კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”

2 მარტი, 2018
სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას. ნათლად გამოჩნდა, რომ ბოლო წლებში სასამართლოში გატარებული რეფორმები ვერ აღწევს მთავარ მიზანს - მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს.  დღემდე მთავარ გამოწვევებად რჩება:

 სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისათვის არასათანადო პოლიტიკური ნება

დღემდე „სამ ტალღად” განხორციელებულმა რეფორმებმა სისტემის რეალურად გაჯანსაღების მიზანს ვერ მიაღწია. ამის ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი, დაგვიანებული და, ხშირ შემთხვევაში, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს მორგებული საკანონმდებლო ცვლილებებია. მმართველი პარტიის  პასუხისმგებლობაა, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი არამოსამართლე წევრების დანიშვნა, რომელთა უმრავლესობამაც ვერ გამოავლინა სათანადო პრინციპულობა და რომელთა მხარდაჭერის გარეშეც საბჭო მოსამართლეთა გამწესებისა და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.   
 
დღეს გვესმის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელთა აღშფოთება უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით. მაშინ, როცა მოსამართლეთა თითქმის ნახევარი, უკვე გაუმჭვირვალე  პროცესის შედეგად  უვადოდ არის გამწესებული, პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე რეაქცია დაგვიანებულია. ცალსახაა, რომ ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობის  სხვაზე გადატანას  სასამართლოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობა

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოეულ ეტაპზე, რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობას და სავარაუდო  ნეპოტიზმს ეფუძნება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბჭო მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს და საკანონმდებლო ხარვეზებს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების სისტემიდან განსადევნად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. არსებულ ვითარებაში, მოსამართლეები ერიდებიან კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამის დადასტურებაა. მოსამართლის  განცხადება, ცხადია, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რასაც გამოძიების დაწყება უნდა მოჰყვეს. 

დღესდღეობით, სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეების ხელმძღვანელებად/უფროსებად აღიქმებიან, რაც ასევე დაადასტურა ბათუმის სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან გაკეთებულმა კოლექტიურმა განცხადებამ. სასამართლო სისტემაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს, როგორც წესი,  ერთიდაიგივე ჯგუფის წარმომადგენლები იკავებენ, რომლებიც სასამართლოს შიგნით განსაკუთრებულ ძალაუფლებას ფლობენ. ამის დადასტურებაა საბჭოს 26 თებერვლის გადაწყვეტილებაც, რომლითაც, სავარაუდოდ ნეპოტიზმის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრი ლევან თევზაძე დაინიშნა.

 მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნის გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები 

სამწუხაროდ, საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას. საბჭომ 22 თებერვალს 44  მოსამართლე უვადოდ გაამწესა თანამდებობებზე, მათ შორის, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.  მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ძირითადად დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, რა დროსაც საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს 14 მოსამართლის შერჩევის პროცესში არ მიეცა მონაწილეობის საშუალება.

მოცემულ რთულ ვითარებაში, კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია მოხდეს სასამართლოსთან მიმართებით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული გააზრება და არსებული პრობლემების აღიარება. ამ მიზნით, კოალიცია იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”  და მოითხოვს:

●პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე;
● სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან;
●პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა;
 პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს. 


მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“. 
საკონტაქტო პირები: 
ნინი მეტრეველი: +995 593 733 337;  n.metreveli@gepra.ge
თაკო ვარამაშვილი: +995 579 421 888;  t.varamashvili@gepra.ge

კოალიციის წევრები:

1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
2. მრავალეროვანი საქართველო
3. ამერიკის სავაჭრო პალატა
4. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
5. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
6. საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
7. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
8. ლიბერალი
9. კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
11. კავშირი ”21-ე საუკუნე"
12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
13. ადამიანის უფლებათა ცენტრი
14. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
15. დემოკრატ მესხთა კავშირი
16. თავისუფლების ინსტიტუტი
17. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
18. საქართველოს გაეროს ასოციაცია
19. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
20. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
21. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
22. დემოკრატიის ინსტიტუტი
23. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
24. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
25. თბილისის მედია კლუბი
26. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
27. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
28. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
29. სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
30. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
31. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
32. საქართველოს ევროპული არჩევანი
33. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
34. ადამიანის უფლებათა ქსელი
35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
36. კავშირი "საფარი"
37. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
38. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
39. ააიპ "ფრემა" 

ახალი ამბები