სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში 4-14 დეკემბერს გაიმართა, ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის თავმჯდომარემ, ნინო ცაგარეიშვილმა სასამართლოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აგვისტოს ომის გამოძიებას ახლავს თან და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს თანამშრომლობისკენ, გამოძიების ეფექტურად წარმართვისათვის.
ნინო ცაგარეიშვილმა ხაზი გაუსვა, ასევე, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოუწოდა დაზარალებულთა ნდობის ფონდს მხარდაჭერის მანდატის გამოყენებისაკენ დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ისევე როგორც წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ნდობის ფონდს ნებაყოფლობითი ფინანსური შენატანების სახით, რათა ფონდმა შეძლოს სხვადასხვა სიტუაციის ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში დაზარალებულთა დასახმარებლად მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა დაზარალებულთა დროული და სრულფასოვანი ინფორმირების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ სასამართლოს, როგორც ნეიტრალური წყაროს მხრიდან და ამ კუთხით წევრი სახელმწიფოების მხრიდან სასამართლოსადმი შესაბამისი დახმარების საჭიროებაზე.
ნინო ცაგარეიშვილმა ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, არ შეამცირონ სასამართლოს მიერ 2018 წლისათვის წარმოდგენილი ბიუჯეტი, რათა სასამართლომ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა, მათ შორის, ადგილობრივი ოფისების ფუნქციონირება სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის ასამბლეაში მონაწილეობა ფინანსურად უზრუნველყო ფონდმა - „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ღია საზოგადოების ფონდების პროგრამამ - Open Society Justice Initiative.