კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი შემაკავებელი ორდერი ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის - საშიში პრეცედენტი

13 მარტი, 2018
 
ლანა გიორგიძე

„მოძალადეები ურთიერთობის დასაწყისში, ალბათ,  არასოდეს ავლენენ ძალადობრივ ხასიათს. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს, ვიდრე ცოლად გავყვებოდი და არასოდეს გამოუვლენია ძალადობრივი დამოკიდებულებები. ცოლად რომ გავყვევი, რადიკალურად სხვა შეხედულებები და ხასიათი აღმოაჩნდა, რასაც ნელ-ნელა ავლენდა. მისთვის მითქვამს კიდეც, კარგად შენიღბულხარ-მეთქი“, - აცხადებს ძალადობის მსხვერპლი, დეა გოშხეთელიანი. 

22 წლის დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ქმრის მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა დაშორების შემდეგ იგი კვლავ გახდა ძალადობის მსხვერპლი (მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, მხოლოდ ჯვარი ჰქონდათ დაწერილი). დაშორებიდან 7 თვის შემდეგ დეას ყოფილმა მეუღლემ, გიგა ბაკურაძემ დეა და მამამისი საკუთარ სახლში სცემა. ბაკურაძე დააკავეს, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გოშხეთელიანი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ძალადობის მსხვერპლი კვლავ შიშით აგრძელებდა ცხოვრებას, რადგან მას ეშინოდა, რომ მოძალადე ქმარი კვლავ ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას. ამიტომ გადაწყვიტა ფაქტის შესახებ საჯაროდ, სოციალური ქსელითა თუ მედიის საშუალებით, საზოგადოებისთვის მოეყოლა. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, დეა გოშხეთელიანმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე განათავსა ფოტოები, სადაც, შეუიარაღებელი თვალითაც, კი ადვილად შესამჩნევია სახეზე არსებული სისხლნაჟღენთები. 

დაქორწინებიდან 3-4 თვის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ პირველად იძალადა მასზე. მაშინ დეა ორსულად იყო. დეას თქმით, კამათის მიზეზი უმნიშვნელო იყო და არ ახსოვს: „მკლავებში ხელი მომიჭირა და კედელს მიმანარცხა, ერთი კვირა მეტყობოდა მკლავებზე სისხლნაჟღენთები.“

დეა გოშხეთელიანი ერთადერთი ქალი არ არის საქართველოში, რომელზეც ორსულობის დროს იძალადეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 15 000 ქალს უდრის.

UNWOMEN-ის დოკუმენტის მიხედვით, მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

დეა გოშხეთელიანი მეორე ორსულობის დროს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც მძიმე შედეგით დასრულდა, ორსულობა შეწყდა.

„ორსულობის დროს  ჰაიმორიტი დამემართა, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ  ბავშვის მოსავლელად ჩემი და მოდიოდა. ჩემმა ქმარმა კი მორიგი ჩხუბი იმის გამო დამიწყო, თუ რატომ არ დავახვედრე პერანგი გაუთოებული. საწოლში მწოლიარე ორსულ ავადმყოფს საბანი გადამაძრო და მიყვიროდა - გაეთრიე ჩემი სახლიდანო. დედაჩემსაც დაურეკა, ჩამოდით, წაიყვანეთ თქვენი შვილი, ფანჯრიდან გადავყრი ყველა მის ნივთსო. ჩემი შუათანა დაც ესწრებოდა ამ ყველაფერს. მშობლები იმ ღამესვე ჩამოვიდნენ და წამიყვანეს ქუთაისში. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად მქონდა ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სამწვერა და კეფის ნერვის ანთებები. ამ ყველაფერს ზედ ნერვიულობა დაერთო და ნაყოფმა განვითარება შეწყვიტა, ორსულობა შეწყდა",- განაცხადა დეა გოშხეთელიანმა humanrights.ge -სთან საუბრისას.

ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანს, ნაყოფის დაკარგვის შემდეგ, ყოფილმა მეუღლემ მშობლებთან მიაკითხა და ბოდიში მოუხადა.

„ჩემმა ქმარმა ქუთაისში ჩამომაკითხა. ბოდიშებით და ხვეწნა-მუდარით მოვიდა - სახლში შემომიშვით, მაშინ შემეშალა და მამის ზეგავლენის ქვეშ ვიყავიო. მშობლების პირად პრობლემებს ასახელებდა მიზეზად. მუხლებზე დაჩოქილსაც კი უტირია და პატიება უთხოვია. დავიჯერე, რომ მძიმე პერიოდი ჰქონდა, შემეცოდა და შევურიგდი. ერთი თვე გაგრძელდა, შედარებით, მშვიდი ცხოვრება. ერთ თვეში ისევ დაიწყო საკუთარი აგრესიული ქმედებების გამოვლინება“, - აღნიშნავს გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობას მშვიდად აღარ ხვდებოდა და ღია წინააღმდეგობას უწევდა. 

დეას თქმით, მის ყოფილ მეუღლეს მიაჩნდა, რომ ქალს სიტყვა არ ეთქმის და სამზარეულოს გარეთ არ უნდა გავიდეს იგი. გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს 2017 წლის 25 ივნისს დაშორდა, რა დროსაც მან ცემა. 

„გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელმაც, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გამაფრთხილა, ამიტომ იმ დღეს შეადგინეს ოქმი ოჯახურ კონფლიქტზე. თუმცა, მომდევნო დღეს, ძალადობის (ამჯერად ფსიქოლოგიური) გამო, მაინც მომიწია საპატრულოს გამოძახება, რომელთაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.  მეორე შემაკავებელი ორდერი 2018 წლის 3 იანვარს გამოიწერა, როდესაც ჩემს კუთვნილ სახლში მომივარდა და გვცემა მე და მამაჩემი. 8 იანვარს მან შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ეს დარღვევად არ მიიჩნია. 

ზაფხულში, შემაკავებელი ორდერის არსებობის პერიოდშიც, არაერთხელ დაარღვია ორდერით გათვალისწინებული პირობები, ამის მოწმეები ჩემი მეგობრები არიან, რომელთა თანდასწრებითაც მლანძღავდა და მაქსიმალურად ცდილობდა,   კონფლიქტში ჩავერთე, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს (შემაკავებელი ორდერის არსებობის ფარგლებში, მეც მაქვს ვალდებულებები, არ შევიდე მასთან კონფლიქტში, ამიტომ ვითვალისწინებდი კანონის მოთხოვნებს), თუმცა სამართალდამცავებისთვის არ მიმიმართავს ისევ და ისევ ჩემი შვილის გამო, მისით მანიპულირებდა. ბავშვი მოიტაცა, 4 საპატრულო ოქმი არსებობს, თუ როგორ მანიპულირებდა ბავშვით და სწორედ ეს ფაქტორი მაშინებდა, რომ მიმემართა ისევ სამართალდამცავებისთვის (უარესად არ გამეღიზიანებინა)“, - აღნიშნა დეა გოშხეთელიანმა humanrights.ge -სთან საუბრისას.

შემაკავებელი ორდერის გამოწერა ქალის, ძალადობის მსხვერპლის, ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, თუმცა მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, პოლიციელს ოჯახში ძალადობრივ დანაშაულზე შემაკავებელი ორდერის გამოცემის ვალდებულება იმ შემთხვევაშიც ექნება, თუ ეს მსხვერპლის ნება არ იქნება. ცვლილებას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც 6 მარტს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს პარლამენტისთვის წარსადგენად.

„ძალადობრივ დანაშაულებზე პოლიციელს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ მსხვერპლის ნების მიხედვით გამოსცეს ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და შემდეგ იცვლის აზრს და ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ სჭირდება. შესაბამისად, პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე და შემთხვევებზე ექნება შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლებაც და ვალდებულებაც”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას. 

დეა გოშხეთელიანის მიმართ ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით, სახალხო დამცველმა 9 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პორკურორს მიმართა. სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებს, გაითვალისწინონ ქვეყანაში  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, საფუძვლიანად გააანალიზონ ის საფრთხეები, რაც, შესაძლოა, მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდეს და უზრუნველყონ დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარება.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საფუძვლად უდევს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა ფემიციდის მაღალი რისკის შემცველია. ამასთან, ქვეყანაში ფემიციდის მაღალი რაოდენობა კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, ხშირია ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეები, სადაც, სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა მსხვერპლის დაცვა და დახმარება ვერ მოხერხდა", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

12 იანვარს, საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის არსებობის გათვალისწინებით, დეას ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გარდა იმისა, რომ ყოფილი მეუღლე დეას ფიზიკურად უსწორდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგი ცდილობდა, ძალდატანებით მიეცა დეასთვის უცნობი წამლები.

„შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავნა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა - ეს არავის აჩვენო, ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები. გარდა ამისა, მას სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით გაკეთებული უწვრილესი დანა, რომელიც, მისი თქმით, იწვევს შინაგან სისხლდენასა და სწრაფ ლეტალურ შედეგს“, - აღნიშნა გოშხეთელიანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამოღებულია ყველა იარაღი, რომელიც დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს გააჩნდა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს.

„დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენ ამოვიღეთ, ჩხრეკის შედეგად, ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ  პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და, ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტურები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

იმის გამო, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მამის მხრიდან დედაზე ძალადობის ფაქტის შემსწრე იყო, მასთან მუშაობს ფსიქოლოგი.

„ბავშს შიშები ჰქონდა, გვერდიდან არ მიშორებდა და ეგონა, თუ ერთად არ ვიქნებოდით, ვინმე ჩემს თავს წაართმევდა. ძალადობის ფაქტების შემდეგ ბავშვი ტირილით იღვიძებდა და როცა მიხვდებოდა, რომ მასთან ვიყავი, შემდეგ მშვიდდებოდა. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც დასკვნასაც მოამზადებს“, - აღნიშნა ძალადობის მსხვერპლმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის, დეა გოშხეთელიანის, წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

საია-ს ცნობით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზეზად პოლიცია გოშხეთელიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ასახელებს, რომელიც ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის ყოფილმა მამამთილმა ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა. საია-ს ინფორმაციით, ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ ის სტატუსი გამოიყენა, სადაც დეა წერდა, რომ წლების მანძილზე ყოფილი ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობას განიცდიდა. სტატუსი ქუთაისის პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. საია-მ ორდერი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.
 
საია მიიჩნევს, რომ გოშხეთელიანის მიმართ „პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებას იღებენ". მათივე განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან თავდაცვის ეფექტური მექანიზმები, ის თავად მსხვერპლის მიმართ იყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს. საია-ს განცხადებით, სამართალდამცავებისთვის მიმართვა ქალის მდგომარეობას აუარესებს და მას აიძულებს, უარი თქვას სახელმწიფოში არსებული ძალადობისგან დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე.

„სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა, მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს.

მიუხედავად ორდერის დაუსაბუთებლობისა, დეა მას დაემორჩილა და, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყოფილი ოჯახის წევრების მიმართ 6 თებერვლის შემდგომ განცხადება აღარ გაუვრცელებია. თუმცა, 2018 წლის 17 თებერვალს, ყოფილმა დედამთილმა და მულმა ასევე მიმართეს პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რათა დეა გოშხეთელიანს შეეწყვიტა მათი შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება სოციალური ქსელის საშუალებით. პოლიციამ ამჯერადაც დააკმაყოფილა უსაფუძვლო მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ ქსელში დედამთილისა და მულის მიმართ შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება (იმის მიუხედავად, რომ დეას 6 თებერვლის შემდგომ აღარ გაუვრცელებია მიმართვა)“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, დეა გოშხეთელიანის საქმეზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ როგორც პოლიცია, ისე სასამართლო შემაკავებელ ორდერს მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ორდერის მიზანია არა კონკრეტული პირებისათვის საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და განცხადებების გავრცელების უპირობო აკრძალვა, არამედ მოძალადისა და მსხვერპლის სწორად იდენტიფიცირება და რეალური, იმწუთიერი და სამომავლო ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვა.

20 თებერვალს დეა გოშხეთელიანის „ფეისბუკ-პოსტის“ გამო, ყოფილი მამათილის განცხადების საფუძველზე, გამოცემული შემაკავებელი ორდერი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. თუმცა, დღემდე ძალაშია მეორე შემაკავებელი ორდერი, რომელიც დედამთილისა და მულის მიმართვის საფუძველზე გამოიცა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის, დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში საკმაოდ საშიში პრეცედენტი იყო, რომელიც ჩამოაყალიბა, ერთი მხრივ, პოლიციამ და შემდგომში, უკვე პირველი ინსტანციის სასამართლომ, როდესაც პირს მოსთხოვეს ფეისბუკ აქტივობის შეზღუდვა.

დეა გოშხეთელიანის თქმით, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა იყო აბსურდი, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისთვის: „ამით მე შემეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე,  ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაუჩნდებოდათ შიში, რომ ესაუბრათ ღიად ძალადობის ფაქტებზე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა ძალადობის მსხვერპლთა სტატისტიკას.“
ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ახლობლებმა შექმნეს ყალბი „ფეისბუკ-გვერდები“ და სხვადასხვა გზით ცდილობენ, დეას დამცირებას: „მლანძღავენ, მაგინებენ, ამართლებენ მოძალადის ქცევას იმ მოტივით, რომ მე ეს დავიმსახურე.“

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თქმით, ძალადობასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური მექანიზმი არის ამის შესახებ ღიად საუბარი. 

„როდესაც საქმე ძალადობას ეხება, ის სცილდება ოჯახის ფარგლებს და ხდება სახელწმიფოს საქმე. საუბარი არსებული ძალადობის შესახებ ყველაზე ეფექტური დაცვის გარანტია. რაც უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენ ხმას, მით უფრო დაცული ხდები. რაც შეეხება უარყოფით კომენტარებს, ეს არ არის გასაკვირი, რადგან საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან ერთად, არსებობს მისი არაჯანსაღი ნაწილიც, რომელიც არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას, ამიტომ, ვფიქრობ, ამას ყურადღება ნაკლებად უნდა მივაქციოთ“, - აცხადებს დეა humanrights.ge-სთან. 

საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავ მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება. აღნიშნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა.

მიუხედავად საზოგადოების ნაწილის მსგავსი დამოკიდებულებისა, ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს ურჩევს, არ გაჩუმდნენ და ისაუბრონ ძალადობის ფაქტების შესახებ, რათა უფრო დაცულები იყვნენ. 

სტატია მომზადდა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.

ახალი ამბები