კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობა სკოლებში - 'შემდეგი შეიძლება მე ვიყო'

25 დეკემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

ხორავას ქუჩის 4 ნომერს დღეს სისხლის კვალი აღარ ეტყობა, თუმცა 1 დეკემბერს განვითარებულმა მოვლენებმა კვალი ყველა ქუჩას, ყველა სკოლასა და მთლიანად ქალაქს დაატყო. თემის აქტუალურობას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. რა ხდება სკოლებში?! და როგორ დავძლიოთ ძალადობა არასრულწლოვნებში - ეს კითხვები, ფაქტია, პასუხებს საჭიროებს.

„დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

„მომავალი საფრთხეშია”, „შემდეგი შეიძლება მე ვიყო”, „ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს” - ამ გზავნილებით 51-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, სკოლასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. ხელისუფლების რეაგირებამაც არ დააყოვნა და განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის თქმით, ძალადობას შეურიგებელი ბრძოლა გამოეცხადა. 

როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა გვითხრა, ამ ეტაპისთვის  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მუშაობს. ჯგუფი მუშაობას რამდენიმე კვირაში დაასრულებს და საზოგადოებას, სკოლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, დაგეგმილ სამუშაოებს გააცნობს. მინისტრის განცხადებით, სკოლებში მანდატურის როლი გაძლიერდება და უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება. ამასთან, გაიზრდება სკოლის ფსიქოლოგების როლიც.

„რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია დავსახეთ. უპირველესად, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება. ასევე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, გვინდა, რომ მანდატურების სამსახურების ეფექტიანობა გავზარდოთ და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ კოორდინაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მანდატურის სამსახურს შორის და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივებს. ასევე, გავაქტიურდებით დანაშაულის პრევენციის მიმართულებით“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პირველად შემოწმდა.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა  ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან: ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; ასევე ხშირია მოსწავლეთა შორის ბულინგი; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით. არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

„იმ მასშტაბებიდან გამომდინარე, რაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ერთ უწყებას არ შეუძლია საკითხის მოგვარება. ამიტომ აუცილებელია მთავრობის მხრიდან კოორდინირებული მოქმედება, რათა ყველა იყოს ჩართული ამ პროცესის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერება; ფსიქოლოგების, ასევე მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების ჩართვა უფრო აქტიურად. ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, სადაც აუცილებელია ახლებური მიდგომა. მიზეზები უნდა ვიკვლიოთ, რა კვებავს ამ ძალადობასა და აგრესიას მოზარდებში. სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა იყვნენ, გარკვეულწილად, პრევენციაში ჩართული. მაგრამ, რა თქმა უნდა, განათლების სისტემას აქვს გაცილებით მეტი რამ გასაკეთებელი. ძალადობის მხრივ, მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, ეს არის დასკვნა, რომელიც ჩვენს ანგარიშს წითელ ხაზად გასდევს. ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრობლემაა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება. იგი დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება, განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება,რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ მოხდება სკოლებში მანდატურის როლის გაძლიერება. უფლებადამცველები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ შეიძლება, სკოლებში პოლიციური რეჟიმი დამკვიდრდეს, რადგან ეს მხოლოდ შიშს დანერგავს სკოლებში და პრობლემას არ აღმოფხვრის.

„ცალსახად, მიგვაჩნია, რომ მანდატურის ფუნქციები არ უნდა გაიზარდოს. იმიტომ რომ ბავშვებზე კონტროლის გაზრდა არ არის ის ღონისძიება, რაც ბავშვებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და კონფლიქტს თავიდან აგვაცილებს. მთავარი არის ცნობიერების ამაღლება, ბავშვებს თავიდანვე უნდა ასწავლიდნენ კანონსა და კანონმორჩილებას. ბავშვებს უნდა უხსნიდნენ კონკრეტული ქმედება რატომ არ უნდა ჩაიდინონ და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს. მანდატურის ფუნქციის გაზრდა შესაძლებელია ერთადერთი კონტროლის კუთხით, მანდატური სხვა უფლებამოსილებას ვერ შეითავსებს, თავისი კვალიფიკაციიდან და ცოდნიდან გამომდინარე. კონტროლის გაზრდა მხოლოდ შიშის დანერგვას გამოიწვევს და იქ, სადაც შიშია, ვერ ვისაუბრებთ დანაშაულის პრევენციაზე“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, ანა თავხელიძემ.

„პოლიციური სისტემა, მესმის, რომ ბავშვებისთვის დამთრგუნველია, მაგრამ ფაქტებია საკმაოდ რთული და მტკივნეული თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობას არ ეკისრება მხოლოდ სკოლას ან მარტო სახელმწიფოს. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა: მშობლიდან დაწყებული თითოეული ჩვენგანით დამთავრებული. სანამ ჩვენ გვაქვს სისტემა და მენტალიტეტი ბავშვებში ისეთი, რომ თანამშრომლობა უდრის ჩაშვებას, ეს არის სისტემა, როდესაც უკვე საპატრულო რეჟიმის დახმარება გვჭირდება. ეს არ გამორიცხავს სკოლებში ფსიქოლოგების აქტიურ მუშაობას. სკოლებში გარემო უნდა იყოს მიმღებელი და უსაფრთხო. მოზარდს უნდა შეეძლოს ნებისმიერ საკითხზე საუბარი სკოლის დირექციასთან და მასწავლებელთან. რამდენადაც გაიზრდება სოციუმის ღიაობა, იმდენად ღია იქნება მოზარდიც სოციუმისთვის“, - განაცხადა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო კერესელიძემ.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სკოლებში კომპლექსური და სისტემური მუშაობაა ჩასატარებელი, რათა ამაღლდეს მოსწავლეთა და პედაგოგთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ. 

ახალი ამბები