კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის გამოძიება ჭიანურდება

20 აპრილი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვეს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს 2016 წლის 13 იანვარს  დაკავებული თ.ბ.-ს, კ.შ.-ს, ნ.ა.-სა, და ქ.ხ.-ს მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ეფექტიან და დროულ გამოძიებას, ასევე - მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. შემთხვევა 2016 წლის 13 იანვარს ახალციხეში მოხდა. უფლებადამცველთა თქმით, მსჯავრდებული ქალის, ქ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, შეიჭრნენ სამართლდამცველები და გაუმართლებელი ძალა გამოიყენეს თ.ბ.-ს, კ.შ.-ს, ნ.ა.-სა, და ქ.ხ.-ს წინააღმდეგ. პოლიციის თანამშრომლები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ.ხ.-ს არასრულწლოვან შვილს.
 
„პოლიციელები შეცვივდნენ ქალი მსჯავრდებულის საცხოვრებელ სახლში და ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში მყოფ პირებს. ქალ მსჯავრდებულს ესმოდა, როგორ ცემდნენ გვერდზე ოთახში მის არასრულწლოვან შვილს. ნაცემი მსჯავრდებული ქალი კილომეტრის მანძილზე ფეხით ატარეს, რადგან განყოფილებაში გადასაყვანად ავტომობილი არ ჰყავდათ. ქალის ცემა და წამება პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა. ქალბატონს მოსტეხეს თითები, რადგან იგი გამზადებულ აღიარებით ჩვენებას ხელს არ აწერდა. დანარჩენი მსჯავრდებულების ცემა გონების დაკარგვამდე გრძელდებოდა. ამის შემდეგ ოთხივე მსჯავრდებული გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. იზოლატორმაც კი ვერ მიიღო ეს პიროვნებები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა ამის საშუალებას. საჭირო იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამზადებულ ჩვენებაზე აიძულებდნენ ხელი მოეწერათ. დანაშაულის ჩადენას არცერთი მათგანი არ აღიარებს და სიმართლის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, დიმიტრი ნოზაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, სასამართლო ეყრდნობა ერთ-ერთი მოწმის აღიარებით ჩვენებას, რომელიც ამ სავარაუდო ყაჩაღობაში მონაწილეობდა. მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს პირი არაერთგზის ნასამართლევია. მის მიმართ წარსულში,  ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი.

„მსჯავრდებული ქალი წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია, ძირითადად, ხე-ტყის უკანონო ჭრის გამოძიებით იყო დაკავებული. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული დანარჩენი სამი პირიც ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყაჩაღობის დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. მას დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კი ყაჩაღობაში ბრალდებული ოთხივე პირი მკვლელობაში გაამართლა. მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული არავინაა.

უფლებადამცველთა თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ეხება. აღნიშნულ საქმეებზე ცენტრის იუსრისტები დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რათა უფლებადამცველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საქმის მასალებს დეტალურად გაეცნონ.

ახალი ამბები