კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2018 წლის 17 მაისი საქართველოში

21 მაისი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანი მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. საქართველოში 17 მაისს უკვე მეოთხე წელია, სხვა დატვირთვაც აქვს. 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და  სიწმინდის დღედ  დაასახელა. 

საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ყოველთვის ინციდენტები ახლდა თან, გამონაკლისი არც მიმდინარე წელს ყოფილა. 16 მაისს, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ლგბტ აქტივისტების უმრავლესობამ დაგეგმილი აქციები გააუქმა. მათ განცხადებაც გაავრცელეს:

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების მიუხედავად, ლგბტ აქტივისტთა მცირე ნაწილი საღამოს 19:00 საათზე მაინც შეიკრიბა მთავრობის კანცელარიასთან. 

„ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, ეს არის ილუზია ამ სახელმწიფოში, რომელსაც ჯერჯერობით სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ მანამ, სანამ თითოეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, ის ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ ლოიალურია. ზოგ მათგას თავად აფინანსებს, ზოგის დაფინანსების წყაროს კი არ აკონტროლებს", - აცხადებდა ლგბტ აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე.

კანცელარიასთან ათეულობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ 16 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილე ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ. ამის მიუხედავად, კანცელარიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტს გამოსვლისას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდამსხმელი არასრულწლოვანია. სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მაშინ, როცა ლგბტ აქტივისტები კანცელარიასთან აქციას მართავდნენ, მიმდებარე ქუჩაზე (ინგოროყვას ქუჩაზე) „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები და კანცელარიის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე უარს  აცხადებდნენ.

ლგბტ აქტივისტებმა „ონლაინაქციაც“ დაგეგმეს: „ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე ონლაინაქციას ვიწყებთ! თუკი პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინსივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით!" - განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა.

ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თბილისში 6 ლოკაციაზე აქციები გამართეს. აქტივისტები გაჩერდნენ - იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაკის პარკში მემორიალთან. მათ ლგბტ დროშის ფერების შესაბამისად, თითოეული ადგილიდან სხვადასხვა ფერის კვამლი გაუშვეს და ხელისუფლებისგან საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვეს.

ლგბტ აქტივისტების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქციებს „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ (ქართველი ფაშისტები) მართავდნენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართა ნაციონალ-სოციალიტურმა ორგანიზაციამ - „საქართველოს ეროვნულმა ერთობამ.“ მათი თქმით, ისინი ქართველი ფაშისტები იყვნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აღნიშნავენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულ, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს.“ 

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები კი საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. „ეს აქცია მხოლოდ მეგობრების მონახულებისა და ჩახუტების შეკრება იქნება... შევიკრიბებით, გავივლით და ვნახავთ, ერთი, რა საზოგადოება მოვა იქითა მხრიდან. დავინახავთ, თუ აგრესია გამოამჟღავნეს ჩვენ ერთს დავუთმობთ, მეორადაც დავუთმობთ და მესამედაც“, - აცხადებდა ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი.

ამ განცხადების მიუხედავად,  დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციამ „ქართული მარშის“ ათეულობით წარმომადგენელი დააკავა. მათ შორის გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები. დაკავებულებიდან ნაწილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს. დაკავებულთა ნაწილი დღის ბოლოს გაათავისუფლეს, მათ შორის გია კორკოტაშვილი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით იყო გადაყვანილი.

ახალი ამბები