კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიბერე ბნელში

28 ივნისი, 2007

მთელი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში გაატარა, დარჩენილ სიცოცხლეს კი ბნელში ატარებს. 70 წლის თინა ბიბილურიძეს ორი წელია შუქი არ აქვს. მას 38 ლარიანი პენსია მთლიანად წამლებში ეხარჯება.

,,გინდ დაწერე, გინდ არა,  მაინც რა მნიშვნელობა აქვს? ახლა უბრალო ხალხის ვის ესმის?“ - ეს სიტყვები მოხუცმა სახლში შესვლისთანავე მითხრა.

სახლი ძველია, მყარი კედლებითა და მაღალი ჭერით. ფანჯრებზე ნახევრად ჩამოხეული ფარდები ჰკიდია. მაგიდაზე გაცრეცილი პარკი და სანთლიდან ჩამოღვენთილი წვეთებით სავსე ჭიქები დგას. ზოგ ჭიქაში მარილიც ყრია, სანთლების დასამაგრებლად. ეს მოხუცის მიერ მოგონილი ,,შანდლებია“.

ცისფერთვალება მოხუცი ჩემს წინ მაგიდასთან ჯდება. დამჭკნარი ხელებს მუხლებზე იწყობს და წარსულზე მესაუბრება. წარსულში ბევრი კარგი მოსაგონებელი დარჩა, თუნდაც ის -  თუ როგორ წამოწვებოდა საკუთარ სახლში საწოლზე და გვიანობამდე როგორ უყურებდა ტელევიზორს.

,,ქართული ფილმები ძალიან მიყვარს. ჩემთვის წყნარად შუაღამემდე შემეძლო მათი ყურება,“ - ამბობს ის. მარტოხელა მოხუცს უკვე ორი წელიწადია, არც ტელევიზორი აქვს და არც სინათლე.

,,ტელევიზორი კარგა ხანია გამიფუჭდა, სინათლე კი ორი წელიწადია რაც გამომირთეს. სულ მეზობლებთან ხომ ვერ დავჯდები, მრცხვენია. არადა ხანდახან ისე მინდა ქართული ფილმების ნახვა ხოლმე,“ - ნატრობს მოხუცი.

ინდივიდუალურმა გამრიცხველიანებამ სხვების მსგავსად თინა ბიბილურიძეც საგონებელში ჩააგდო. ენერგოკომპანიიდან მოსულ საგადასახადო ქვითარში საკმაოდ დიდი თანხა იყო მითითებული.

,,გადასახადს ყოველთვის ვიხდიდი, მერე ქვითარი, რომ მომივიდა, ჩავხედე და ელდა მეცა! 130 ლარიანი დავალიანება მომივიდა. რითი გადავიხადო? რითი?! ელ-ქსელებში ასჯერ მივედი, მაგრამ, სანამ არ გადაიხდი, არ ჩაგირთავთო. ამხელა ფული  რისთვის უნდა გადავიხარო? ან როგორ?“  - გაოცებული კითხულობს მოხუცი.

,,აი, ეს არის შენი მთავრობა!“ - გაღიზიანდა საუბრისას თინა ბიბილურიძე და თან ჩუმად ცრემლიც მოიწმინდა.

,,გუბერნატორთანაც დამიბარეს, გამიხარდა ავშენდი-მეთქი, მაგრამ რად გინდა? ვერავინ დამეხმარა,“ - სინანულით ამბობს თინა ბიბილურიძე.

მოხუცი უფასო სასადილოს ყოველდღიური სტუმარია, თუმცა . . .

,,უფასო სასადილოში დავდივარ, მაგრამ მირჩევნია ფული მომცენ. თვითონ უფრო სჭირდებათ ეს სასადილო და ამას როგორ გააკეთებენ,“ - დასკვნაც გამოაქვს მოხუცს, ხოლო ,,თვითონში“  ვის გულისხმობს აღარ აკონკრეტებს. წვრილი თითებით მაგიდის გადასაფარებელს წმენდს  და ვამჩნევ, რომ ნერვიულობს.

,,ახალციხის პროფ - ტექნიკუმში 23 წელიწადია კომენდატად, ხოლო,  მანამდე ქიმწმენდაში ხელოსნად ცამეტი წელი ვიმუშვე. მუშაობის  დიდი სტაჟი კი მაქვს, მაგრამ რად მინდა? მაინც გაწამებული სიბერე მერგო.“ 

,,ორჯერ ფილტვების ანთება გადავიტანე, მთელი პენსია ჩემს წამლებს მიაქვს.“

მოხუცი არც ნათესავებს აწუხებს: ,,ნათესავები კი მყავს მაგრამ მე ვინ დამეხმარება, ყველას თავისი გაჭირვება აქვს. კიდევ კარგი თავზე მაინც არ მაწვიმს,“ - უღიმღამო ცხოვრებაში ნათელ მხარესაც ხედავს მოხუცი.

გაჭირვების მიუხედავად სახლში სტუმრის მისვლა უხარია. ბავშვობაში ზამთარი ჰყვარებია, ახლა კი აშინებს.

,,წელს რა იქნება, არ ვიცი, ისევ ლოგინში მომიწევს გამოზამთრება,“ - ამბობს მოხუცი და ცისფერ თვალებში ცრემლი უტრიალებს.

გულო კოხოძე, ახალციხიდან

ახალი ამბები