კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო

20 მარტი, 2018
 
 
ნათია გოგოლაშვილი

„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი, სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა გაავრცელეს. რამდენიმე დღის წინ კი სენაკში, ბეტონის ბლოკის საწარმოს დანადგარმა ადამიანი მოიყოლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, სამუშაოს შესრულების დროს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა. შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექტირების უფლებამოსილება იზრდება.

შრომის ინპექციის წარმომადგენლის, ბექა ფერაძის განცხადებით, სამი თვის ვადაში დამტკიცდება იმ კომპანიების ნუსხა, რომლებზეც კანონი გავრცელდება. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 42 ათასი კომპანია შეირჩევა. ეს ის კომპანიები იქნებიან, სადაც ყველაზე მეტად ფიქსირდება დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

„კანონპროექტი ინდუსტრიულ ურთიერთობაში ახალ თამაშის წესებს განსაზღვრავს, რომელიც მხარეებს შორის დაბალანსებულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. ეს კანონპროექტი შრომის ინსპექციას ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების მანდატს აძლევს. მათ შორის, გაფრთხილება, ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება. კანონპროექტის მიხედვით, შემოწმება, უპირველესად, იქნება გეგმიური  და შემოწმებაზე კომპანიის თანხმობა არ დაგვჭირდება. ასევე, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ უბედური შემთხვევებისა და რაიმე ტიპის ინციდენტების დროს. რაც შეეხება ყველა დანარჩენ შემთხვევას, ამ ეტაპზე სასამართლო ნებართვა იქნება საჭირო“,  - განაცხადა ბექა ფერაძემ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კანონის მიღებისას მთავრობის ეკონომიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად შეზღუდა კანონის გავრცელების არეალი, რითიც შეეცადა ნაკლებად ეწყენინებინა ბიზნესისთვის. პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფრო დიდი მანდატი, რათა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება რეალურად იყოს დაცული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შრომის ინსპექცია, თავის არსში ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.  შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს საშუალება, შეამოწმოს შრომის პირობები და აღასრულოს შრომის კოდექსი. აღნიშნული კანონპროექტი კი ისევ არ ითვალისწინებს ინსპექტორების უპირობო დაშვებას სამუშაო ადგილზე“, - განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გიგა ბექაურმა.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი - ასე აფასებს მესამე სექტორი კანონში შეტანილ ცვლილებებს. 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს მცდელობას განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება დასაქმების ადგილებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისა და შრომის უსაფრთხოების ბაზისური გარანტიების დადგენის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ზედამხედველობის საჭიროებებს. კერძოდ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მოიცავს არაერთ პოზიტიურ ჩანაწერს, რაც შრომის უსაფრთხოების ბაზისური სტანდარტების საკანონმდებლო რეგლამენტირებაში და დამატებითი სახელმწიფო საზედამხედველო მანდატის განსაზღვრაში გამოიხატება, თუმცა, კანონპროექტის არსებითი ხარვეზები მნიშვნელოვნად ასუსტებს მის ეფექტიანობას და არ ქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რეალური და სათანადო დაცვის შესაძლებლობას. წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს მისი მოქმედების შეზღუდული სფერო, რაც ხელს უშლის როგორც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გავრცელებას თანაბრად ყველა დასაქმებულზე, ასევე ავიწროვებს კანონპროექტით შემოტანილი საზედამხედველო მანდატის გავრცელების არეალს, რამდენადაც, კანონის მოქმედება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულებზე ვრცელდება. სხვადასხვა დასაქმების ადგილებზე დასაქმებულ პირთა განსხვავებული უფლებრივი გარანტიებით აღჭურვა ცალსახა უთანასწორობას ქმნის დასაქმებულებს შორის, რაც აუცილებელია გადახედვას დაექვემდებაროს”, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლისა და XXXI თავით გათვალისწინებულ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევებზე 2012-2017 წლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 209 შემთხვევაში, აქედან 20 შემთხვევაში შეწყდა დევნა. საერთო სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012-2017 წლებში, საქალაქო და რაიონული სასამართლოების მიერ განხილულია 130 საქმე, სასჯელის ზომად და სახედ ბრალდებულ პირებთან მიმართებაში, მეტწილად, გამოყენებულია პირობითი მსჯავრი და საპროცესო შეთანხმება, მხოლოდ 12 შემთხვევაში გამოიყენეს თავსუფლების აღკვეთა.

„კანონპროექტის მე-18 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა, საქმიანობის შეჩერება. კანონპროექტით, ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ხორციელდება. ასევე, აღნიშნულია, რომ თუკი არაა სახეზე კრიტიკული შეუსაბამობა, მოხდება გაფრთხილება. შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობისას კი გამოიყენება ჯარიმა, საქმიანობის შეჩერებასთან ერთად ან დამოუკიდებლად.  კანონპროექტი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება, მოიაზრებოდეს კრიტიკული შეუსაბამობის კატეგორიაში, როდესაც მასთან მიმართებაში ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ორ უკიდურეს ზღვარს ითვალისწინებს. (გაფრთხილება და 5 000 ლარი). მნიშვნელოვანია, რომ პრინციპების დონეზე განისაზღვროს კრიტიკული შეუსაბამობის კატეგორია, რომლის დამატებით კრიტერიუმებიც შესაძლებელია, რომ სხვა აქტებით დადგინდეს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ეს დისკრეციული უფლებამოსილება მეტ განსაზღვრასა და მკაფიო რეგულაციას საჭიროებს“, - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია თავად კანონის ეფექტური აღსრულება. 

ახალი ამბები