კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიკვიდირებულის ოჯახი შსს-გან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

18 ივნისი, 2007

damwvarib.gif

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები მალხაზ გუმაშვილის სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მოითხოვს, სასამართლომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, მის სასაგებლოდ 15 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისროს. სისხლიანი სპეც-ოპერაციის შედეგად პოლიციამ ორი ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინა. სპეცდანიშნულების რაზმმა 23 წლის ვახო გუმაშვილი ჩაცხრილა, მოსარჩელის ძმა ავთო გუმაშვილი კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გამოწვა. სპეცოპერაციის გამო დღემდე ტრავმირებულნი არიან ხეობის მცხოვრებნი.

ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, 10 წლის წინ დაიწყო. სოფელ დუისში მცხოვრებმა ოთარ მარგოშვილმა ავთო გუმაშვილის მეუღლე, მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გააუპატიურა. მომხდარის შემდეგ გუმაშვილების ოჯახი დაინგრა. იმ დღიდან გუმაშვილი მარგოშვილს ეძებდა, რომ ჩადენილისთვის პასუხი მოეთხოვა. აღსანიშნავია, რომ პანკისში ჯერ კიდევ მოქმედებს სისხლის აღების ინსტიტუტი, რის გამოც მარგოშვილების ოჯახი ხეობიდან აიყარა და დიდხანს იმალებოდა. ბოლოს ისინი თელავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ამ ინფორმაციამ გუმაშვილის ყურამდეც მიაღწია და მეუღლის შეურაცხმყოფელს ესტუმრა, თუმცა, შვილებთან და მეუღლესთან ერთად მყოფი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და მხოლოდ ფეხში ესროლა.

მარგოშვილის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ, გუმაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოცხადა, არადა როგორც სოფელ დუისის იმდროინდელი საკრებულოს თანამშრომლები აცხადებდნენ, გუმაშვილი დასაკითხად არავის დაუბარებია. ძებნილი რომ სახლში იმყოფებოდა და არავის ემალებოდა, ამას გუმაშვილების მეზობლებიც ადასტურებენ.

მიუხედავად ამისა, ავთო გუმაშვილის დაკავების მიზნით, 2005 წლის 3 ივლისს პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელთა რიცხვმა ორასს გადააჭარბა. „ავთოს სახლის კარი ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა მასთან მოლაპარაკებას მისივე ამხანაგები ფანჯრიდან ახერხებდნენ. მალე პოლიციელებმა სროლა ატეხეს, რასაც ავთოს მხრიდანაც ჰაერში გასროლა მოჰყვა. ავთოს ნასროლით არავინ დაჭრილა, პოლიციელებმა კი რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს. ...პოლიციამ ავთოს სახლს რაღაც ესროლა და ცეცხლი გაჩნდა. ყველაფერი კვამლმა მოიცვა. დავინახეთ, ფანჯრიდან როგორ გადმოხტა ავთოს ბიძაშვილი, 23 წლის ვახო გუმაშვილი, რომელიც იმ დღეს მასთან სტუმრად იმყოფებოდა. ვახოს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული, აშკარად პოლიციელებისთვის ჩაბარების ნიშნად, მაგრამ სამართალდამცავებმა უდანაშაულო ბიჭი ჰაერშივე დახვრიტეს. ავთო კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გამოწვეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, პოლიციელები შევარდნენ, ავთოს ძვლები ვედროში ჩაყარეს და წავიდნენ,“ - იხსენებს სპეცოპერაციის თვითმხილველი ჯემალ ჩოფიკაშვილი.

სპეცოპერაციის შემდეგ გუმაშვილების ახლობლებმა და ხეობის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მოითხოვეს იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს გადააჭარბეს, თუმცა ამაოდ.

„სპეც-ოპერაციის მსვლელობისას პოლიციელები ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ჩემს ძმას სახლში მძევლები ჰყავდა. არადა ვახოს გარდა, სახლში ჩემი მცირეწლოვანი გოგონა და დედაჩემი იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო ჩემმა შვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაკარგა მხედველობა, ხშირად კარგავს გონებას. ექიმების თქმით, იგი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რისი ხარჯებიც არ გამაჩნია. დღემდე უსახლ-კაროდ ვართ დარჩენილნი და სხვის სახლს ვაფარებთ თავს. ცუდად არის დედაჩემიც, რომელსაც თვალწინ მოუკლეს შვილი და გაუნადგურეს მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, სახლი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. არაერთხელ მოვითხოვეთ დამნაშავე პოლიციელების დასჯა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია,“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში მალხაზ გუმაშვილი. მის სამართლებრივ ინტერესებს ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი დავით მანაგაძე იცავს.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ლიკვიდირებული ავთო გუმაშვილის ძმამ მალხაზ გუმაშვილმა, ზიანის ანაზღაურება შს სამინისტროს სთხოვა, მაგრამ წერილი რეაგირების გარეშე დარჩა.

„წერილით მივმართეთ შს სამინისტროს, რათა მათ აღმოეჩინათ დახმარება მალხაზ გუმაშვილისთვის და აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, მაგრამ წერილი რეაგირების გარეშე დარჩა. 2006 წლის 27 ივლისს კვლავ მივმართეთ შსს-ს, საიდანაც გვაცნობეს, რომ აღნიშნული მასალები მოკვლევისათვის შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა. მივმართეთ გენერალური ინსპექციის კანცელარიას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული წერილი ინსპექციისათვის გადაცემულიც კი არ იყო. ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ამ საკითხის განხილვა შსს-ს კომპეტენციას აღემატება, რის შემდეგაც ზარალის ანაზრაურების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ. სარჩელს თან ერთვის ცნობა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომ სპეცოპერაციის შედეგად გადამწვარი სახლი მალხაზ გუმაშვილის საკუთრებაა. ასევე აუდიტორული დასკვნა, რითაც სახლის ღირებულებად 29 944 ლარი განისაზღვრა. მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ორგანოს, ასევე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო,“ - აღნიშნავს ადვოკატი მანაგაძე და იქვე იმასაც დასძენს, რომ პროცესი სხვადასხვა მიზეზით უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

მალხაზ გუმაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. გუმაშვილის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები