კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეაჩერე ნეპოტიზმი - „ენმ“-ის კამპანია გორში

20 აპრილი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გორში ნეპოტიზმის ფაქტების გამოვლენა დაიწყო, რომელსაც სოციალურ ქსელში კამპანიის სახე მისცეს. ოპოზიციურ  პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეპოტიზმმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი. ამის მაგალითად კი როგორც თვითმმართველობის უმაღლესი პირების, ისე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრების ოჯახის წევრების დასაქმების ფაქტები მოჰყავთ. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე, აცხადებს, გორის თვითმმართველობა ნეპოტიზმშია გახვეული.

ვასილისა ჯაბახიძე, ენმ-ის წევრი: „ ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის,  ლია ჩლაჩიძის შვილი და რძალი დასაქმებულნი არიან სკოლამდელი დაწესებულების ა(ა)იპ-ში. ასევე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის, თამარ მურალოვას, რომელიც ხელოვნურად შექმნილი ფრაქცია ,,კონსერვატორების“ თავმჯდომარეა, შვილი, ძმა და ძმისშვილი დასაქმებული არიან მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში.  საკრებულოს წევრი ბაქარ გიუნაშვილი, რომელიც ასევე წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას“ თავადაც დასაქმებულია ა(ა)იპ-ში, მისი ძმა საკრებულოს აპარატში მუშაობს, ხოლო მამა მერიაში. არც საკრებულოს წევრს და ფრაქცია ,,მრეწველების“ თავმჯდომარეს არ დაუტოვებია ოჯახის წევრები დაუსაქმებელი, შვილი იმ ა(ა)იპ-ში დაასაქმა, რომელსაც მისი ნათესავი ხელმძღვანელობს, მეუღლე კი - საკრებულოს აპარატში.  ამ სიას აქვს გაგრძელება რომელსაც ვაზუსტებთ, თუმცა აქედანაც ნათლად ჩანს, რომ მართველი პარტიის წევრები საკრებულოში ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო მეტ ოჯახის წევრს და ნათესავს დაასაქმებს“.

ლია ჩლაჩიძე მისი შვილისა და რძლის მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში  მუშაობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მათი დასაქმება მისგან დამოუკიდებლად მოხდა და არ ჩარეულა. იმავეს ამბობს თამარ მურალოვა, რომელიც ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრობის“ წევრებს მოუწოდებს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდსაც გადახედონ, როდესაც ოჯახის წევრებისა და ნათესავების დინასტიების დასაქმება ხდებოდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მათ დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკაში არ ერევიან და თანამშრომლების დანიშვნას და გათავისუფლებას ა(ა)იპ-ების დირექტორები ახორციელებენ.

თემურ მანველიშვილი გორის მერიის ადმინისტრაციული რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი: ,,მენეჯერული რგოლი. რომელიც მუშაობს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებში, ადამიანური რესურსის მართვას ახორციელებენ მერიისგან დამოუკიდებლად.“

გიორგი დვალიშვილს არ სჯერა, რომ მერია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ა(ა)იპ-ებში  ოჯახის წევრების დასაქმებაში არ ერევიან. დვალიშვილი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში მუშაობდა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს.  იგი ახლა ,,შენების მოძრაობის“ წევრია.

„ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია იყო მიზეზი, რომ პოლიტიკური ნიშნით მომხდარიყო მათთვის არასასურველი კადრების გათავისუფლება და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ.  კონკრეტულად, ჩემს ადგილზე საკრებულოს წევრის  ზაქრო მებადურის შვილი არის დასაქმებული. ამით ყველაფერი ცხადია, თუ როგორ ხდება კადრების საჯარო სამსახურებში და დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში დანიშვნა და გათავისუფლება“, - აღნიშნა გიორგი დვალიშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობაში ნეპოტიზმის  აკრძალვა პირდაპირ არ არის მითითებული, მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტით შემოიფარგლება. ამის გათვალისწინებით, ნეპოტიზმის ფაქტების სამართლებრივი შესწავლისა და რეაგირების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება ოპოზიცია. 

ახალი ამბები