კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი ხმაურიანი დაჭერების მოლოდინში

25 ივნისი, 2007

gamgeobis_senobab.gif

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი კახეთში რაიონულ გამგეობებს ამოწმებს. დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიებაც სისხლის სამართლის საქმეზე, გურჯაანის რაიონული საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელ პირთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. სამოხელეო დანაშაულებს იძიებს პროკურატურაც.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, რეგიონში, რამდენიმე მაღალჩინოსანსაც დააკავებენ, მათ შორის შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნუგზარ აბულაშვილიც აღმოჩნდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, მითვისება და გაფლანგვა აღარავის უკვირს. თუმცა, მეთოდები, რომლითაც ჩინოვნიკები ფულს იპარავენ, ბევრს აკვირვებს.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდის შესახებ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ცოტა ხნის წინ წერდა. გურჯაანის რაიონული გამგეობის ყოფილმა და ახლანდელმა ჩინოვნიკებმა, ბიუჯეტიდან თანხები უცხოელი სტუმრების მასპინძლობის საბაბით მიითვისეს. ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევისას აღმოჩნდა, რომ გამგეობის წარმომადგენლები თანხის მითვისებისათვის, სასტუმროში დაბინავებული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრების მონაცემებს აგროვებდნენ, რის შემდეგაც მათ „გასამასპინძლებლად“, გამგებლის სპეციალური განკარგულებით ან უამისოდ, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა ხდებოდა. თანხის მიღებას სასტუმროს დირექცია ადასტურებდა, თუმცა, რეალურად, ფული გამგებლის და მისი თანამზრახველების ჯიბეში მიდიოდა ან სასტუმროს კუთვნილ რესტორანში მათ დროსტარებას ხმარდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (ყოფილი ფინანსური პოლიცია) საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით. როგორც საგამოძიებო დეპარტამენტში განაცხადეს, გამოძიება სხვა გარემოებებთან ერთად იკვლევს გაზეთ „იმედში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის „ქეიფი და დროსტარება ბიუჯეტის ხარჯზე“ მოცემული ფაქტების რეალობას.

„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია და მიმდინარეობს რევიზიები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება და მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. საქმის გამოძიება აყვანილია კონტროლზე,“ - ამბობს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი კოდოშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ფინანსური დარღვევებით გურჯაანის რაიონული პროკურატურაც დაინტერესდა. საქმე იმაშია, რომ ქალთა დღესთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხელმძღვანელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე ქალბატონებს ასაჩუქრებს. გასულ წლებში საჩუქარს 20, 30 ან 50 ლარი შეადგენდა. წელს კი ქალბატონები ხელფასის მიხედვით დასაჩუქრდნენ. მოხელეებმა კუთვნილი სარგოს ნახევარი მიიღეს, თუმცა, გამგეობის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოთხოვნით, 20 ლარი უკან დააბრუნეს. როგორც მაშინ გამგეობის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეგროვილი თანხით გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებისთვის ძვირადღირებული საჩუქრები უნდა შეეძინათ.

„პრემიები 7 მარტს მივიღეთ, საიდანაც 20 ლარი, სამსახურის უფროსის კატეგორიული მოთხოვნით, უკან დაგვაბრუნებინეს. განყოფილების თანამშრომელი ციციშვილი ცელოფნის პარკით დაგვყვებოდა და ფულს აგროვებდა. როგორც ვიცი, თანხები არა მარტო ჩვენს სამსახურში, არამედ გამგეობის სხვა განყოფილებებშიც შეაგროვებინეს. გვითხრეს, გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებს, სარვამარტო საჩუქრები უნდა ვუყიდოთო. ფულს თუ არ დავდებდით, რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნებოდა. ამ მოთხოვნას თან მუქარებიც ახლდა, სამსახურიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ,“ - აღნიშნეს გამგეობის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებმა.

მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალური ცნობით, ამბის გახმაურების შემდეგ, გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებმა საჩუქრები უკან დააბრუნეს, პროკურატურა სამოხელეო დანაშაულით მაინც დაინტერესდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი უფლება – მოსილების ბოროტად გამოყენება, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „წინასწარი გამოძიება დაიწყო პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის საფუძველზე, სადაც გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები. დავკითხავთ მოწმეებს და მათ მიერ მოცემული ჩვენებების შემდეგ განვსაზღვრავთ, როგორ ვიმოქმედოთ,“ - განაცხადეს გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში.

მოწმეები მზად არიან გამოძიებას ჩვენება მისცენ. „ჩემამდე კუთვნილი პრემიის მთელი თანხა საერთოდ არ მოსულა, ანუ ისე დააკავეს, რომ არაფერი ვიცოდი. რომ ვიკითხე, მერე მითხრეს, გვჭირდებოდა და ამიტომ დაგაკელით ფულიო,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა თინათინ ზარდიაშვილმა.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლები ფინანსურ დარღვევებს დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის გამგეობებშიც სწავლობენ. ფინანსურ პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, მიანიშნებენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი, გამგეობებში კონტროლის პალატის გეგმიური შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ როგორც ლაგოდეხის, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობებში. ფინანსურ პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში, კახეთში, მაღალჩინოსნები დააკავონ. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ, უკვე დააკავეს პრივატიზაციის რეგიონული სამსახურის მაღალჩინოსანი დავით მაისურაძე.

კახეთის საოლქო პროკურატურა საქართველოს პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის საქმიანობით დაინტერესდა. როგორც გაზეთ „იმედს“ პროკურატურაში განუცხადეს, არის კონკრეტული ფაქტები და სხვა ბრალდებები პარლამენტარ ნუგზარ აბულაშვილის წინააღმდეგ, რომლის მოკვლევაც ხდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ. სანდო წყაროს ცნობით, დეპუტატს მალე დააკავებენ. მას სამსახურებრივი უფლება – მოსილების ბოროტად გამოყენების გარდა, შესაძლოა, 2006 წლის 15 ივნისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტების დარბევაშიც წაუყენონ ბრალი.

შეგახსენებთ, თავდასხმის დროს, მედიის წარმომადგენლებს დაუმტვრიეს ტექნიკა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულებმა დარბევის ორგანიზებაში ნუგზარ აბულაშვილი მაშინვე დაადანაშაულეს, თუმცა, ამით არავინ დაინტერესებულა. პოლიციამ უშუალოდ თავდამსხმელები, ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი დააკავა. მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ ყველა გაათავისუფლა. დაზარალებული ჟურნალისტები დღემდე ითხოვენ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვას და დამნაშავეთა დასჯას, თუმცა, ამაოდ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მომჩივან ჟურნალისტებს დაპატიმრებითაც ემუქრება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები