კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსაბუთებელი უარი - აზერბაიჯანის მოქალაქეს, მცირეწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში არ უშვებენ

21 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

„ცოლ-შვილი უკვე ექვსი თვეა, არ მინახავს. ოჯახი ინგრევა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ოჯახს ვკარგავ. საქართველოში დატანჯული დავდივარ. ცოლ-შვილი აზერბაიჯანშია, მე - აქ. საქართველოში არ გამახარეს. სამართალი არ არის?!“ - გვიყვება ეთნიკურად აზერბაიჯანელი ლატიფ კოპჩიევი, რომლის მეუღლესა და შვილს, აინურ აღაიევსა და მაჰმად კოპჩიევს, საქართველოში არ უშვებენ.

ლატიფ კოპჩიევი საქართველოში დაიბადა, იგი საქართველოს მოქალაქეა, მისი მეუღლე კი - აზერბაიჯანის. ისინი საქართველოში 2015 წელს დაქორწინდნენ. საქართველოში, მეუღლესთან ერთად, დაახლოებით, ერთი წელი ცხოვრობდა.
 
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე თურქეთშიც ვიყავით წასულები და აზერბაიჯანშიც. პრობლემები არ შეგვქმნია. ბავშვი თურქეთში 2017 წელს დაიბადა. თურქეთში ტურისტული ვიზით რამდენიმე თვის განმავლობაში ვცხოვრობდით. შემდეგ თურქეთიდან დეპორტი გამიკეთეს ისე, რომ მიზეზი არ აუხსნიათ. ერთი კვირის განმავლობაში დამაკავეს, არაფერი ამიხსნეს. ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაკეთება მინდოდა და საქართველოს საკონსულოში მივედი. საქმე ისაა, რომ საბუთის გარეშე თურქეთის საავადმყოფო ბავშვს არ იღებს. ამიტომ იძულებული ვიყავი, რომ საბუთებისთვის საკონსულოში მივსულიყავი. რამდენიმე დღეში კი პოლიციამ სახლში მომაკითხა და მითხრა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. მეუღლე, შვილთან ერთად, თურქეთში დარჩა“, - ამბობს ლატიფ კოპჩიევი. 

მას შემდეგ, რაც ლატიფ კოპჩიევს თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება აიძულეს, მისი მეუღლე აზერბაიჯანში დაბრუნდა. 2017 წლის დეკემბერში კი, აინურ აღაიევი და მისი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში არ შემოუშვეს.

მიზეზის დადგენის მიზნით, ლატიფ კოპჩიევმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-მ კოპჩიევს წერილობით აცნობა, რომ მის მეუღლეს საქართველოს  სახელმწიფო  საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლი განმარტავს, რომ უცხოელს საქართველოს  ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება, ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  შემთხვევებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, სამინსიტრომ არ დაასაბუთა, რას გულისხმობს „კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა შემთხვევა“. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სახალხო დამცველსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. „ჩვენ მოვითხოვთ, გადმოგვცენ ახსნა-განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს იურისტი.

ლატიფ კოპჩიევის თქმით, მას არც აზერბაიჯანში უშვებენ: „აზერბაიჯანში მივდიოდი ხოლმე ჩვეულებრივ, პრობლემა არ მქონია. ბოლო პერიოდში, როდესაც თურქეთიდან „დამადეპორტეს“ და არც საქართველოში შემოუშვეს ჩემი ცოლ-შვილი, ორჯერ ვცადე აზერბაიჯანში შესვლა, მაგრამ არ შემიშვეს. იქ მხოლოდ სიტყვიერად გვიხსნიან, მეუბნებიან, რომ „სტოპი“ მაქვს, თუმცა რა არის ეს „სტოპი“, არ ამბობენ“, - აცხადებს კოპჩიევი.

ლატიფ კოპჩიევისთვის მისი ცოლ-შვილის საქართველოში არშემოშვების მიზეზი ისეთივე გაურკვეველია, როგორც თავად კოპჩიევის აზერბაიჯანში არშეშვების მიზეზი. იგი განმარტავს, რომ არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში მას კანონი არ დაურღვევია. ასევე, არ დაურღვევია კანონი მის მეუღლესა და მის მცირეწლოვან შვილს. შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაიგოს, რა იგულისხმება „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  შემთხვევებში“. 

ახალი ამბები