კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო ენის არმცოდნე სკოლის დირექტორად ინიშნება

22 აგვისტო, 2007

ახალქალაქის მეორე რუსულ საჯარო სკოლაში დირექტორის დანიშვნას ცხარე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. დირექტორის ადგილი რაიონის დეპუტატის მეუღლეს - ტესტირებაზე ჩაჭრილ კანდიდატს ხვდა წილად.

,,ძალა აღმართს ხნავს,  რადგან ფული არ გვაქვს და რადგან ჩვენი მეუღლეები თანამდებობის პირები არ არიან, შეუძლიათ ყველაფერი გვაკადრონ?“ - ეს ფრაზა გაისმოდა 21 აგვისტოს ახალქალაქში რუსული საჯარო სკოლის ეზოში თავმოყრილი პედაგოგების მხრიდან. ისინი განათლების მინისტრის კახა ლომაიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც პარლამენტარ ენძელ მკოიანის მეუღლე კარინა ნახატაკიანი მეორე რუსული საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. 

მეორე რუსულ საჯარო სკოლაში ოთხი დირექტორობის კანდიდატი იყო წარდგენილი. მარინე ჩუმარიანი, კარინა ნახატაკიანი, სოსო თეთვაძე და ეკა თათეშვილი. ეკა თათეშვილი იმ ოც პროცენტიან კანდიდატებს შორის მოხვდა, რომლებსაც სკოლის არჩევის საშუალება ჰქონდა, მაგრამ საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, სოსო თეთვაძემ კი სამეურვეო საბჭოს წევრებისაგან ექვსი ხმა მიიღო. ჩუმარიანი და ნახატაკიანი კი დირექტორობის კანდიდატობიდან  ერთი და იგივე მიზეზის გამო გამოირიცხნენ - ისინი სახელმწიფო ენას ვერ ფლობდნენ.

სკოლის პედ - კოლექტივი აცხადებს, რომ კარინა ნახატაკიანი ქართულ ენას ვერ ფლობს  და სწორედ ამის გამო მან ტესტირება ვერ გაიარა.

,,მეც ვიყავი ტესტირებაზე და სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ჩავიჭერი. ჩემთან ერთად იმავე გამოცდაზე ჩაიჭრა ახლანდელი სკოლის დირექტორიც. გუშინ საღამოს კი გავიგე, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით ჩაჭრილი კანდიდატი სკოლის დირექტორად არის დანიშნული,“ - აღშფოთებით საუბრობს დირექტორობის კანდიდატი მარინე ჩუმარიანი.

სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათ სასურველი კანდიდატი ჰყავთ, რომელიც სკოლაში ლოტოტრონის საშუალებით მოხვდა, თუმცა, დეპუტატის მეუღლის მხრიდან დაშინებებისა და ზეწოლის გამო, სამეურვეო საბჭოს წევრებმა სოსო თეთვაძეს ხმა ვერ მისცეს.  

,,ჩვენ გვყავს კანდიდატი სოსო თეთვაძე, ძალიან კარგი პიროვნება. ქალბატონი ნახატაკიანი დადიაოდა და  აშინებდა სამეურვეო საბჭოს წევრებს ხმა არ მიეცათ ქართველისთვის. ქართველის ადგილი ჩვენს სკოლაში არ არისო, ამბობდა ნახატაკიანი. ის პირადად  ჩემთან მოვიდა, შეურახცხყოფა მომაყენა და დამემუქრა. რა თქმა უნდა, არ შემშინებია, მაგრამ სხვებს ეშინიათ და ხმას ვერ იღებენ, რადგან შვილები და ქმრები ჰყავთ დასაქმებულები, ამიტომაც  პროვოკაციას წამოეგნენ და სოსო თეთვაძეს ხმა არ მისცეს“, - აცხადებს პედაგოგი, სამეურვეო საბჭოს წევრი ანაიდა ასატურიანი.

რადგან სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ხმები ექვსი - ექვსის წინააღმდეგ თანაბრად გადანაწილდა და გარდა ამისა, არჩევნების მსვლელობისას დარღვევებიც დაფიქსირდა, სამეურვეო საბჭომ საჩივრით გენერალურ ინსპექციას მიმართა. ოფიციალურ პასუხს პედაგოგები 27 აგვისტომდე ელოდნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და გენერალური ინსპექციის პასუხს განათლების სამინისტრომ დაასწრო.

,,ბიულეტინი დანიშნული იყო, ბეჭედი მოპარული და სკოლიდან გატანილი. ბევრი დარღვევა დაფიქსირდა. საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციაში განგვიცხადეს, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ. პასუხი გენერალური ინსპექციიდან ჯერ არ მოსულა. მაგრამ დირექტორი უკვე დანიშნეს. საინტერესოა, ეს როგორ მოხდა“?  - კითხულობს მეორე რუსული საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  იზაბელა კაზარიანი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ჩანქსელიანი მომხდარ ფაქტზე ასეთ კომენტარს აკეთებს: ,,დირექტორების არჩევამდე, დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება და ეს პროცესი კანონთან შესაბამისობაში ხორციელდება. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობით უნდა მიმართოს“.

ახალქალაქის რესურს - ცენტრის ხელმძღვანელი ნარცის კარაპეტიანი აცხადებს, რომ დარვევებს ადგილი არ ჰქონია და მიაჩნია, რომ ახლადდანიშნული დირექტორი შესაფერისი კანდიდატია.

წამოყენებულ ბრალდებებს უარყოფს კარინა ნახატაკიანი: ,,არავითარ დაშინებებს და მუქარებს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ეს ტყუილია. მინისტრის გადაწყვეტილებაზე კი ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს ის. 

მეორე რუსული საჯარო სკოლის  პედაგოგები აცხადებენ, რომ ახლადდანიშნულ დირექტორს გასაღებსა და ბეჭედს არ გადასცემენ და სიმართლის დასამტკიცებლად პრეზიდენტთან ჩავლენ.

ბეჭედი და გასაღები, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალქალაქის პოლიციის უფროსთან სამველ პეტროსიანთან ინახება, თუმცა, მან ამის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

გულო კოხოძე, ახალქალაქი

ახალი ამბები