კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებზე გამოკვეთილი ხარვეზები და შედეგები გორის მუნიციპალიტეტში

31 ოქტომბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორში თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, არჩევნების პირველივე ტურში სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაიმარჯვა. მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 54,9%, 22947 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე 15,19%-ით, 6679 ხმით გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი. მესამე ადგილზე გავიდა გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ,,შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი დავით ონიაშვილი, რომელმაც 4 908 ხმა, 11.71% მიიღო. 

9,52%, 3 991 ხმა მიიღო ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა დავით მახნიაშვილმა, რომელიც მმართველ პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს. მერობის კანდიდატების ნაწილი არჩევნების გაყალბებაზეც საუბრობს, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი იოსებ სოსიაშვილი, რომელსაც ამომრჩევლების 3, 57%-მა(1 495 ამომრჩეველმა) დაუჭირა მხარი. სოსიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმში ბალანსი არ ჯდება.
 
ოქმებში ცდომილებაზე საუბრობს საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ილია მეტრეველი. საარჩევნო ბლოკმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბარიერი ვერ გადალახა. მერობის კანდიდატმა, ნანა ხიზანიშვილმა, 0.81% (340 ხმა) აიღო.
 
,,იმ უბანზე, სადაც ზუსტად ვიცოდით რომ ხმები გვქონდა მიღებული, შემაჯამებელ ოქმში 0 ხმა გვეწერა. იმ უბანზე ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ ხმას. როდესაც გავაპროტესტე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ 9 ხმა გვქონია აღებული, ეს რაც ზუსტად ვიცოდით, და რაც არ ვიცოდით, იქაც, ალბათ, უარესები ხდებოდა", - აცხადებს ილია მეტრეველი.
 
არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
 
კონსტანტინე თავზარაშვილი: „როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდი, მქონდა მოლოდინი, რომ ამ ბრძოლას პირველივე ტურში დავამთავრებდი და ასეც მოხდა". 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით „ქართული ოცნებას" გორის საკრებულოში 8 წევრი ეყოლება, შვიდი - კი ოპოზიციას. „ნაციონალურმა მოძრაობამ" სამი წევრი გაიყვანა, ორი წარმომადგენელი ეყოლება „ევროპულ საქართველოს", „შენების მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი" თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი გორის საკრებულოში. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, 25 მაჟორიტარული ოლქიდან 24-ში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთში კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა. გორის საკრებულოში სულ 40 წევრი შევა, აქედან კი, მთლიანობაში, 32-ს ,,ქართული ოცნება" შეიყვანს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, არჩევნებზე  მოქალაქეების თავისუფლი ნების გამოხატვაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული პარტიის კოორდინატორები ახდენდნენ.    
 
,,საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები, რაც გარკვეულწილად, ხელს უშლის, საარჩევნო პროცესში, მოქალაქეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას. საარჩევნო უბანზეც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ ოპოზიციური პარტიის სახელით იყვნენ დამკვირვებლები და წარმომადგენლები, რომლებიც გამოხატავდნენ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ხმების დათვლისას გამოცხადებულ შედეგებზე მათი დამოკიდებულების გამოვლენით",  -აცხადებს მერებაშვილი.

#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარი შევიდა, აქედან კომისიამ 26 განიხილა,  რადგან კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი საჩივარი უბანზე არაუფლებამოსილი პირისგან დაიწერა, მეორე საჩივარი კენჭისყრის პროცედურების დარღვევაზე პირდაპირ საოლქო კომისიაში შეიტანეს. 26 საჩივრიდან უმრავლესობა ,,საია"-ის და ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დაწერეს. საჩივრების დიდი ნაწილი, ძირითადად, საარჩევნო პროცედურების დარღვევას ეხებოდა. #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, საჩივრების დიდი ნაწილი კომისიამ დააკმაყოფილა. 

რამდენიმე უბანზე შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ ჯდებოდა, მათ შორის იყო სოფელ საქაშეთის #42 უბანი, სადაც შემაჯამებელ ოქმში მისულ ამომრჩევლებზე 106 ხმით მეტი ხმა იყო დაფიქსირებული. საია უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა და #42 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ახსნა-განმარტება წარმოადგინა. 

კომისიის წევრები ოქმში მოყვანილ მონაცემებზე წერენ, რომ  გორის მერობის კანდიდატს, კონსტანტინე თავზარაშვილს, 190 ხმის ნაცვლად - 119 ხმა უნდა ეწეროს, ასევე მერობის კანდიდატ ნანა ხიზანიშვილს 26 ხმის ნაცვლად უნდა ეწეროს - 2 ხმა.  შემაჯამებელ ოქმში ცდომილებაა ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზეც. 

საარჩევნო კომისიის უარის შემდეგ საიამ არაშენდას საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საჩივარი მოსამართლემაც არ დააკმაყოფილა, იმ მიზეზით, რომ საარჩევნო უბნის ხელახლა გადათვლა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. გორის რაიონული სასამართლოს შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა საპელაციო სასამართლოს პასუხიც პირველი ინსტანციის იდენტური იყო.  

ახალი ამბები