ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
17 იანვარს, ქალაქ გორში, №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს საბავშვო ბაღი გაქურდული დახვდათ. კერძოდ კი, დირექტორის სამუშაო ოთახში ორი ლეპტოპი და ერთი ტელევიზორი აღარ იყო. ბაღის დირექტორის ლალი ბაიაძის თქმით, საბავშვო ბაღის შენობაში შეღწევა შენობის უკანა მხრიდან, ფანჯრიდან მოხდა.
საბავშვო ბაღის შენობაში, მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდებოდა, რამაც სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია.
18 იანვარს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საბავშვო ბაღში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. შსს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.