კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ატომური რეაქტორის წინააღმდეგ

19 ივნისი, 2007

siraqib_1.gif

ხელისუფლება კახეთში, შირაქის ტერიტორიაზე ატომური რეაქტორის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები სწორედ ფრანგულ კომპანია „არევასთან“ მიმდინარეობს. მთავრობა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და სანაცვლოდ ქართულ ეკონომიკაში სასიკეთო ცვლილებების მოხდენას ჰპირდება. მოსახლეობა კი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებითა და მშენებლობის დემონტაჟით იმუქრება.

საქართველოში ატომური ელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პარიზში მიხეილ სააკაშვილის ყოფნისას გახმაურდა. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ კი გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელისუფლება ფრანგულ კომპანია „არევასთან“, საქართველოში ატომური რეაქტორის მშენებლობის საკითხზე თანამშრომლობას იწყებს. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ რეაქტორი საქართველოში ელექტროენერგიის ყოველგვარ პრობლემას მოხსნის, ეს იქნება სერიოზული ცვლილებების გარანტი საქართველოს ეკონომიკაში. „თანამედროვე პირობებში ატომური რეაქტორის აშენება 5 წელიწადშიც შესაძლებელია. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმდება უამრავი ადამიანი,“ - განაცხადა კუდავამ.

ოფიციალური ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბირთვული რეაქტორი კახეთში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე აშენდება, რაც რეგიონის მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„დედოფლისწყაროს რაიონში, ქედების ზონის სოფლებში მცხოვრები ადამიანები, ისედაც ავად ვართ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსების მიერ მიტოვებულ შირაქის სამხედრო აეროდრომზე დარჩენილმა რადიაციულმა ნივთიერებებმა, ჩვენი ჯანმრთელობა ისე შეარყია, რომ უამრავი ჩვენგანი სიმსივნით დაავადდა. ბავშვები სისხლის გათეთრებით იხოცებიან. მასობრივად არის გავრცელებული ალერგიული და გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს კიდევ ატომური რეაქტორი გვინდა?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ხალხი. 

„მოგვიწოდებენ, ელექტროენერგია თუ გინდათ, ატომური რეაქტორის მშენებლობასაც უნდა შეეგუოთო. მარტო კახეთში ათამდე მდინარე ჩამოდის. ააშენონ მცირე ჰესები და მოგვცენ შუქი, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს. ...წლების წინ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის გაპრეზიდენტებამდე იყო საუბარი შირაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ატომური რეაქტორის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ მაშინ ეს პროექტი ჩავარდა და როგორც ვიცით, სწორედ შევარდნაძის აქტიურობით,“ - აცხადებენ თამაზ ჩარბოდაშვილი, გიორგი დავითაშვილი, ელგუჯა ხუციანიძე და სხვები.

საქართველოში ბირთვული რეაქტორის შესაძლო მშენებლობას უარყოფითად აფასებენ ექსპერტებიც. მათი თქმით, მსგავსი პროექტი არა მარტო ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე გვაყენებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც შეგვიქმნის პრობლემებს.

საქართველოში პესტიციდების საერთაშორისო ასოციაციის ელჩის ოთარ ქირიას აზრით, ატომური რეაქტორის მშენებლობა არა მარტო კახეთში, არამედ ზოგადად ყველგან მიუღებელია: „იმ დროს, როცა ბულგარეთი, რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროგაერთიანებაში შესასვლელად ემზადებოდნენ, მათთვის მკაცრად იყო განსაზღვრული მსგავსი მოქმედი პროექტების შეჩერება. ბულგარეთი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა იმიტომ, რომ მათი ენერგიის 75 პროცენტი სწორედ ატომური ელ-სადგურიდან მოდიოდა. ერთადერთი, რამაც ევროგაერთიანებასა და ბულგარეთს ატომური ელ-სადგურის დროებით ექსპლოატაციაში დატოვება (ვიმეორებ დროებით) გადააწყვეტინა ეს არის მწარე გამოცდილება რუსეთის ენერგო ბლოკადის შემდეგ.

რაც შეეხება ატომური რეაქტორის შესაძლო მშენებლობას კახეთში, კონკრეტულად კი შირაქის ტერიტორიაზე, ამ ადგილას მშენებლობა გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ, რომ აქ გარემო კლიმატური პირობები საკმაოდ არამდგრადია,“ - აცხადებს ქირია.

- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში ბირთვული რეაქტორის მშენებლობას?

- დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილი გაიჩენს ახალ მეგობრებს და საქართველო კიდევ მრავალჯერ მოექცევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მეგობრებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთიც იმიტომ, რომ ის საფრანგეთის სერიოზული მეგობარია. გარდა ამისა ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში ბოლო 17 წლის მანძილზე მხოლოდ ერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი განხორციელდა - ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენი, რომლის გამოც მადლობას დღემდე შევარდნაძეს უხდიან. საააკაშვილსაც უნდა მსგავსი მასშტაბის და გრანდიოზულობის „სიგელის“ მიღება. სამწუხაროდ, არასდროს გარემოს დაცვა არ ყოფილა პრიორიტეტი. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ამის ჩამოთვლა შეუძლებელია იმიტომ, რომ ის უამრავია. მთავარი არის საფრთხე, უფრო სწორედ საფრთხეების კასკადი: სასიცოცხლო – ანუ მოსალოდნელი კატასტროფა; სამხედრო უსაფრთხოება – ანუ რეაქტორის გასამხედროება და ამ მიზნებისთვის გამოყენება, რაც უკვე კონფლიქტის ბაზისია; სამხედრო პოლიტიკური – ირანი ისედაც იმუქრება მათ გასაგონად, ვინც აშშ-ს ეკეკლუცება. არ დაგვავიწყდეს რუსული აგრესიაც ამერიკული ბირთვული და სამხედრო ინიციატივების მიმართ აღმოსავლეთ ევროპაში; ბიოლოგიური უსაფრთხოება – ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ურანი, რომელიც ატომური ენერგეტიკის მთავარი წყაროა უკონტროლოდ და ქაოტურად არ იქნება საქართველოში იმპორტირებული; წმინდა პოლიტიკური უსაფრთხოება – ჩვენ ვთქვით, რომ ვართ პროამერიკული ქვეყანა. საფრანგეთთან „დამეგობრება“, რომელიც შეიძლება ითქვას რუსეთის „მოძმე“ ქვეყანაა, აუცილებლად გააჩენს კითხვის ნიშნებს ვაშინგტონში,“ - აღნიშნავს ოთარ ქირია.

ექსპერტების თქმით, თუ ვისაუბრებთ ენერგეტიკულ დეფიციტზე, საქართველოს შეუძლია ენერგოუსაფრთხოებაზე იმუშაოს შემდეგი გზებით – ქარი, წყალი, ენგური და ა.შ. „რა მნიშვნელობა აქვს რუსეთიდან დენს პირდაპირ ვიყიდით თუ ქართული რეაქტორისთვის აუცილებელ ურანს შემოვიტანთ ამავე ქვეყნიდან?“ - კითხულობს ქირია.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ორჰუსის კონვენციაზე, რომელსაც მიერთებულია საქართველო და რომლის საფუძველზეც არსებობს ატომური რეაქტორის მშენებლობის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.

„გარემოსთვის ასეთ საშიშ პროექტზე გამარჯვების შანსი არსებობს“ - მიაჩნია ექსპერტს.

ატომური რეაქტორის მშენებლობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, კახეთის მოსახლეობა მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება. „ქუჩაში გამოვალთ. ტერიტორიას სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიცავთ და ამ საშვილიშვილო საფრთხეს მომავალ თაობას აუცილებლად ავაცილებთ. ხელისუფლების გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერც სპეცნაზი და ვერც ტანკები, მშენებლობის დაწყებას არ დავუშვებთ,“ - ამბობს ხალხი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები