კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მეცხრე უბნელები" სკოლის გარეშე რჩებიან

14 აგვისტო, 2007

turqi_mesxib.jpg"ძნელად წარმოვიდგენდით, თუ სპეციალურად ჩვენთვის აშენებულ სკოლას ერთ მშვენიერ დღეს დახურავდნენ და ამით პრობლემებს გაგვიჩენდნენ", დარდობს  მაჰმადიანი მესხი ხასან ერისთავი., რომელიც ოჯახთან ერთად აზერბაიჯანიდან სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში 1983 წელს ჩამოასახლეს. სექტემბრიდან კი იანეთის საჯარო სკოლამ, შესაძლოა, აღარ იარსებოს.

ხასან ერისთავის გარდა სამტრედიის რაიონის ამ პატარა სოფელში 1982-83 წლებში, აზერბაიჯანიდან და უზბეკისტანიდან დეპორტირებულ მესხთა 30-მდე ოჯახი ჩაასახლეს. მაშინ, სპეციალურად მათთვის, იანეთში სკოლაც აშენდა. შენობა მოკრძალებულია და ნაკლებად კომფორტული, თუმცა, ადგილობრივებისთვის ისაა მთავარი, რომ მათი შვილები აქ განათლებას იღებენ, თანაც, პროფესიონალი პედაგოგებისგან.

როგორც თვითონ ამბობენ, სკოლას მხოლოდ საგანმანათლებლო დატვირთვა არა აქვს. აქ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ეწყობა. მაყურებელი, ისევე როგორც სანახაობის მონაწილენი, დეპორტირებული მესხები არიან. მეცხრე უბანში, სადაც ისინი ცხოვრობენ, სოფლის დანარჩენ მკვიდრთ იშვიათად ან საერთოდ ვერ შეხვდებით. ინტეგრაციის პროცესი, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, აქ ძნელად ვითარდება. ჩამოსახლებულებს ურჩევნიათ მხოლოდ "თავისიანებთან" იურთიერთონ.
 
"კარგი იქნებოდა, ნაკლები პრობლემები გვქონოდა, მაგრამ არ გამოდის. მთავრობას ჩვენთვის არ სცალია. თითქმის არ მოდიან და არ გვისმენენ. ჩვენ კი, ძალით ვერავის მივაკითხავთ", ამბობენ მაჰმადიანი ან "თურქი მესხები", როგორც მათ იანეთელები მოიხსენიებენ. ახლაც, როცა ცენტრალური გზიდან მარჯვნივ ვუხვევთ, გვეუბნებიან, რომ "თურქ მესხთა" დასახლებისკენ სულ პირდაპირ უნდა ვიაროთ.

"სულ პირდაპირ" მისულებს კი, შეწუხებული მოსახლეობა გვხვდება და იწყება გულახდილი დიალოგები:

"იცით, მალე სკოლა არ გვექნება..."

"რა უნდა ვქნათ? ალბათ, ბავშვები უსწავლელი დაგვრჩებიან..."

ნეგატიური განწყობა აქ უკვე ბავშვებსაც გადაედო. ხვდებიან, რომ საქმე კარგად ვერ არის. პატარა ნინო კი, რომელიც ჯერ მხოლოდ თოჯინით ერთობა და უფროსების პრობლემები არ აღელვებს, ამბობს, რომ სკოლაში ხუთებზე ისწავლის. თუმცა მისი, ისევე როგორც დანარჩენი თანატოლების სწავლა-განათლების ბედი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

"ვფიქრობ, ამ სკოლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ალბათ, სასექტემბროდ დახურავენ. სად არ ვიყავით: რესურს-ცენტრში, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ახლა პრეზიდენტთან და განათლების მინისტრთან გავაგზავნეთ წერილი. ჩვენ მაინც ჩვენსას ვცდილობთ. გული მწყდება, რომ ჩემი მოსწავლეები სკოლის გარეთ დარჩებიან", - წუხს იანეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა თევზაძე.

როგორც ირკვევა, იგი ბავშვების სკოლის გარეთ დარჩენას შემთხვევით არ ახსენებს. მეცხრე უბანში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე საჯარო  სკოლა დაიხურება, სხვაგან შვილებს სასწავლებლად არ გაგზავნიან.

"მამედოვების ოჯახმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ბარგიც ჩაალაგა. ისინი თურქეთში გადადიან სასწავლებლად. მათი მეოთხეკლასელი შვილი ჩემი მოსწავლე იყო, რომელსაც მეზობლებისა და სკოლის პედაგოგების იმედად ტოვებდნენ, როცა სამუშაოდ თურქეთში დადიოდნენ. ისინი კატეგორიულ უარზე არიან ბავშვი იანეთის პირველ სკოლაში გაუშვან სასწავლებლად", - ამბობს ქალბატონი ლამზირა.

სექტემბრიდან, სავარაუდოდ, ისიც უმუშევარი დარჩება. იანეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი კი არა მარტო მისი, არამედ, #2 სკოლის დანარჩენი პედაგოგების მიღებაზე უარს აცხადებს. ეს კი, ოცამდე პროფესიონალი პედაგოგის  უმუშევრად დარჩენას ნიშნავს.

"ჩვენი ფაქტორიც რომ გამოვრიცხოთ, დეპორტირებულები ვარდებიან ცუდ დღეში. დარწმუნებული ვარ, მამედოვების მსგავსად, დანარჩენებიც უარს იტყვიან შვილების სხვა სკოლაში გაშვებაზე. ეს კი, იცით რას გამოიწვევს? უფრო ჩაიკეტებიან და მომავალში, შესაძლოა, საერთოდ წავიდნენ საქართველოდან", - ვარაუდობს ლამზირა თევზაძე.

დაახლოებით ოთხი თვის წინ განათლების სამინისტრომ იანეთის პირველ საჯარო სკოლას ავტობუსი გაუგზავნა. მეცხრე უბნელებს მთავრობის ეს ჟესტი მაშინვე ცუდად ენიშნათ, რადგან იანეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლების ინტეგრაციაზე მანამდეც ჰქონდათ გაგონილი. დღეს კი, ერთსულოვნად აცხადებენ, რომ "ავტობუსში, უცხო ბიჭის გვერდით პატარა გოგოს არ დასვამენ". არადა, ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ადგილობრივებს ხვდებიან და მეტნაკლებად, მაგრამ მაინც, კონტაქტზე გადიან, სწორედ სკოლაა.

"მაგას გვირჩევნია უსწავლელი შვილები გვყავდეს", -  ჯიუტად იმეორებენ მესხები და თუ მათ მტკიცე მზერას დააკვირდები, აუცილებლად მიხვდები, რომ სიტყვას არაფრით გატეხენ და ამით პრობლემებს მხოლოდ საკუთარ შვილებს არ შეუქმნიან. 
  


შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 

 

ახალი ამბები