კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის ბიუჯეტი 442 მილიონით გაიზარდა

20 ივნისი, 2007

militb.gif

საქართველოს პარლამენტმა 442 მილიონი ლარით გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა.  მართალია, მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, თუმცა კანონპროექტის მიღებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ოპოზიცია თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობას და იმის ახსნას ითხოვდა, თუ რისთვის არის ეს თანხა საჭირო.  ოპონენტთა პასუხი კი მარტივი იყო, რაც გამჭვირვალე უნდა იყოს, გამჭვირვალეა.

თავდაცვის ბიუჯეტის განხილვა ეს ის თემაა, რომელიც ყოველ წელს ხმაურსა და პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირებას იწვევს. ამჯერედაც სწორედ ასე მოხდა. დაპირისპირების ერთი მიზეზი ის გახდა, რომ უმრავლესობამ ოპოზიციის წარმომდგენელი დეპუტატები ნდობის ჯგუფში არ შეიყვანა, მეორე მიზეზი კი ბიუჯეტის ისე დამტკიცება, რომ ოპოზიციამ საინტერესო კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.          

რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, ის პარლამენტის წევრებისგან შედგება და ძირითადად ძალოვან უწყებებთან იქმნება. მისი მიზანია ყველა იმ საკითხის კონტროლი, რაც გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს იწვევს. როცა პარლამენტში თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი იხილებოდა, ოპოზიციამ საკუთარ კანდიდატურად „მემარჯვენე“ დავით გამყრელიძე დაასახელა. უმრავლესობამ კი მისი კანდიდატურა იმ მოტივით არ დაამტკიცა, რომ მას არ ენდობიან. ასე აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიცია ამ ჯგუფის მიღმა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.

ამის შემდეგ კი ოპოზიცია იმ ეჭვებზე და მიზეზებზე ალაპარაკდა, თუ რატომ არის თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მათთვის ხელმიუწვდომელი. როგორც კონსერვატორი კახა კუკავა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციას მალავენ, ის შესყიდვებია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს“.   
 
კახა კუკავა: „არანაირად არ არის დასაბუთებული, რისთვისაა ამდენი თანხა საჭირო. როგორც ჩვენ ვიცით, ეს ძირითადად ერაყის ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს მთავრობა უარს ამბობს იმაზე, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გამჭვირვალე გახდეს. სამხედრო ბიუჯეტი, უახლოეს მომავალში, შეიძლება ძალიან სერიოზული თემად იქცეს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან არმიის აღმშენებლობაზე მილიარდები იხარჯება,  მაგრამ უახლოეს ხანებში შეიძლება აღმოჩდნეს, რომ ეს ფული არმიაში ჩადებული არ არის. ერთ-ერთი მტკიცებულება ის არის, რომ საქართველოს ჯარი პირველივე სამხედრო შეტაკებაში კოკოითის ბანდებს ტყვედ ჩაუვარდა. ჯარი აღლუმებზე არ გამოიცდება. ასევე გაიხსენეთ ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვები უკრაინიდან, რომელიც საქართველოს არმიამ განახორციელა და შემდგომში ეს ტექნიკა უვარგისი გამოდგა. დანარჩენ შესყიდვებზე ინფორმაცია დახშულია და დარწმუნებული ვარ, არც იქ იქნება უკეთესი მდგომარეობა“.   

ბიუჯეტის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივე პრეტენზიები აქვს  მაჟორიტარ დეპუტატ გიგა ბუკიას. მას ეჭვი აქვს, რომ ეს თანხები შესაძლებელია არამიზნობრივად დაიხარჯოს: „დაახლოებით 400 მილიონით გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და არსად არ არის გაწერილი, რა მიზნებისთვის უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, მაგრამ გვაინტერესებს, რაში იხარჯება, როგორ იხარჯება და რამდენად კონტროლდება საბიუჯეტო ხარჯები.  როგორც გვეუბნებიან, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი გასაიდუმლოებულია. სამწუხაროდ, თავად უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციას ნდობის ჯგუფში წარმომადგენელი არ ჰყავს, ამდენად, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დახურულია. როცა ინფორმაცია არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხები შეიძლება ყველა მიმართულებით წავიდეს, მათ შორის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.“

თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის უმრავლესობის წევრი დეპუტატები აცხადებენ, რომ ოპოზიციის პრეტენზიები მათთვის გაუგებარია. ისინი ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაზე საუბარიც ხმამაღლა შეიძლება, საჯაროა, თუმცა ის, რაზეც საუბარი არ შეიძლება, კონფიდენციალურია. იგივეს აცხადებს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. მისი თქმით: „ბიუჯეტი სრულად თავდაცვას და შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება. ის, რაც გამჭვირვალე უნდა იყოს გამჭვირვალეა. არ მესმის, ოპოზიციას სხვა რა უნდა“.

ოპოზიციას რა უნდა, ამაზე თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ფიქრია ჩიხრაძე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციას ის უნდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი კონტროლირებადი იყოს და არასწორი მიმართულებით არ დაილექოს.
 
ფიქრია ჩიხრაძე: „მართალია, თავდაცვვის ბიუჯეტი პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, ჩვენ მისთვის მხარი არ დაგვიჭერია. ისევ და ისევ იმ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რასაც უზარმაზარი ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა ჰქვია. თავდაპირველად შემოთავაზებული ვარიანტით თავდაცვის ბიუჯეტი 444 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2 მილიონი შსს-ში  გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხს წლების განმავლობაში პერმანენტულად ვითხოვთ, ვერ მივაღწიეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყოს გამჭვირვალე.

როცა გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, უმრავლესოსობა გვეუბნება, რომ თავდაცვასთან გვაქვს საქმე და ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ვინც ცოტა მეტად არის საქმეში ჩახედული და დემოკრატიის ანა-ბანა იცის, სწორედ ამ ტიპის ბიუჯეტი ექვემდებარება მონიტორინგს, განსჯას და კონტროლს. ჩვენ არ ვითხოვთ,  დაითვალონ, რამდენი ტყვიაწამალი თუ საბრძოლო ტექნიკა  შემოიტანეს, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ არც ეს ინფორმაციაა საიდუმლო. ჩვენ ვართ შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი და მიერთებული ქვეყანა და ყოველწლიურად ჩვენ ამ ინფორმაციას შესაბამის ცენტრში ვაგზავნით. თუ ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა სხვა ქვეყნებში და სხვა ქვეყნებისთვის, რატომ გახდა ის საიდუმლო ქართული საზოგადებისათვის, მედიისთვის და ოპოზიციისთვის?“

ჩიხრაძეს, როგორც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრს, ეჭვი აქვს, რომ ბიუჯეტის გაუმჭვირვალობის მიღმა ძალიან სერიოზული თანხების გაურკვეველი მიმართულებით ტრიალი იგულისხმება. ამის ერთ-ერთ მაგალითად დეპუტატს, როგორც სხვა ოპოზიციონერებს, უკრაინასთან ატეხილი ხმაური მოყავს. კერძოდ, საქართველომ უკრაინაში რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორი შეისყიდა და აღმოჩნდა, რომ ის უვარგისი იყო.   

„ეს შემთხვევა თავდაცვის კომიტეტზე გავიხსენე. მაშინ ვთქვი, რომ მეტი გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო, იქნებ თავი დაგვეზღვია, ასეთი არასასურველი ფაქტებისაგან. ამას მოჰყვა გადაბრალებები, თავდაცვის რომელი მინისტრის დროს მოხდა ასეთი უპასუხისმგებლო კონტრაქტის გაფორმება. საუბარი იყო 150 მილიონიან ზარალზე და გამქრალ ფულზე. ტყვიაწამალს რომ თავი დავანებოთ, როცა გვეუბნებიან, ოფიცრებისთვის ბინები უნდა აშენდესო, თუ კონკრეტულად არ ითქვა რამდენი ბინის მშენებლობა იგეგმება, სად და რა ჯდება, სხვანაირად როგორ უნდა გავაკონტროლოთ ეს თანხა?“- ასეთია ჩიხრაძის პოზიცია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც საუბარია თავდაცვის სამინისტროს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე 2007-2010 წლებში. მისი მიხედვით, თავდაცვის ბიუჯეტიდან 955 370,0 ლარი შემდეგნაირად უნდა განაწილდეს: მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება - 145 756,7 ლარი (შარშან კი ეს თანხა 103 732,2 ლარს შეადგენდა); დამქირავებლიდან ანარიცხები - 30 354,3 ლარი (შარშან იყო 21 505,9); მივლინებები - 47 573,4 (შარშან – 27 196,9); სხვა საქონელი და მომსახურება - 282 145,6 ლარი (შარშან - 261 236,5);  კვების ხარჯები - 26 500,  6 ლარი (15 131,8); ტრანსფერები - 10 875,9 ლარი (შარშან - 5 314,3); კაპიტალური ხარჯები - 438 664,1 ლარი (შარშან - 438 664,1).         

აღნიშნულის გარდა, ამ დოკუმენტში სხვა არაფერია ნათქვამი. ბიუჯეტის დანარჩენი ნაწილის ხარჯვა გაწერილი არ არის.  აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი თავი სტრატეგიას ეხება, სადაც შემდეგი მიზნებია ჩამოთვლილი: 1. სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება სამსახურის დისლოკაციის ადგილის მიხედვით: 2. ცალკეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაზრდა; 3. სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლება.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, დოკუმენტში ვკითხულობთ: „შეიარაღებული ძალების რიგებში მოიზიდება მაღალკვალიფიციური პერსონალი; სამხედრო მოსამსახურე და მისი ოჯახი იქნება სოციალურად დაცული, რაც შესაბამისად აამაღლებს სამხედრო მომსახურის პრესტიჟს და მოტივაციას; ახალგაზრდობას გაუჩნდება სურვილი, იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში“.

რაც შეეხება სხვა მიზნებს, დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის ამაღლებაზე; შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაცია-შეკეთებაზე; სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მოდერნიზაციაზე და საერთაშორისო პროგრამებსა და მისიებში მონაწილეობაზე.

სამხედრო ექსპერტი, ამერიკაში საქართველოს თავდაცვის პირველი ატაშე არჩილ ცინცაძე: „სამწუხაროდ, არა მარტო ამერიკელების მიერ გაწვრთნილი კადრები ტოვებენ სისტემას, არამედ სხვა, ნატოს წევრ ქვეყნებში მომზადებული კადრები შეუდგნენ სამოქალაქო ცხოვრებას. პროფესიონალური კადრების ასეთი დენადობით შეიარაღებული ძალები ვერ აშენდება. უკვე მომზადებულ საკუთარ კადრებს უნდა გავუფრთხილდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი თანხა წყალში გადაყრილი იქნება. ბიუჯეტი რაც არ უნდა გაიზარდს, თუ ეს თანხები ასე გადაიყარა წყალში, რა აზრი აქვს მის ზრდას. ახალგაზრდა კადრების დაინტერესებისთვის მაგალითს უფროსი ოფიცრები უნდა წარმოადგენდნენ. როცა მათი დაფასება არ ხდება და სისტემაში მათი ადგილი არ არის, ამას ახალგაზრდები ხედავენ და შესაბამისად ინტერესიც არ იქნებათ. იარაღის გამოცვლა მარტივია, ოფიცრის მომზადებას კი მინიმუმ 10 წელი სჭირდება.“   

ეკა გულუა  

 

ახალი ამბები