კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნური ამბავი ქართულად...

25 ივნისი, 2007

mad.gifსაიდის და მადინას მეზობელი ეზოში ჭურჭლის რეცხვით ისეა გართული, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორ შევაღეთ მე და ჩემმა ფოტოგრაფმა რკინის კარი და თავზე წავადექით. გასაპნული ხელები ჩამოიბერტყა მეზობელმა:
-საიდ, თქვენ გეძებენ, ზევითკენ აიძახა...
ვიწრო კიბეებს მივუყვებით. ნახევრად ცისფრად შეღებილი პატარა სახლის კარი ღიაა:
- უმარ არ გრცხვენია? ასე უტრუსიკოდ ხვდები სტუმრებს? - ხელში იყვანს  ორი წლის უმარს მადინა...
„არ მეგონა ასეთი ახალგაზრდები თუ იქნებოდით,“ - გვეუბნება მადინა, - „არ შეგეშინდეთ, არეულები ვართ, ბავშვები ბაღიდან ახლა დაბრუნდნენ და ყველაფერი თავდაყირა დგას,“ - მადინა ცალი ხელით უმარს აცმევს შარვალს და ცალი ხელით აბუ-ბაქარს უსწორებს ქერა თმას (და რატომ მეგონა, რომ ჩეჩნები აუცილებლად შავგვრემნები უნდა იყვნენ?)
- საიდ, სტუმრები მოვიდნენ, ქმარს შესძახის მადინა...
აბუ-ბაქარს ისე მოეწონა ფოტო-აპარატი, რომ გარშემო ვეღარაფერს ამჩნევს და დიდი თვალებით ობიექტივში იყურება. უმარი აშკარად შეაწუხა ჩვენმა სტუმრობამ, დედას ეხუტება და ზურგს გვაქცევს.
- ააა, აბუ-ბაქარ, მოგეწონა გოგოები? - ოთახიდან საიდი გამოდის, ასე იცის, გოგოებს ეპრანჭება ხოლმე, თავზე უსვამს ხელს საიდი სამი წლის აბუ-ბაქარს...

კოჭებამდე ქვედაბოლოსა და მოყვითალო თავსაბურავში გახვეულ ჩეჩენ მადინას ლამაზი თვალები აქვს. მარტო თვალები კი არა, საერთოდაც ისეთი ლამაზია, რომ უნდა ვაღიარო, გაკვირვებული ვრჩები. და თუ ვინმე მკითხავს ჩეჩენი საიდი რატომ მოგეწონაო, ვეტყვი, ასეთი გულღია ღიმილი, იშვიათად მინახავს-მეთქი... მე ასეთები დავინახე ისინი იმ დღეს და რა ვიცი, შეიძლება სხვანაირებიც კი არიან. და კიდევ, საიდს ლურჯი თვალები აქვს. 

* * *
sad_madb.gif42 წლის საიდი და 26 წლის მადინა ჩეჩენი ლტოლვილები არიან. უკვე ხუთი წელია თბილისში ცხოვრობენ და ორ შვილს - აბუ-ბაქარსა და უმარს ზრდიან. მადინამ შარშან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა რეზიდენტურას სტომატოლოგიურ კლინიკაში „დენტ ივერში“ გადის.

თბილისამდე იყო პანკისი, პანკისამდე, ჩეჩნეთი და ომი...

„საქართელოში დედასთან ერთად 1999 წლის 24 დეკემბერს ჩამოვედი,“ - ყვება საიდი. „შატილის მხრიდან გადმოვედით. არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება. მაშინ საქართველოში ჩვენი შემოშვება არ უნდოდათ, ყაზბეგში წაგვიყვანეს და რუსებისთვის გადაცემას გვიპირებდნენ. მაგრამ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დაგვეხმარნენ, ახმეტაში გადაგვიყვანეს და პანკისში სხვა ჩეჩნებთან ერთად დავსახლდით. მალე დედა ისევ გროზნოში დაბრუნდა, მამა იქ დავტოვეთ და მასთან წავიდა. პანკისში სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ისტორიას ვასწავლიდი. იქ გავიცანი ჩემი მადინაც,“

მადინა საქართველოში შვიდი წლის წინ ჩამოვიდა. მისი მშობლებიც გროზნოში დარჩნენ და მათ გარეშე ცხოვრებას დღემდე ვერ ეგუება. მადინას გაუმართლა და გაეროს ორგანიზაციის დახმარებით, 2001 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში „ალმა მატერში“ სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა: „უნივერსიტეტი შარშან დავამთავრე. ახლა რეზიდენტურას გავდივარ. ოქტომბრამდე პრაქტიკები მაქვს, მერე გამოცდა უნდა ჩავაბარო და იმედი მაქვს ლიცენზიასაც მივიღებ. საბედნიეროდ, გამიმართლა და სწავლის საფასურს გაეროს ლტოლვილთა პროგრამა მიფარავდა. ჩემთვის, როგორც წარჩინებული სტუდენტისათვის, გამონაკლისიც დაუშვეს და რეზიდენტურის საფასურსაც ისინი მიხდიან. ქართველი მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მე განათლება მიმეღო. ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ ლტოლვილი ვარ. ოქტომბრის შემდეგ კი არ ვიცი რას ვიზამ. სამსახურის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. მინდა, ჩემს პროფესიაში კიდევ უფრო ბევრი ვისწავლო. კარგი იქნება, თუ ტრეინინგებსა და სემინარებს დავესწრები. ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. საიდი ხელს არასდროს შემიშლის იმაში, რომ წინ წავიდე და წარმატებას მივაღწიო. ის ყოველთვის მეხმარებოდა და მომავალშიც დამეხმარება,“ - მეუბნება მადინა. madd.gif

ქართული მესმის, მაგრამ კარგად ვერ ვლაპარაკობო, წუხს მადინა: „ისე მოხდა, რომ სადაც ვცხოვრობდით, გარშემო რუსული ყველამ იცოდა და ამის გამო, ქართული ენა ჯერ-ჯერობით ვერ ვისწავლე.“

ის ადარდებს მადინას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გამუდმებულ გაურკვევლობაში ცხოვრობენ: „არ ვიცით, მომავალში რა იქნება, აქ დავრჩებით, სამშობლოში დავბუნდებით თუ კიდევ სხვა ქვეყანაში მოგვიწევს წასვლა. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამას ჩვენ არ ვირჩევთ.“

დღესდღეობით არც საიდი მუშაობს. თუმცა, წინა წლებში მან კონფლიქტების საკითხებში არაერთი ტრეინინგი გაიარა და ახლა საქართველოში კონფლიქტების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ფესტივალში როგორც კონფლიქტოლოგიის ექსპერტი ისე მონაწილეობს: „სამუშაოს პოვნა ჩეჩნებს კი არა, აქაურ მაცხოვრებლებს უჭირთ. ადრე ამას კიდევ ერთი პრობლემაც ემატებოდა. ბავშვების დამტოვებელი არავინ გვყავდა. ჩვენი მშობლები ჩეჩნეთში ცხოვრობენ. მადინას აუცილებლად უნდა ესწავლა, ამიტომ ხშირად მე მიწევდა ბავშვებთან ყოფნა. ახლა ბიჭები წამოიზარდნენ და საბავშვო ბაღში დადიან, ასე რომ, ამის გამო, ცხოვრება უფრო გაგვიადვილდა და იმედი მაქვს, სამსახურსაც მალე გამოვნახავ.“

საუბრისას მადინა და საიდი ერთმანეთს შეჰყურებენ. ლაპარაკობენ, იცინიან, ამბებს ყვებიან და ერთმანეთს თვალს კი არ აშორებენ. სიყვარულის ბრალი უნდა იყოს, მგონი...

მადინა იმ წლებს იხსნებს, როდესაც სტუდენტი იყო და თან ორი პაწია ბიჭის მოვლა მხოლოდ და მხოლოდ საიდის დახმარებით უწევდა: „ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი სამეცადინო მქონდა, არადა ბავშვები პატარები იყვნენ. ჩემი თქმა რად გინდათ, ისედაც გეცოდინებათ, შვილები დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან ვიჯექი და ვფიქრობდი, იქნებ სწავლას თავი დავანებო და ოჯახს მივხედო-მეთქი. მაშინ მეგონა, ორივე საქმეს თავს ვერ გავართმევდი. მაგრამ ვიპოვე ძალა, რომელიც დამეხმარა, შვილებიც გამეზარდა და მესწავლა კიდეც. ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, ღამეებს ვათენებდი და ხშირად წიგნებზეც მეძინებოდა, მაგრამ სწავლას თავი მაინც არ დავანებე. სამაგიეროდ, რაც ბიჭები საბავშვო ბაღში წავიდნენ, შრომა შეგვიმსუბუქდა. ახლა იმდენი დროც კი გამიჩნდა, რომ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლას ვფიქრობ. ვხვდები, უცხო ენის, განსაკუთრებით ინგლისური ენის გარეშე, დღეს ცხოვრება აღარ შეიძლება.“
 
bav.gifსაიდი კი იმით არის კმაყოფილი, რომ ქართველებთან იმის გამო, რომ ჩეჩნები არიან არასდროს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ: „არ ვიცი, შეიძლება ღმერთმა დაგვიფარა ამისგან. ყოველთვის ძალიან კარგი ადამიანები გვხვდებოდნენ. მართალია, თავიდან ისეც იყო ხოლმე, რომ როდესაც გაიგებდნენ, მათ სადარბაზოში ჩეჩნები ცხოვრობდნენ, შორიდან და თითქოს შიშითაც კი გვაკვირდებოდნენ, მაგრამ მერე, როდესაც უფრო ახლოს გაგვიცნობდნენ, ყველანი ძალიან კარგად გვექცეოდნენ ხოლმე. მახსოვს, ერთ-ერთი ნაქირავები სახლიდან რომ გადმოვდიოდით, მთელი სადარბაზო გამოვიდა ჩვენს გასაცილებლად. არც კი ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ გვიცნობდა. ზოგმა ისიც კი გვითხრა, ჩეჩნებზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდაო. საქართველოში ძალიან ბევრი და კარგი მეგობარი გავიჩინეთ.“

საიდიც და მადინაც ერთ აზრზე დგანან: „აქედან ჩვენ მარტო სამშობლოში თუ  დავბრუნდებით, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში წასვლა არ გვინდა. საქართველო ჩვენთვის, ჩეჩნებისთვის, გაცილებით ახლობელია, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყანა. ერთი რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, მხოლოდ და მხოლოდ, ეს გაურკვევლობაა, არ ვიცით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. არ ვიცით, რა გველის. ჩვენ ვხვდებით, რომ აქ არავის ვჭირდებით, ჩეჩნეთში იმის გამო ვერ ვბუნდებით, რომ იქ აუტანელი სიტუაციაა. იქაურ ანტიჰუმანურ რეჟიმს ვერ შევეგუებით ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, სამშობლოში გვინდა ცხოვრება, იქით მიგვიწევს გული, მაგრამ პუტინისეულ რეჟიმში ვერ ვიცხოვრებთ.“ 

როგორც მადინა ყვება, მას საქართველოსთან, აქაურ ტრადიციებთან შეგუება არ გასჭირვებია: „იმიტომ, რომ ბევრი საერთო გვაქვს. საზღვარგარეთ ჩვენ გაცილებით უცხოდ ვიგრძნობდით თავს, შეიძლება იქ ეკონომიურად უკეთესადაც ვყოფილიყავით, მაგრამ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, იქაურ კულტურასთან და ტრადიციებთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ისე მგონია, რომ ქართველებიც ჩვენიანები არიან. აქაურობას და აქაურ ხალხს ისე მივეჩვიე, რომ მომავალში, მათ გარეშე ძალიან გამიჭირდება. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი ქართველების შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ როგორც კი ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, სამშობლო სულ მენატრება, იქ დაბრუნება მინდა, მაგრამ აქაც, როგორც ჩემს სახლში, ისე ვგრძნობ თავს.“

„ჩვენი ოჯახური ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს,“ - მეუბნება საიდი, - „ ვთვლი, რომ საკმაოდ თამანედროვედ ვაზროვნებ, მაგრამ, ამასთანავე, ისიც ვიცი, რომ ტრადიციების დავიწყება არ შეიძლება. ევროპაში და ამერიკაში დაუპატიჟებლად დედასთანაც კი ვერ მიხვალ, ჩვენთან კავკასიაში კი სტუმართმოყვარეობა სულ სხვა საფეხურზეა აყვანილი. მე ამ ტრადიციებს ვაფასებ ჩვენს კულტურაში. ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ არ გვჭირდება ევროპული ფასეულობების თავს მოხვევა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.“

მადინას და საიდის ოცნება სახლში დაბრუნებაა... და კიდევ „გვინდა ჩვენი შვილები კარგ, ნამდვილ პატრიოტებად გავზარდოთ.“

sadb.gifასე ნუ დავცილდებით, ვიმეგობროთო, მეუბნება მადინა, ჩემს ბლოკნოტში იმდენი ნინოს ნომრები მიწერია - ნინო დიდი, ნინო პატარა, ნინო შავგვრემანი, ნინო ქერა და ახლა ნინო-ჟურნალისტს მივამატებო... კიდევ ჩემი ამბებიც გამომკითხა...

წამოსვლის წინ, ჩვენს ფოტოგრაფს საიდმა საქმროც გამოუძებნა, ქართველია, გიორგი ჰქვია, მართლა კარგი ბიჭია, ვეტყვი, გოგო გავიცანი, დიდი, კეთილი თვალები აქვსო...

საიდმა და მადინამ მკითხეს, როგორ გგონია, ვის დააინტერესებს ჩვენი ამბავიო?.. რა ვიცი, ალბათ იმათ, ვისაც ჩეჩნები მარტო ლტოლვილები, ტერორისტები და თავსმოხვეული პრობლემები ჰგონიათ.

და რაღა დასამალია, რომ ჩეჩენი ქალი, ჩემში ყოველთვის შაჰიდ ქალთან ასოცირდებოდა. და ან ის რაღა დასამალია, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩეჩენ კაცს ცისფერი თვალებით...

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები