კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'უბნის უფროსები' და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სხვა ტენდენციები

30 ოქტომბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესის მიმდინარეობას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდა: კახეთში უფლებადამცველები მონიტორინგს უწევდნენ საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მიმდინარე საარჩევნო პროცესს;  შიდა ქართლში კი ცენტრის დამკვირვებლები გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში იმყოფებოდნენ. 

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ საარჩევნო ყუთების გახსნასა და ხმების დათვლის პროცესს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირეს 3 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრები ნაკადის მოწესრიგების, კენჭისყრის პროცესში კონფიდენციალობის დარღვევისა და ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტებზე დაიწერა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა თელავისა და საგარეჯოს საოლქო კომისიებს წარუდგინა 2 საჩივარი.

დამკვირვებელთა შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება დაბალი კვალიფიკაცია. საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია მათი არაკვალიფიციურობითა და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების თქმით, პრობლემები მეტწილად აღირიცხა საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, სადაც, ერთი მხრივ, კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის, მეორე მრივ კი, ამომრჩეველთა დაბალი სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნის გამო, იქმნებოდა დაძაბულობა, ზოგიერთ უბანზე კი დაფიქსირდა დარღვევები.

მონიტორები მიუთითებენ, რომ საარჩევნო უბნებზე კვლავ კრიტიკულად შეიძლება შეფასდეს საარჩევნო კომისიების ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებით - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, სადაც კომისიის წევრები ხშირად მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. დამკვირვებლების განცხადებით, კომისიის წევრები, მიკერძოებიდან გამომდინარე, არღვევენ საარჩევნო კანონმდებლობას ან თვალს ხუჭავენ ამომრჩევლების მხრიდან კანონის დარღვევებზე. 

მაგალითად, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ დუზაგრამაში მყოფი დამკვირვებელი მიუთითებს, რომ კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა  ნომერი 41, რაზეც კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა კი, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. თუმცა, კომისიის წევრები თავდაპირველად უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. საგარეჯოს რაიონის სოფლებში განლაგებულ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვა დარღვევებიც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ეკა ლომიძე საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 39-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ დუზაგრამაში იმყოფებოდა. იგი აღნიშნავს, რომ საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრისაგან შეინიშნებოდა არაკომპეტენტურობა და დღის განმავლობაში საჭიროებდნენ მითითებების მიცემას.

„უბანზე შესვლისთანავე დავაფიქსირე, რომ ნაკადის  მომწესრიგებელი არ ახდენდა კენჭისყრის შენობაში შემომსვლელ პირთა იდენტიფიცირებას პირადობის მოწმობის წარდგენის გზით. შესაბამისი მითითების მიცემის შემდეგ გამოსწორდა მდგომარეობა. ასევე დღის პირველ ნახევარში ერთ-ერთ ამომრჩეველი ქალბატონი  ცდილობდა განმეორებით ხმის მიცემას. ნაკადის მომწესრიგებლის მიერ შესაბამისი ფანრის დანათებით მეშვეობით, დაფიქსირდა, რომ ამომრჩეველი უკვე იყო მარკირებული. კომისიის წვრებს, ასევე კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდათ მცდელობა, შემოეშვათ ამომრჩეველი, თითქოს მის გრაფაში ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული და მას, როგორც ექიმს, შესაძლოა, მარკირების სითხის მსგავსი ნივთიერება ჰქონოდა ხელზე.  ჩემ მიერ მითითება მიეცა კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც ბოლოს გადაწყვიტა, არ დაეშვა მოქალაქე უბანზე“, - აცხადებს ეკა ლომიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაჯამებელ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა საარჩევნო ტენდენციად იქცა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით,  შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებული არიან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების განცხადებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებულად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა. ისინი არ მალავდნენ, თავაინთ საქმიანობას: საარჩევნო უბნებთან თავისუფლად აღწერდნენ მოსულ ამომრჩევლებს და ესაუბრებოდნენ მათ. 

მართალია, საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების ყოფნას, მაგრამ ამის მიუხედავად, მონიტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

„თითქმის ყველა უბნის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ ე.წ. აგიტატორები და „უბნის უფროსები“, როგორც თვითონ უწოდებდნენ საკუთარ თავს. ისინი აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს. ე.წ. „უბნის უფროსები“ აცხადებდნენ, რომ დანიშნული იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ და საარჩევნო უბნის კონტროლი ევალებოდათ. ასევე, ფიქსირდებოდა თანამდებობის პირების ყოფნაც უბნენზე“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ნესტან ლონდარიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, ეს სისტემური პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. სოფლის ცენტრში ერთად იყო განლაგებული თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები. ამის გამო, აქ კენჭისყრის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა. იქვე, საარჩევნო უბნების გვერდით გახსნილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პარტიის მხარდამჭერები და აგიტატორები. ისინი აქტიურად ეკონტაქტებოდნენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში შესვლამდე. 

ეკა ქობესაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სადამკვირვებლო  მობილური ჯგუფის კოორდინატორს იყო თელავის #17 სააჩევნო ოლქში. 

„თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც აღმოჩნდა, ამ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო ველში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი. კომისიის თავმჯდომარემ განგვიცხადა, რომ რეგისტრატორი დაღლილი იყო და, ამასთან, მას უკვე ჰქონდა ერთი ახსნა-განმარტება დაწერილი, ამიტომ მეორე ახსნა-განმარტებას ვერ დააწერინებდა. ჩვენი დაჟინებული  მოთხოვნის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიაში დარეკა და იქიდან მიიღო მითითება, რომ ხელი არ შეეშალათ ხმის მიცემის პროცესისთვის. ამის შემდეგ ამომრჩეველმა შეძლო ხმის მიცემა, ხოლო კომისიის წევრმა კიდევ ერთი ახსნა-განმარტება დაწერა.  ჩანაწერთა წიგნში, ჩემ მიერ შენიშვნის  გაკეთებიდან, დაახლოებით, 20 წუთის გასვლის შემდეგ, იგივე რეგისტრატორთან განმეორდა იდენტური ფაქტი, მაგრამ ამ შემთხვევაში თავმჯდომარემ არ მისცა შესაძლებლობა ამომრჩეველს, რომ ესარგებლა ხმის მიცემის უფლებით. ამ შემთხვევაზე, ჩემ მიერ თავმჯდომარის სახელზე დაიწერა საჩივარი, როგორც უბანზე ისე ოლქში“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ეკა ქობესაშვილი.

23 ოქტომბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი დაესწრო. საჩივრის განხილვისას კენჭი უყარეს მისცემოდა თუ არა შენიშვნა კომისიის თავმჯდომარეს, ელზა აშიროვას. საოლქო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ელზა აშიროვას მიმართ დარღვევა არ დადასტურებულა.

ძირითად არგუმენტად განმარტეს, რომ საჩივარში არ იყო მითითებული იმ ამომრჩევლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, რომელსაც შეეზღუდა ხმის უფლება. ეს კი არ იძლეოიდა შესაძლებლობას, გადამოწმებულიყო, იყო თუ არა იგი ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული, რაც მათი განმარტებით მომჩივან დამკვირვერბელს ადგილზე უნდა გაეკეთებინა. საოლქო კომისიამ წარმოადგინა ორი ახსნა–განმარტება, კომისიის თავმჯდომარის და რეგისტრატორის, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს ამომრჩეველი არ იყო რეგისტრირებული საარჩევნო სიაში, რადგან მისი განმარტებით, შეიძლება თბილისში ყოფილიყო სიაში შეყვანილი, ხელმოწერა კი მის ძმას ეკუთვნოდა, რომელმაც ამ უბანზე მისცა ხმა, სადაც შეყვანილი იყო კიდეც სიაში“, - აცხადებს ლია ხუროშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი თამარ ლუკავა კენჭისყრის პროცედურებს აკვირდებოდა ახმეტის №18 საოლქო კომისიის შემადგენლობაში არსებულ 5 საარჩევნო უბანზე. მითითებული უბნები განთავსებული იყო პანკისის ხეობაში არსებულ სოფლებში - დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ხალაწანი, დუმასტური, ომალო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მშვიდი და სამართლიანი კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა პანკისის ხეობის სოფლებში, თუმცა აღინიშნებოდა ცალკეული ტიპის დარღვევები.

„დაახლოებით, სამი საათისთვის  გავედი უბნიდან, რათა შემემოწმებინა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია. სტენდი, სადაც გამოკრული იყო ამომრჩევლთა სია აღმოვაჩინე „ქართული ოცნების“ სააგიტაციო ბუკლეტი. აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით, მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მან აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განაცხადა, რომ მას ეხებოდა უბანზე არსებული სიტუაციის კონტროლი და არა უბნის გარეთ მიმდინარე მდგომარეობის კონტროლი. აღნიშნული შენიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პარტიის წარმოადგენელმა აღნიშნული ბუკლეტი გადახია“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი კაკუბავა.

„ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველს კაბინაში, დახმარების მიზნით, შეყვა მოქალაქე, რომელიც, ჩვენი დამკვირვებლის ვარაუდით, არ იყო რეგისტრირებული მითითებულ უბანზე, აღნიშნულზე საჩივრის დაწერა ვერ შევძელით, რადგან ვერ გავიგეთ  დამხმარე პირის ვინაობა, არც მოწმე გვყავდა ვინც დაადასტურებდა იგივეს“, - აცხადებს თამარ ლუკავა. 

მონიტორების შეფასებით, კენჭისყრის პროცესმა, ასევე, მშვიდ გარემოში ჩაიარა  გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებშიც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებდა, არჩევნები, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა და დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 25 დამკვირვებლით დააკვირდა. საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ და აშუქებდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-სა და ვიდეოპორტალის - hridc.tv-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ახალი ამბები