კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები და სისტემის გარეთ დარჩენილი ბავშვები

27 ნოემბერი, 2017
 
ლანა გიორგიძე

თავშესაფრების გადატვირთულობა, არასაკმარისი ვადა, ბავშვთა ფსიქოლოგის არარსებობა თავშესაფრებში, მომავლის იმედის დაკარგვა, სოციალური დახმარების შეწყვეტა თავშესაფარში ყოფნისას, თავის დაღწევა ძალადობრივი გარემოსგან, თუმცა - დროებით  -  ეს პრობლემათა ჩამონათვალია, რომელთაც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში ყოფნისას აწყდებიან. 

დ.კ. ძალადობის მსხვერპლი ქალია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო თავშესაფარში მოთავსებულიყო, განთავსდა ქვემო ქართლში მდებარე დედათა მონასტერში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო თავშესაფარი არ არსებობს.

„2017 წლის ზაფხულში გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის საქმე იყო ძალდობის ფაქტზე აღძრული. ძალადობის მსხვერპლი ვერ გადაგვყავდა სხვა რეგიონში, რადგან უნდა დაეკითხათ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, იგი საჭიროებდა ექიმის მეთვალყურეობას და უნდა ყოფილიყო ქვემო ქართლის რეგიონში. პრობლემა კი შემდეგნაირად გადავჭერით, იგი,  3 დღის განმავლობაში, მოვათავსეთ  ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე დედათა მონასტერში, ამის შემდეგ კი, როცა შესაძლებელი გახდა მისი წამოყვანა, ის გადაიყვანეს თბილისის თავშესაფარში. მონასტერში მისი განთავსება საფრთხის შემცველი იყო, რადგან იქ ყველას შეუძლია შეღწევა, და გარდა ფიზიკური საფრთხისა, შესაძლებელი  იყო, მასთან მისულიყო მოძალადე, ან მოძალადის ახლობელი და გასაუბრებოდა, რაც შემდგომში მის ჩვენებაზეც აისახებოდა. თუმცა, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვქონდა, რადგან ქვემო ქართლის რეგიონში არ არსებობს თავშესაფარი. მაშინ, როდესაც ძალადობის შემთხვევათა დიდი წილი, სწორედ, ქვემო ქართლის რეგიონში ხდება. ამჟამად, ფუნქციონირებს 5 სახელმწიფო თავშესაფარი და გვაქვს ინფორმაცია, რომ დაემატება კიდევ 2, თუმცა ქვემო ქართლის რეგიონში კვლავ არ განიხილება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა, რაც დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა humanrights.ge -სთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის ოფისის კოორდინატორმა, თამარ ლუკავამ.

ლუკავას თქმით, ზოგჯერ, ქვემო ქართლში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლები უარს ამბობენ თავშესაფარში განთავსებაზე, რადგან მათ უხდებათ რეგიონის შეცვლა, სხვაგან გადასვლა, ამიტომ ისინი საცხოვრებლად ნათესავებთან გადადიან. სახელმწიფო კი მათ სერვისს ვერ თავაზობს, სწორედ იმიტომ,რომ ქვემო ქართლის რეგიონში არ არის თავშესაფარი.

ის, რომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მოსახვედრად, გეოგრაფიული გადანაწილების კუთხით, პრობლემები იქმნება, მოწმობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაც. 

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ვერ განვათავსეთ თბილისში მდებარე თავშესაფარში, რადგან ადგილი არ იყო. მსხვერპლი გადამისამართდა რეგიონებში მდებარე თავშესაფრებში. აღნიშნული კი პრობლემას წარმოადგენს, რადგან რეგიონებში მსხვერპლმა უნდა გაიაროს ადაპტაცია, უნდა მოიძიოს სამსახური, რაც ადვილი არ არის. ამასთან, რეგიონში დასაქმების დიდი პერსპექტივაც არ არის. თუმცა, ამის გამო უარი თავშესაფრებში განთავსებაზე ძალადობის არცერთ მსხვერპლს არ უთქვამს.  რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლთა შვილებს, მათ რომ შეძლონ განათლების მიღება, საბუთები გადააქვთ კონკრეტულ რეგიონში“, - აღნიშნა humanrights.ge -სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ფსიქოლოგმა, ანა ჭიღვარიამ. 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის გახსნილი თავშესაფრები ცარიელია და კითხვას არავინ სვამს, თუ რატომ...
„მაქვს ინფორმაცია, რომ თავშესაფრები არის ცარიელი და იქ არავინ მიდის, კითხვას არავინ არ სვამს, რატომ... თუ ძალადობის მსხვერპლი თავშესაფარში არ მიდის, ე.ი. მას რაღაც სხვა სერვისი სჭირდება. სერვისების ნაკლებობა არის განმაპირობებელი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების. სწორედ იმიტომ, რომ ქალი არ გააძლიერეს, თუნდაც ფსიქოლოგის კონსულტაციით, სწორედ ის ქალი ამბობს უარს შეტყობინებასა და  ჩვენების მიცემაზე. დამნაშავის დასჯა არის პრიორიტეტული და პრევენციული, მაგრამ ისმის კითხვა, თუ როგორ იცხოვრებს ქალი, მით უმეტეს, თუ მას შვილები ჰყავს, არ აქვს სამსახური და არ აქვს შემოსავალი.   სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მსგავს საკითხებზე.  პროკურორები და გამომძიებლები ვერ მუშაობენ ქალთან ეფექტურად, იმ დროს, როდესაც ქალთან არ მუშაობს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დასაქმების აგენტი“, - განაცხადა ანა არგანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

“სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო, შემაკავებელი ორდერი და დამცავი ორდერი.

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006.

 „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის ეფექტური სერვისის მიწოდების და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტურად ჩართვის პრობლემა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში - „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სახელმწიფო ცხელი ხაზის მონიტორინგი ჩაატარა. 

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თავშესაფრებში მონიტორინგი პირველად ჩატარდა და მრავალი საინტერესო ასპექტიც გამოვლინდა. მონიტორინგის სამიზნე ჯგუფად თავშესაფრის ბენეფიციარები განისაზღვრა და მომსახურების ხარისხის შეფასებაც მათი გამოკითხვის შედეგებს დაეყრდნო. მონიტორინგი ჩატარდა სამ სახელმწიფო თავშესაფარში: თბილისში, გორსა და ქუთაისში. მონაცემების სრულყოფილად მოპოვების მიზნით, დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან, რომლის დაქვემდებარებულ სტრუქტურას წარმოადგენენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში -  „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში(2015)“.

თავშესაფარში მიიღება ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული, რომელსაც აქვს ასეთი საჭიროება.  თავშესაფრის შინაგანაწესის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ჩაითვლება ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და, რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, ან  სასამართლო ორგანომ (იგულისხმება დამცავი ან შემაკავებელი ორდერი), ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, თავშესაფრებში 2013-2014 წლებში შემაკავებელი ორდერის საფუძველზე 15 დაზარალებული განთავსდა, დამცავი ორდერის საფუძველზე - 1, იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ - 22, საპატრულო პოლიციის ოქმით - 9, ხოლო დაზარალებულად ცნობის საფუძველზე არცერთი ბენეფიციარი არ განთავსებულა.

„საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა რამდენიმე საქმე, სადაც საპატრულო პოლიციამ ძალადობის შემთხვევის არსებობისას, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაცვლად, კვლავ ხელწერილი გამოიყენა. ამასთან, მონიტორინგის დროს თითქმის ყველა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ თავშესაფარში მოხვედრამდე რამდენჯერმე ჰქონდა მიმართული როგორც საპატრულო პოლიციისათვის, ასევე უბნის ინსპექტორისათვის და მათი მხრიდან მხარდაჭერა არ მიუღიათ, ხოლო შემაკავებელი ორდერი პირველივე გამოძახების დროს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიწერა. დანარჩენებმა ხაზი გაუსვეს, რომ ძირითადად დამცინავი დამოკიდებულება იგრძნობოდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ერთ–ერთ მათგანს კი ისიც უთხრეს, რომ წასვლის შემთხვევაში მეუღლე ბავშვს წაართმევდა“, - აღნიშნულია სპეციალურ ანგარიშში.

ძალადობის მსხვერპლი, პოლიციელთა მხრიდან, ხშირად, დაცვის გარეშე რომ რჩება, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ავალიანიც საუბრობს.

„არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელი ან მოძალადის მეგობარია, ან ნათესავი, ან თვითონაა მოძალადე, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი დაცვის გარეშე რჩება და არ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი. პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. ორგანიზაციას ჰქონია რამდენიმე ფემიციდის საქმე, როდესაც პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, ამის შემდეგ კი, რამდენიმე საათში, მოძალადემ ქალი მოკლა. მიგვაჩნია, რომ პოლიციამ აუცილებლად უნდა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, თავშესაფრების მომსახურებით უმეტესად 24-დან 34 წლამდე პირები სარგებლობენ. თუმცა, 2013-2014 წლებში თავშესაფარში არასრულწლოვანი მსხვერპლებიც იყვნენ განთავსებული. 

რაც შეეხება თავშესაფრის დატოვების საფუძველს, იგი სხვადასხვაა: ვადის გასვლა, პირადი განცხადება, ინტეგრირება ოჯახში (მშობლებთან), ინტეგრირება ოჯახში (მეუღლესთან), გადავიდა ცალკე საცხოვრებლად, შიდა რეფერირებით (გადავიდა სხვა თავშესაფარში) და გაურკვეველი მიზეზები. 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ადმინისტრაციის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თავშესაფარში განთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ ხდება საქმის გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გაგრძელება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვადა 1 წლამდე გაგრძელებულა. 

„ბენეფიციართა გამოკითხვის შედეგად შემდეგი ვითარება გამოიკვეთა: უმრავლეს შემთხვევაში, თავშესაფარში მოთავსების კანონით გათვალისწინებული 3 თვიანი ვადა არასაკმარისია მსხვერპლის სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რადგან მათი უმრავლესობა ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა ძალადობრივ გარემოში და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ  თავის დასაღწევად. საურბისას თითქმის ყველა ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ თავს თავშესაფარში კარგად გრძნობს, თუმცა დღეებს ითვლის, რადგან არ იცის, თუ სად უნდა წავიდეს ვადის ამოწურვის შემდეგ. ხშირად მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა ისევ მოძალადე მეუღლის ოჯახში დაბრუნება. ცხადია, თავშესაფარი ვერ იქნება საჭიროების მქონე პირთა მუდმივი საცხოვრებელი, თუმცა ნაწილობრივ მაინც უნდა იქნას მოგვარებული ის პრობლემები, რომელთა წინაშეც სერვისით მოსარგებლე პირები იმყოფებიან“, - ნათქვამია სპეციალურ ანგარიშში - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში“.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სერვისების დატოვების შემდეგ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება, რათა თავიდან აიცილონ განმეორებითი ძალადობა.

„სხვა შემთხვევაში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, მსხვერპლი დროებით აღწევს თავს ძალადობრივ გარემოს, იწყებს რეაბილიტაციას და ვადების სიმცირის გამო ისევ ბრუნდება უკან, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თავშესაფარში მცხოვრებ პირევს უწყდებათ სხვა სახელმწიფო დახმარება იმ დრომდე, სანამ ისინი სერვისით სარგებლობენ, შემდეგ კი აღსადგენად რამდენიმე თვე არის საჭირო, ვინაიდან ხელახლა უნდა მოხდეს მდგომარეობის შემოწმება და სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველ პირებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ არ აქვთ არავითარი შემოსავალი იმისთვის, რომ იარსებონ.  ძალადობის მსხვერპლთა მყარი სოციალური გარანტიების არსებობა გარკვეულწილად პრევენციული ღონისძიება იქნება, რადგან მისცემს შესაძლებლობას დაზარალებულებს უფრო თამამად დატოვონ ძალადობის ადგილი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

გარდა მსხვერპლთა მდგომარეობის მონიტორინგისა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოიკითხა მსხვერპლთა შვილების მდგომარეობა თავშესაფრებში, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. 

„განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მონიტორინგის დროს, ერთ–ერთმა რესპოდენტმა გვაცნობა, რომ მის შვილს ვირუსული ინფექციის გამო ექიმმა ისეთი პრეპარატები გამოუწერა, რომლებიც თავშესაფარში არსებული მედიკამენტების ნუსხაში არ შედიოდა. პრეპარატის (ანტიბიოტიკის) მიღება აუცილებელი იყო დაუყოვნებლივ, თუმცა ხანგრძლივი პროცედურის გამო ბავშვს წამალი სამი დღის მანძილზე ვერ მიეწოდა.

ბავშვის უფლებათა კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვები მისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით. ასეთი ტიპის შეფერხებები დაუშვებელია, საჭიროა შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც ბენეფიციართა მედიკამენტებით დროულ უზრუნველყოფას გახდის შესაძლებელს. თავშესაფრებში ასევე არ ჰყავთ ბავშვთა ფსიქოლოგი და მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობა არ ხორციელდება. დირექციამ განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  ამ მომსახურებას მოზრდილთა ფსიქოლოგი გაწევს. გაუგებარია, ვინ დაადგენს საჭიროებას, თუ არ ხდება ბავშვის მდგომარეობის შეფასება. აუცილებელია, თავშესაფარში მოხვედრისთანავე მოხდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი გეგმის შემუშავება, რათა პატარებსაც ჰქონდეთ რეაბილიტაციის კურსზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვების სისტემის გარეთ არიან დარჩენილები“, - ნათქვამია ანგარიშში.
გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენლის, ხატია ჩიხლაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრებში მხოლოდ ერთი, მოზარდთა, ფსიქოლოგი მუშაობს, პრობლემა ამ კუთხით არ იქმნება.
„სასურველი იქნებოდა, ყოფილიყო ბავშვთა ფსიქოლოგიც, თუმცა მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ემსახურება თავშესაფარს. აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვებს არ ექმნებათ პრობლემა განათლების მიღებაში. ასევე ვეხმარებით მათ დედებს საზოგადოებაში ინტეგრირებასა და პროფესიის დაუფლებაში. სამსახურის მოძიება კი პრობლემას წარმოადგენს, რადგან ზოგჯერ, მსხვერპლთა უმეტესობას არ აქვს პროფესია, არ აქვს შესაბამისი განათლება. ამიტომ მუდმივი მუშაობა გვიწევს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ხატია ჩიხლაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ყველა თავშესაფარში არის სისუფთავე და სითბო, ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები. დაცულია სანიტარული ნორმები.  თავშესაფრის დებულებით, მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თავშესაფრების ადგილსამყოფელი კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება არ შეიძლება. მსხვერპლთა დაცვისთვის ასევე აუცილებელია რკინის კარი და 24 საათიანი დაცვა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ რეგიონებში მდებარე ყველა თავშესაფრის მდებარეობა ცნობილია პატარა ქალაქების სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ძნელია კონფიდენციალურობის შენარჩუნება. 

სტატია მომზადდა პროექტის “ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.

ახალი ამბები