კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხილაძეები უკანონოდ დანგრეული სახლის კომპენსაციას ამაოდ ელიან

13 აგვისტო, 2007

emxarib.jpgვარდო ხილაძეს, ხუთ წელზე მეტია, რაც საცხოვრებელი სახლი მისმა ყოფილმა მფლობელმა, ჯემალ შავაძემ დაუნგრია. მას შემდეგ დაზარალებული სასამართლოსა და სამართალდამცავების მეშვეობით ზარალის ანაზღაურებას ამაოდ ცდილობს. პროკურატურამ შავაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მოულოდნელად, საეჭვო გადაწყვეტილებით შეწყვიტა.

ვარდო ხილაძემ ბათუმში, ტურგენევის ქ. #36-ში, სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა 1990 წელს შეიძინა. ბინის მეპატრონემ, ჯემალ შავაძემ მას ყველა დოკუმენტაცია კანონის დაცვით გადაუფორმა. თუმცა იმის გამო, რომ ოთახებში იმხანად მდგურები ჰყავდა, ხილაძე საცხოვრებლად დროებით მეზობლის ოთახებში დააბინავა. "შავაძეს, როგორც ნაცნობს და შინაურს, ვენდე. თანაც მაშინ თანხა სრულად დაფარული არ მქონდა და ვიფიქრე, ხელს შევუწყობ-მეთქი. მაგრამ დროებით დათმობილი ოთახები სადავო აღმოჩნდა. იქ ცხოვრების პერიოდში მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობები გვქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა საკუთარ ბინაში გადმოსვლა გადავწყვიტეთ, შავაძემ განმიცხადა, რომ ჩემი ბინის უკან დაბრუნება სურდა, თანაც კაპიკებში, სულ რაღაც 1500 დოლარად, რასაც არ დავთანხმდი",  - აცხადებს  ხილაძე.

ბინის საკითხზე დავა დიდხანს გაგრძელდა. როგორც ხილაძე აცხადებს, მას ხან შვილის, ხან შვილიშვილის ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა თბილისში ცხოვრება: "ამ ხნის განმავლობაში ქმარი და ვაჟიშვილი გარდამეცვალა. 2002 წელს შვილიშვილის სამკურნალოდ თბილისში ვიყავი წასული. შავაძემ ამით ისარგებლა და ჩემი საცხოვრებელი ბინა დაანგრია".

ამის შემდეგ ხილაძემ ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მურმან ხამაშურიძის გადაწყვეტილებით, ხილაძის სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოტივად მოსამართლემ შავაძის ბრალეულობის გამოუკვეთელობა დაასახელა. "ჩემს განცხადებას ეზოში მცხოვრები ხუთი მოწმე ადასტურებდა, მაგრამ მოსამართლემ არც ერთი არ დაკითხა", -  აცხადებს დაზარალებული.

დაზარალებულმა განცხადებით პროკურატურასაც მიმართა. დაიწყო გამოძიება. საქმის მასალებმა შავაძის სისხლის სამართლის ბრალეულობა მალევე გამოკვეთა. თუმცა, უშედეგოდ.

"ჯემალ შავაძე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია. მან ძალიან კარგად იცის შავი საქმეების კეთება. როცა პროკურატურაზე ზეწოლა ვეღარ შეძლო, პროკურატურის გამომძიებელ ნიაზ ხაბაზს 'ფანდი' მოუწყო. ფარული ჩამწერით აღიჭურვა და 500 დოლარი ჩაუდო მანქანაში. ხაბაზი, ქრთამის აღების ფაქტზე (ფული მანქანაში უპოვეს) დააკავეს და დღესაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმყოფება",  - ამბობს ხილაძე.

აჭარის პროკურატურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შავაძემ მართლაც დაანგრია ხილაძის კუთვნილი საცხოვრებელი. შავაძის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. მას წინასწარი პატიმრობის ასაცილებლად 20 ათასი ლარის გირაოს სახით შეტანაც მოუხდა, თუმცა მოვლენები მალე კვლავ ხილაძის საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

დაზარალებულის დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა საქმეზე ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე შეცვალა კვალიფიკაცია. მან სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლი თვითნებობის მუხლით შეცვალა, რაც შემდგომ სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის მოტივით შეწყვეტის "საფუძველი" გახდა.

"ორ წელზე მეტი ხანია მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. 2007 წლის 10 ივნისს ბრალდებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს, თუმცა, ახლახან პროკურატურა დამცველის მუნდირში მოგვევლინა და საქმეზე წინასწარი გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის დადგენილებით, თითქოს შავაძეს ხიმშიაშვილის (ყოფილი ტურგენევის) ქუჩის #36 სახლის 1/24 ნაწილი თავისად ჰქონდა დაგულებული და ამიტომ დაანგრია. მაშინ, როცა არსებობს 1990 წლის 24 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება შავაძესა და ხილაძეს შორის. აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში ვარდო ხილაძის საკუთრებად ირიცხება. უფრო მეტიც, დანგრეული საცხოვრებელი ოთახები, რომ თავის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ეს კარგად იცოდა თავად ჯემალ შავაძემ. ამის ნათელი დადასტურება და უტყუარი მტკიცებულება გახლავთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებიდან ამონარიდი, სადაც ჯემალ შავაძე თავის ახსნა-განმარტებაში სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მან მოსარჩელეს მიყიდა მისი კუთვნილი სახლის 1/24 ნაწილი. ისმის კითხვა: 2005 წელში თუ თავისად არ იყო დაგულებული, ახლა რა მოხდა? აშკარაა, რომ ჯემალ შავაძემ სხვისი ქონების ხელყოფითა და განზრახ დაზიანებით ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან საუბარი არ ისურვა ჯემალ შავაძემ. რაც შეეხება პროკურატურას, გიორგი დავითაშვილმა სატელეფონო საუბრისას მოუცლელობა მოიმიზეზა და დაგვპირდა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა მასთან განმეორებით კავშირის დამყარება ვეღარ მოხერხდა. დაზარალებულებმა კი პროკურატურის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სისხლის სამართლის საქმის განახლებას მოითხოვენ.


ემზარ დიასამიძე, ბათუმი.

 

ახალი ამბები