კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლი ქალი იძულებული გახდა, მორალური ზიანისთვის ნაკლები თანხა მოეთხოვა

14 მარტი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული ქალი, რომლის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ ვასახელებთ, 2009 წლის 23 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიისა და აფხაზეთის საზღვართან დააკავეს. თუმცა, დაკავების თარიღად, შემდგომში, 24 იანვარი მიუთითეს. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლია. 2014 წლის 24 ნოემბერს მიღებული განაჩენით, მსჯავრდებული დაზარალებულად არის ცნობილი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დღესდღეობით იგი ერთადერთი ქალი მსჯავრდებულია, რომლის მიმართაც სხვა საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურებულია წამება და არაადამიანური მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა, მაჯავრდებულის  საქმეზე მოამზადა სარჩელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა - ფიზიკური ზიანისთვის 30 000 ლარი, ხოლო მორალური ზიანისთვის - 50 000 ლარი. აღნიშნულ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ხარვეზი დაადგინა. განჩინებაში, ხარვეზის დადგენის შესახებ, აღნიშნული იყო, რომ კანონით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მოსარჩელე მხოლოდ ფიზიკური ზიანის ანაზღაურების ნაწილში იყო გათავისუფლებული.

ეკა ქობესაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელე –  დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე, ასევე ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:  მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით. შესაბმაისად, სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში არ არის გამიჯნული და დაკონკრეტებული მხოლოდ ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამის გათვალისწინებით, კანონის აღნიშნული დათქმის თანახმად, მოსარჩელე, სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, გათავისუფლებული უნდა იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს არაერთი მსგავსი საქმე აქვს წარმოებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში. ყველა ასეთ საქმეზე მოსარჩელეები სასამართლომ იგივე საფუძვლით გაათავისუფლა სახელწიფო ბაჟის გადახდისგან. ყველა მათგანი იყო კაცი პატიმარი, ხოლო ქალ პატიმართან მიმართებაში სასამართლომ, რატომღაც, განსხვავებული მიდგომა გამოიყენა. საჭიროა, რომ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეს ყველა მსჯავრდებულის მიმართ და არ იყოს დისკრიმინაციული გამოყოფა“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

იურისტის თქმით, ვინაიდან მოსარჩელეს 50 000 ლარისთვის საკმარისი ბაჟის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, სარჩელში სასამართლოს მიერ დადგენილი „ხარვეზი“, საშუალების მიხედვით, გასწორდა - მოსარჩელემ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარი მოითხოვა და, სახელმწიფო ბაჟის სახით, 300 ლარი გადაიხადა.

მსჯავრდებული არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია

მსჯავრდებული ქალი აცხადებს, რომ დაკავებისას მას ნარკოტიკი ჩაუდეს და აიძულებდნენ, დანაშაული ეღიარებინა. იმ დროისთვის იგი ფეხმძიმედ იყო. მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გამოგზავნილ წერილში დეტალურად იხსენებს დაკავების დღეს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამართალდამცავმა ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული მცირე ზომის ბურთულა, გადააწოდა იქვე მდგომ პოლიციის თანამშრომელს და უთხრა, გაუფორმეთო. მოგვიანებით სასამართლომ მსჯავრი სწორედ ამ „მტკიცებულებით“ გაამყარა - განაჩენშიც მითითებული იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ მსჯავრდებულის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს.

მსჯავრდებულის წერილის თანახმად, დაკავების შემდეგ იგი სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ოქმზე. ოქმში ეწერა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. მსჯავრდებულმა ოქმზე ხელი არ მოაწერა. მისი თქმით, იგი იმავე დღეს გადაიყვანეს ზუგდიდის სამმართველოში, სადაც პატარა ოთახში შეიყვანეს. აქ მასთან შევიდა პოლიციის მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.

„მეგის ქარდავა მცემდა, მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებოდი, ფეხმძიმედ ვიყავი. მირტყამდა მუცელზე და პერიოდულად თავს მარტყმევინებდა კედელზე. კედელი დაზიანდა, ვინაიდან იყო „გიფსოკარდონის“. გავხდი ცუდად, ვთხოვე წყალი. მან [მეგის ქარდავამ] დაუძახა სამართალდამცავს და ჩუმად უთხრა რაღაც. დაახლოებით, 10 წუთში, ოთახში შემოიტანა ერთჯერადი ჭიქით უფერული სითხე და მითხრეს, წყალი ხომ გინდოდა, დალიეო. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო სუფთა წყალი და უარი განვაცხადე. მეგის ქარდავამ იარაღის საშუალებით, გამაღებინა პირი, ჩამიმტვრია კბილი და გადამაყლაპა უფერული სითხე. დაახლოებით, 10-15 წუთში გონება დავკარგე. არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მაგრამ, როცა გონს მოვედი, ვეგდე იატაკზე, ხმები მესმოდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მოკვდაო. მეგის ქარდავამ უთხრა, თუ მოკვდა, ორსანტიის ხიდიდან გადავაგდოთ, გვიან გავიტანოთ და იფიქრებენ, აფხაზებმა მოკლესო. ... თვალი გავახილე და ვგრძნობდი, რომ სველი ვიყავი. თურმე სისხლისგან ვიცლებოდი, ვინაიდან ვიყავი ფეხმძიმედ, აგრეთვე, ცხვირიდანაც მდიოდა სისხლი და თან მაღებინებდა“, - წერს მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მოწერილ წერილში.

როგორც მსჯავრდებული ამბობს, იგი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც მას ნარკოტიკის მიღება დაუდასტურდა. ნარკოლოგიურიდან მსჯავრდებული ისევ სამმართველოში გადაიყვანეს და იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც მეგის ქარდავამ სცემა. მსჯავრდებულის თქმით, ნარკოლოგიურიდან დაბრუნების შემდეგ, მისი წამება, დაახლოებით, ერთ საათზე მეტი გრძელდებოდა.

წერილის თანახმად, არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და ოქმზე ხელი არ მოუწერია. 
არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებლად ცნობილი მსჯავრდებულისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო მომავალი თვიდან იმსჯელებს. პირველი სასამართლო სხდომა 19 აპრილსაა დანიშნული.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები