კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრაგედიისთვის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, არავინ დაისჯება?!

21 ივნისი, 2007

dangrevab.gif

უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობამ, ცოტა ხნის წინ, გურჯაანში, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თამაზ ყავალაშვილი, ვასიკო აბესაძე და არასრულწლოვანი იმედა სისაური ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ. ისინი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი პარტნიორის ზურაბ ფერიშვილის დავალებით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ღვინის მარანს აშენებდნენ. მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, იმ მიზეზით, რომ დაზარალებულებს მშენებარე ობიექტის მფლობელთან პრეტენზიები არ აქვთ, გამოძიება შესაძლოა შეწყდეს.

ტრაგიკული შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში 2007 წლის 28 მაისს მოხდა. ზურაბ ფერიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ღვინის მარნის ასაშენებლად საჭირო საძირკველის გაჭრისას, მეზობლის სახლის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ ოთხი ადამიანი მოჰყვა. სამი გარდაიცვალა, ერთი კი გადარჩა. თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა თავად ზურაბ ფერიშვილი. „იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და მითითებებსაც თავად აძლევდა მუშებს. საკუთარი სახლის ეზოში ღვინის სარდაფის მშენებლობა ერთი წელია რაც დაიწყო. ფერიშვილი აქაურობას მას შემდეგ გაეცალა, რაც კედელი ჩამოინგრა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ფერიშვილის მეზობელი ნინო აბესაძე, რომლის სახლის კედელიც ჩამოინგრა, ამბობს, რომ უკანონო მშნებლობის შეწყვეტისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მათ მეზობელი რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, ამაოდ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ფერიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მიმდინარე მშენებლობა აბსოლუტურად უკანონო იყო. „აღნიშნული ობიექტის მშენებლობის შესახებ, ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კედელი ჩამოინგრა და ხალხი დაიღუპა. ობიექტის ფართი იმდენად დიდია, რომ მისი მშენებლობა კონკრეტულ ადგილას დაუშვებელია. უსაფრთხოების არანაირი ზომები დაცული არ არის. არ არსებობს არც პროექტი, არც გეოლოგიური დასკვნა და არც მშენებლობის ნებართვა. უკანონო მშენებლობის თაობაზე ჩვენთვის პრეტენზიითაც არავის მოუმართავს,“ - აღნიშნავს არქიტექტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლალი ხაჩიშვილი.

სოფელ ველისციხის მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მშენებლობის შესახებ ცნობილი იყო მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული წარმომადგენლებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც, რასაც გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი კატეგორიულად უარყოფს.

„მშენებლობის თაობაზე გამგეობისთვის არავის მოუმართავს. მე ნამდვილად არაფერი ვიცოდი და თუ ვინმემ რამე იცოდა და დამალა, ვერ გეტყვით. ვესაუბრე სოფელ ველისციხის ხელმძღვანელსაც, რომელმაც ასევე მითხრა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მოხდა უბედური შემთხვევა, რაც იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, ვინც აქ მშენებლობა დაგეგმა. ეს ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,“ - აღნიშნა რამაზ ქერეჭაშვილმა.

ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე მისულმა პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმიწიფო რწმუნებულმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მომხდარს აუცილებლად მოჰყვებოდა მკაცრი რეაგირება. „არასპეციალისტიც მიხვდება, რომ აქ მშენებლობა დაუშვებელია. ეს დანაშაულია და აუცილებლად დაისჯება. არ შეიძლება მშენებლობა ასე ბრმად აწარმოა, ვისიც არ უნდა იყოს იგი,“ - აღშფოთება ვერ დამალა მაშინ გუბერნატორმა.

სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძიება შესაძლოა შეწყდეს. „სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი აწარმოებს. უკვე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები. ძიების დასრულების შემდეგ განვსაზღვრავთ, როგორ ვიმოქმედოთ. რაც შეეხება უკანონო მშენებლობაზე არასრულწლოვანის მუშაობას, ამას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს,“ - ამბობს გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ბიკაშვილი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას სწორედ გურჯაანის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ღვინის მარანი ფერიშვილის უშუალო დავალებით და მითითებებით შენდებოდა, ანუ მშენებლობას არ აწარმოებდა რომელიმე სამშენებლო კომპანია ან მშენებელთა ჯგუფი. მათივე თქმით, მუშებიც უშუალოდ ფერიშვილის მიერ იყვნენ დაქირავებულნი. „16 წლის იმედა სისაურს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. მშენებლობაზე მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ გამოსაშვები საღამოსთვის საჭირო ტანსაცმლის შესაძენად თანხა სჭირდებოდა. მის მსგავსად აქ სხვადასხვა დროს სხვა ბავშვებიც მუშაობდნენ. ერთადერთი გადარჩენილი - ვასიკო აბესაძეც 17 წლის იყო. მამამისმა ჰკრა ხელი და გადაარჩინა,“ - აღნიშნეს ფერიშვილის მეზობლებმა, თუმცა ვინაობის საჯაროდ გამხელა არცერთ მათგანს არ სურს.

იურისტის განმარტებით, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან წარმოიშობა, თუმცა, აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ისეთ მძიმე სამუშაოზე, რომელიც ზიანს აყენებს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დამქირავებლის მიერ უხეშად იყო დარღვეული შრომის კანონთა კოდექსი, მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობა არაოფიციალური იყო. არ შეიძლება არასრულწლოვანის დასაქმება მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად, თუნდაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შრომის კანონთა კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რომლის თანახმადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თუ ისინი დაზარალებულებად არიან ცნობილნი, უფლება აქვთ დაიწყონ სამოქალაქო დავა და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება,“ - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი.

როგორც ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, ისინი ჩივილს არ აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ფერიშვილმა მათ ფინანსური დახმარება გაუწია.

თავად ზურაბ ფერიშვილს მომხდართან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს.

დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიების არ არსებობის გამო კი შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე ძიება შეწყდეს, რასაც პირად საუბარში, არც პროკურატურაში უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ გამოძიებას დღემდე ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები