კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვესტორი თუ მერი - ვის დარჩება ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობა

31 ოქტომბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქ. გორის და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ  ერთ თვითმმართველ ორგანოს ორი ადმინისტრაციული შენობა რჩება. ერთი ქალაქის ცენტრში, სადაც გორის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და მხარის გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო განთავსებული, და მეორე ჭალის დასახლებაში, სადაც გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო იყო განთავსებული. რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრალური ადმინისტრაციული შენობიდან გუბერნატორის აპარატი ჭალის დასახლებაში მდებარე შენობის მეოთხე სართულზე განთავსდა.

ჭალის დასახლებაში ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა თავდაპირველად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის აშენდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილებისა და თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის აშენებულ შენობაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო განთავსდა. ქალაქის და თემის მართვის ორგანოების  გაერთიანების შემდეგ აქტუალური გახდა ადმინისტრაციული შენობების განკარგვის საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება  არჩეულ მერს არ გაუკეთებია, ადგილობრივ სახელისუფლებო წრეებში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ  შენობაში გორის მუნიციპალიტეტის მერია განთავსდება. ჭალის დასახლებაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში კი გადავა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
 
,,რესპუბლიკური პარტიის" წევრი ალექსანდრე ვალიაური მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების შემდეგ ერთი ადმინისტრაციული შენობის სრული დატვირთვა უნდა მოხდეს და ამით გამოთავისუფლდება ის თანხები, რომელიც მეორე  შენობის მოვლა-პატრონობაზე და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება.  

,,იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო სხვადასხვა შენობაში იქნება გადანაწილებული, ეს შექმნის ორ პრობლემას: პირველი - სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად, არაეფექტურად განკარგვა და  მეორე - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის იქნება დისტანცირებული კომუნიკაცია, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის.  თუმცა ამას გამართლებამაც შეიძლება, მოვუძებნოთ იმ კუთხით, რომ მერს უნდა წყნარად ცხოვრება და ამიტომ პოლიტიკურ- წარმომადგენლობითი ორგანო გადაჰყავს სხვა შენობაში, რათა მათი პროტესტი აიცილოს თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ 40 წევრიან საკრებულოში სულ შვიდი წევრია ოპოზიციური პარტიებიდან", -აცხადებს ვალიაური.

ალექსანდრე ვალიაურის თქმით, ჭალის დასახლებაში მდებარე ოთხსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში სავსებით შესაძლებელია,  საკრებულოსთან ერთად მერიის სამსახურების განთავსებაც.  იგი მომხრეა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა ინვესტორზე გაიყიდოს და ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხები შეიტანოს.

ალექსანდრე ვალიაური: ,,ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, თავის მოედნით, უნდა გაიყიდოს.  დაინტერესება უნდა მოხდეს ინვესტორის და  რომელიმე ცნობილი სასტუმროების ბრენდი უნდა შემოვიყვანოთ, რომელიც, თავის მხრივ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის".  

მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ერთ შენობაში განთავსებას მხარს უჭერს ვასილისა ჯაბახიძე, რომელიც საკრებულოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" შევიდა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ჯაბახიძე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ასახელებს. 

ვასილისა ჯაბახიძე: ,,აუცილებლად ერთ შენობაში უნდა იყოს მერია და საკრებულო. სხვადასხვა შენობაში არსებობა დამატებით ხარჯებთან ასოცირდება და ვფიქრობ, გორის მუნიციპალიტეტს არ აქვს უაზრო ხარჯების გაწევის საშუალება.   საკრებულო და მერია უნდა გადავიდეს ჭალის დასახლებაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობას, უნდა მოხდეს საინვესტიციო შეთავაზების გაკეთება და ინვესტორის დაინტერესება, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივები დასაქმდებიან". 

,,ქართული ოცნების" წარმომადგენელის, გელა კაპანაძის განცხადებით, არჩეული მერის და  საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გადაწყდება საკითხი.  გელა კაპანაძე თვითმმართველობის არჩევნებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. მისი თქმით, ჭალის დასახლებაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში საეჭვოა, რომ მერიის, საკრებულოს და მხარის გუბერნატორის აპარატის სამსახურები დაეტიოს. კაპანაძის თქმით, მისთვის, ამ დრომდე, უცნობია ინიციატივა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ინვესტორზე გასხვისებას ეხება. 

,,ეს საკითხი კომპეტენტურმა პირებმა და სამსახურებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა მიწევდა იმ შენობაში მუშაობა და და საეჭვოდ მეჩვენება, რომ იქ მერიისა და საკრებულოს სამსახურები განთავსდეს. მით უფრო, რომ მეოთხე სართული მხარის გუბერნატორის აპარატს აქვს დაკავებული", - განაცხადა კაპანაძემ. 

დღეისთვის, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ნაწილი სარემონტოა, ჩამონგრეულია შუშის გუმბათიანი დიდი სააქტო დარბაზი, ასევე წყალი ჩამოდის შენობის ნაწილში. ადგილობრივ ბიუჯეტში შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისი თანხები, ბოლო წლების განმავლობაში, ვერ მოიძებნა და მხოლოდ მისი ნაწილობრივი, არასრული რეაბილიტაცია ხდება.

ახალი ამბები