კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე-ადამიანი” - დოკუმენტური ფილმები მშვიდობისა და ადამიანის უფლებების შესახებ

13 ივნისი, 2007

adamb.gif

ზუგდიდში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი „მე-ადამიანი” გაიმართა. სამი დღის განმავლობაში დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, რომელიც კავკასიაში პირველად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე გადაღებული 6 ფილმი აჩვენეს. ფესტივალი ფილმების ჩვენების გარდა დისკუსიას და ექსპერტებთან ერთად ფილმების განხილვას მოიცავდა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულმა ფილმებმა „ჩემი ტერორისტი”, „მტრის სახე”, „ხანგრძლივი გზა ბნელეთიდან სინათლემდე”, „ს-21: წითელი ჰამერები-სასიკვდილო მანქანა”, „საკონტროლო გამშვები პუნქტი” და „ერთჯერადი მოხმარების გმირები” მაყურებელთა არაერთგვაროვანი შეფასება და რიგ შემთხვევებში, ცხარე დისკუსია გამოიწვია. აუდიტორია განსაკუთრებით მგრძნობიარე იმ ფილმების მიმართ აღმოჩნდა, რომლებშიც მათთვის ნაცნობი პრობლემები აღმოაჩინეს.

სტუდენტის დათო ლოგუას თქმით, ნანახმა ფილმებმა მას აზროვნება შეუცვალა: „როდესაც შევიტყვე, რომ ზუგდიდში მსგავსი ღონისძიება ტარდებოდა, ძალიან  დავინტერესდი. განსაკუთრებით კი იმ საკითხმა დამაინტერესა, რომელიც პრობლემას წარმოადგენს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ფილმებმა კონფლიქტის პრობლემა ნათლად დამანახა და აქედან გამომდინარე ამ საკითხებთან მიმართებაში სხვანაირი ფიქრი დავიწყე. დავინახე ის, რომ ადამიანებს უფრო მეტი ფიქრი გვმართებს, იმისათვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, ” - ამბობს დათო ლოგუა.

როგორც კინოფესტივალის კოორდინატორი კერსტინ ნიკიგი ამბობს, ფესტივალის ორგანიზატორები ფილმების ჩვენების შემდეგ მაყურებლის აქტიურობასა და ცხარე დისკუსიას ელოდნენ: „ამ ფესტივალისგან ჩვენ ველოდით, რომ მაყურებელი მსგავს სიტუაციაში თავიანთ თავსაც განიხილავდა. ჩვენ ვაჩვენეთ ფილმები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებშია გადაღებული. ჩვენთვის საინტერესო იყო, თუ როგორ კომანტარს გააკეთებდნენ მაყურებლები კავკასიის სიტუაციებთან დაკავშირებით. მაყურებელმა ფილმები 100 პროცენტით გადმოიტანა თავიანთ სიტუაციებზე და ფილმში ნაჩვენები პრობლემები  ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში განიხილა. მე მგონი ძალიან საინტერესო საყურებელია ის, თუ როგორ წყდებოდა მსგავსი კონფლიქტები სხვა ქვეყნებში,” - განმარტავს ნიკიგი.

კინოფესტივალი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფილმები საგანგებოდ იქნა არჩეული: „ეს არის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რომელიც კავკასიაში პირველად ტარდება. წარმოდგენილია ღრმა და საინტერესო ფილმები. რაც მთავარია ფესტივალი მოიცავს დისკუსიას, ამ ფილმების განხილვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფესტივალზე მოწვეულნი არიან  დევნილები და ახალგაზრდები. ფესტივალის მიზანი იყო კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით მშვიდობის თემაზე, ხელოვნების ენით დაგვემყარებინა მეგობრობა და ურთიერთგაგება. შესაბამისად, ურთიერთგაგების შემდგომ ხდება ადამიანთა აზრების გაზიარება და კონფლიქტიც კლებულობს, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება კინოფესტივალის გამართვა,” - ამბობს ფესტივალის თანაორგანიზატორი მათუთა ბჟალავა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კინოფესტივალის მოწვეული ექსპერტი იყო. მისი თქმით, ნანახ ფილმებსა და საქართველოში არსებულ სიტუაციას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება:

„ამ ფილმებს საქართველოს რეალობასთან ბევრი საერთო აქვს. პირველ რიგში, მსხვერპლის მომენტი, ანუ ვინაა მსხვერპლი, ჩვენ თუ მოწინააღმდეგე მხარე; რა არის მსხვერპლის ცნება საერთოდ და ჩვენ ვართ მსხვერპლის სუბიექტები თუ ობიექტები. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. როდემდე შეიძლება შენი სიმართლის გატანა სხვისი სიმართლის არ გათვალისწინების ხარჯზე? ასევე ძალიან საინტერესო იყო ტოლერანტობის მომენტი. საზოგადოებას სჭირდება დისკუსია ყველაზე მტკივნეულ თემებზე, ყველაზე დიდი საშინელება საზოგადოებისთვის აკრძალული თემებია. სხვა საკითხია სად და როდის უნდა ილაპარაკო ამ თემებზე. ადამიანს უფლება აქვს საკუთარი სიმართლით იცხოვროს და არ ეშინოდეს ამ სიმართლის დაფიქსირებისა და დაცვისა. საზოგადოება ვალდებულია და მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოზიციის გათვალისწინებისა და მსჯელობისათვის,” - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიის 25 ქალაქში გაიმართება. ზუგდიდამდე ფესტივალი აფხაზეთის 4 ქალაქში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარდა. ფესტივალი სექტემბრამდე გაგრძელდება და ფილმების ბოლო ჩვენება ცხინვალში გაიმართება.

ნანა საჯაია, ზუგდიდიდან

ახალი ამბები