კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება

26 დეკემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

„დაინერგა სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით. შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ინიშნება. მსჯავრდებულის გადაადგილების მონიტორინგი სპეციალური სამაჯურის საშუალებით ხორციელდება. ამ ეტაპზე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვნებზე ვრცელდება. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება“, - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სიახლის დანერგვის შესახებ მოსახლეობას ვიდეორგოლის საშუალებით აცნობა. 

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მიმდინარე წელს განიხილა. როგორც ცვლილებათა პაკეტშია აღნიშნული შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა.

„ერთი მხრივ, ამით მსჯავრდებულს გავაკონტროლებთ, მეორე მხრივ, მას საშუალებას მივცემთ, არ მოწყდეს საკუთარ ოჯახს და ისე მოიხადოს სასჯელი. არსებობს მთელი რიგი დანაშაულებისა, როცა აუცილებელი არ არის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვაკონტროლოთ კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში და ასევე იმაზე, რომ განიტვირთოს ციხეები. ამის მიზანია პირის გარემოსთან მეტად ინტეგრირება“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების (1 ივნისი 2017 წ. №944-ІІს) თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან, სრულწლოვანი მსჯავდებულებისთვის ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, რომელიც შესაძლებელია, დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებითი სახის სასჯელად. შინაპატიმრობა შეიძლება, გამოყენებულ იქნას ნასამართლობის არმქონე პირის მიმართ 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება, დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე და ორ წელზე მეტი ვადითაც. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია, მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შინაპატიმრობა აღსრულდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - პრობაციის ბიუროების მეშვეობით. 

„შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, ხოლო იქ, სადაც შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრიდან უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში”, - განმარტავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ კანონის 44(8) მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური, რომელიც ჩაირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას მოხმარდება. ამავე კანონის შესაბამისად, შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა, შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამ ეტაპისთვის შემუშავების სტადიაზეა და ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანი მსჯავრდებული და მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება. 

შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის ალტერნატიული ფორმა, რამდენიმე წელია, ხორციელდება არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, შინაპატიმრობის ამოქმედების თარიღად არასრულწლოვანთათვის განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბერი. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ შინაპატიმრობა ეფექტურად მიმდინარეობს და ამ მოსაზრებას სტატისტიკური მონაცემებით ამყარებს.

„2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით აღსასრულებლად შემოვიდა 37 სამართლებრივი აქტი, საიდანაც - 33 შემთხვევაში სასჯელის აღსრულება განხორციელდა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, 4 შემთხვევაში ელექტრონული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების გარეშე, ოფიცრის მოულოდნელი ვიზიტებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, 37 საქმიდან 6 შემთხვევაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - პრობაციის ბიუროს წარდგინების საფუძველზე განხორციელდა შინაპატიმრობის შეცვლა სხვა სახის სასჯელით. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ შინაპატიმრობა ეფექტურად მიმდინარეობს, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ცირა ჭანტურია მიიჩნევს, რომ შინაპატიმრობის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ალტერნატიული, არასაპატიმრო სასჯელების სპექტრის გაფართოებისაკენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პატიმრობის გამოყენების შემცირებას. თუმცა, ისევე როგორც სხვა სასჯელების შემთხვევაშიც, ამ სასჯელის აღსრულებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სარეაბილიტაციო დანიშნულება, რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანი. როგორც ცირა ჭანტურია აღნიშნავს, არასრულწლოვნებთან ამ სასჯელის გამოყენების უკვე არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აუცილებელია სასჯელის სწორად შერჩევა, როგორც ჩადენილ დანაშაულზე პროპორციული და თანაზომიერი რეაგირება. 

,,იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენთან ინერგება შინაპატიმრობა, რეალურად წარმოადგენს რამდენიმე არასაპატიმრო სასჯელის კომბინაციას. მაგალითად, როგორიცაა შინაპატიმრობა/ქცევის შეზღუდვა, ელექტრონული მონიტორინგი და ჯარიმა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასჯელის აღსრულებისას ზედამხედველობის ფუნქციასთან ერთად რეაბილიტაციის მიზანი არ დაიკარგოს. ეს სასჯელი მსჯავრდებულს უვითარებს მეტ თვითონკონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და ეხმარება სასამართლოს მიერ დაკისრებული შეზღუდვების შესრულებაში, თუმცა აუცილებელია გარკვეული დახმარება და თანადგომა პრობაციის სამსახურის მხრიდან, რათა მსჯავრდებულის საჭიროებები სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია სასჯელის ამ ღონისძიების გამოყენება, როგორც პირისთვის სასჯელის შეფარდებისას, ასევე სასჯელის მოუხდელი ნაწილის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლისას“, - აცხადებს ცირა ჭანტურია.

შინაპატიმრობის აღსრულების პრაქტიკა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ასახავდეს ,,ელექტრონული მონიტორინგის შესახებ“ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2014)4-ში მოცემულ დანაწესებს. 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, - „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში.

ახალი ამბები