ მექანიზმს, ეს უკანასკნელი მოიცავს პროკურატურისთვის  და პოლიციისთვის მიმართვას. 

გვქონია შემთხვევა, როდესაც მიგვიმართავს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის შესახებ, მაგრამ ძალადობის მსხვერპლ ქალს შემდეგ უარი უთქვამს, ბოლომდე მიჰყოლოდა საქმეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4-მდე შემთხვევა მახსენდება, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალები მეუღლეებს შეურიგდნენ.

არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელი ან მოძალადის მეგობარია, ან ნათესავი, ან თვითონაა მოძალადე, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი დაცვის გარეშე რჩება და არ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი. პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. ორგანიზაციას ჰქონია რამდენიმე ფემიციდის საქმე, როდესაც პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, ამის შემდეგ კი, რამდენიმე საათში, მოძალადემ ქალი მოკლა. მიგვაჩნია, რომ პოლიციამ აუცილებლად უნდა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ დეკანოსიძის განმარტებით, ფემიციდის განმარტება არ არსებობს კანონმდებლობაში, რაც საკანონმდებლო ხარვეზია.

„ფემიციდი კვალიფიცირდება როგორც განზრახ მკვლელობა. ქალის მკვლელობა არავითარ გენდერულ სპეციფიკას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ქალის მკვლელობა ბუნებით განსხვავდება სხვა მკვლელობისგან. ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ როდესაც ფემიციდი ხდება, იგი დაკვალიფიცირდეს არსებული მუხლით და ასევე დაემატოს დისკრიმინაციული ნიშანი, თუმცა პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება.

საიას, ყოველდღიურად, 1300-დან 1500-მდე ქალი მომართავს, ცენტრალური და რეგიონული ოფისების სტატისტიკის თანახმად. მათგან უმეტესი არის ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. სხვა შემთხვევების დროს ქალები თავს იკავებენ მომართვისგან. როცა ძალადობა უკიდურეს ფორმას აღწევს, მაშინ მიმართავენ ქალები დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციას“, - აღნიშნა თამარ დეკანოსიძემ. 

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:

 მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
 შემაკავებელი ორდერი;
 დამცავი ორდერი

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის გახსნილი თავშესაფრები ცარიელია და კითხვას არავინ სვამს, თუ რატომ...

„მაქვს ინფორმაცია, რომ თავშესაფრები არის ცარიელი და იქ არავინ მიდის, კითხვას არავინ არ სვამს, რატომ... თუ ძალადობის მსხვერპლი თავშესაფარში არ მიდის, ე.ი. მას რაღაც სხვა სერვისი სჭირდება. სერვისების ნაკლებობა არის განმაპირობებელი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების. სწორედ იმიტომ, რომ ქალი არ გააძლიერეს, თუნდაც ფსიქოლოგის კონსულტაციით, სწორედ ის ქალი ამბობს უარს შეტყობინებასა და  ჩვენების მიცემაზე. დამნაშავის დასჯა არის პრიორიტეტული და პრევენციული, მაგრამ ისმის კითხვა, თუ როგორ იცხოვრებს ქალი, მით უმეტეს, თუ მას შვილები ჰყავს, არ აქვს სამსახური და არ აქვს შემოსავალი, შეინახოს ოჯახი.  სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მსგავს საკითხებზე.  პროკურორები და გამომძიებლები ვერ მუშაობენ ქალთან ეფექტურად, იმ დროს, როდესაც ქალთან არ მუშაობს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დასაქმების აგენტი. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურიდიულ დახმარებას უწევს ძალადობა გამოვლილ ქალებს, ჩვენ მათ არ ვუწოდებთ ძალადობის მსხვერპლებს, რადგან მიდგომა შეიცვალა. ჩვენი საქმეების უმეტესობა მიმართულია სახელმწიფოს უმოქმედობის წინააღმდეგ. გვინდა, რომ სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება გაიზარდოს მოქალაქის მიმართ“, - აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას ანა არგანაშვილმა.

გარდა სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებისა და რეკომენდაციებისა, საქართველოში 2016 წელს ვიზიტით მყოფმა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი არ არის ყოვლისმომცველი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც აწარმოებდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინირებას და მის ეფექტურ განხორციელებასა და მონიტორინგს.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

სწორედ არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 აგვისტოდან დაიწყო  პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ - განხორციელება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი 8 თვიანია და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

„პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ძირითად აქტორებთან - თემის ლიდერებთან (ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან, სოფლის რწმუნებულებთან, ლიდერ ქალებთან), სოციალურ მუშაკებთან (ჯანდაცვის სამინისტრო), პოლიციელებთან (შინაგან საქმეთა სამინისტრო), გენდერული ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სოციალურ მუშაკებთან თავშესაფრებიდან. პროექტი განხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, სადაც ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რეგიონებში; ასევე, თბილისში, სადაც ოჯაში ძალადობისა და ფემიციდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, პროექტს ექნება პირდაპირი პოზიტიური შედეგი ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც შესაძლოა, ამჟამად არიან, ან მომავალში გახდნენ ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის მსხვერპლები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების ეფექტურობის გაზრდას, რაც იქნება გარანტია ქალთა უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდება უფრო ეფექტური მექანიზმები (რეკომენდაციები მექანიზმების შესახებ) და მოხდება მათი ადვოკატირება ყველა ძირითადი აქტორის პროცესში მონაწილეობის გზით.

გარდა ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ადგილობრივი მედიასაშუალება მუშაობს. თუმცა, აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს ჩართულობისა და მისი რეალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ მოგვარდება, რაზეც ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თანხმდება. 

სტატია მომზადდა პროექტის “ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.

ახალი ამბები