კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კულტურული" ძარცვა

15 სექტემბერი, 2007

ბიუჯეტის ფული კაფე-საღამოების, გამგებლის ცოლის საჩუქრების და ცრუ ავტოფარეხებისათვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფულის კეთების მეტად მოხერხებული სქემაა შემუშავებული  – ხან ვითომ ტრენინგზე ჩამოსული სტუმრებისათვის გამოყოფენ თანხას და შემდეგ ამ ფულით გამგეობის თანამშრომლები კაფე-საღამოებს აწყობენ, ხან სხვა "სახელმწიფოებრივი" მიზნებისათვის იწერება თანხის გამოყოფის ბრძანება და შემდეგ ეს თანხაც უკვალოდ იკარგება. პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადება - "ჩვენ ყველანი ვებრძვით კორუფციას. ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც რამეს გაბედავს, თელავის გამგებლის გზას გავუყენებთო", ამ დროს, ცხადია, აღარავის ახსოვს.

როდის და როგორ მიითვისეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საბიუჯეტო თანხები? რა მეთოდით და ვისი დახმარებით ხდება ფულის არამიზნობრივი ხარჯვა? როგორ ფარავენ ჩინოვნიკები კრიმინალს? რატომ მალავს საკრებულო გამგეობაში არსებულ უხეშ დარღვევებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად, ჟურნალისტური მოკვლევა ჩავატარეთ.

ქეიფი დროსტარება ბიუჯეტის ხარჯზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება #12. `ვბრძანებ, რაიონული ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებიდან, თანახმად ხელშეკრულებისა შპს "გურჯაანი +"-ს სტუმრების მომსახურებისათვის გამოიყოს 460 ლარი. დაევალოს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს (ა. კუტიბაშვილი) შეასრულოს შესაბამისი ფინანსური ოპერაცია~. გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი. 2006 წლის 15 დეკემბერი.

აღნიშნულ ბრძანებას თან ერთვის 2006 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული შპს "გურჯაანი +"-ის ბეჭდით დამოწმებული ანგარიშფაქტურა, სადაც მოცემულია მოკლე ინფორმაცია სტუმრების ვინაობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშფაქტურიდან ვიგებთ, რომ 2006 წლის 13 დეკემბრიდან – 15 დეკემბრამდე, სასტუმრო "რები გურჯაანმა" უმასპინძლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, რაშიც გაიხარჯა 500 ლარი. აქედან 100 ლარი საკონფერენციო დარბაზის და 400 ლარი სასტუმროს მომსახურებისათვის. ამავე ბრძანებას თან ერთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი აქტი, რომელიც 2006 წლის 1 ნოემბრით თარიღდება. აქტის მიხედვით, დოკუმენტი შედგა მასზედ, რომ "გამგეობაში სტუმრად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და მსოფლიო ბანკიდან წარმომადგენლები. შპს "გურჯაანი რებში" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარები ქათმის გრიპთან დაკავშირებით. მათ კვებაზე დაიხარჯა 260 ლარი, ხოლო 6 კაცის ღამის გათევაზე 240 ლარი, სულ 500 ლარი".

აქტის სინამდვილეს ადასტურებენ გამგებლის მოადგილე ამირან ოქროშიძე, აპარატის უფროსი თამაზ აბრამიშვილი, საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილების გამგე ნიკა ნიჟარაძე და მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ჯანიაშვილი. უცნობია, საიდან იცოდნენ ხსენებულმა პირებმა თვენახევრით ადრე, 15 დეკემბერს სასტუმროს ვისთვის, რამდენი კაცისთვის, რა საკითხზე უნდა ემასპინძლა და რა თანხა უნდა გადაეხადა ბიუჯეტს ამისათვის. ამ საკითხზე მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

სამაგიეროდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, კერძოდ იმ პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა სოფო ჩაკვეტაძემ, რომლის ფარგლებშიც ქათმის გრიპის თემაზე გურჯაანში სემინარები გაიმართა, ჩვენთან ოფიციალურ საუბარში განაცხადა, რომ სასტუმროს მომსახურების ხარჯები პროექტის ბიუჯეტიდან მთლიანად მათ დაფარეს და არა სხვამ.

15 დეკემბერს, სასტუმრო "რები გურჯაანის" რესტორანს გამგეობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სასტუმროს კუთვნილ რესტორანში მათ მუნიციპალიტეტის გამგებლად რამაზ ქერეჭაშვილის დანიშვნა აღნიშნეს. დანახარჯი კი ბიუჯეტიდან ანაზღაურდა. ეს ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის მაშინდელმა უფროსმა თამაზ აბრამიშვილმა გაუგებრობით ახსნა. "ქათმის გრიპის სემინარებთან დაკავშირებით რაღაც აირია. მერე რა მოხდა?" - განაცხადა აბრამიშვილმა.

გურჯაანის გამგებლის 128-ე ბრძანება 2006 წლის 28 დეკემბრით თარიღდება. გამგებელი აქაც იმას ბრძანებს, რომ სტუმრების მომსახურებისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯებიდან 700 ლარი გამოიყოს, ოღონდ შპს "გაურჯას"-თვის. (გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე რესტორანი.) 28 დეკემბერსაც რესტორანში გამგეობის ჩინოვნიკებმა იქეიფეს, თუმცა თანხა ამჯერადაც სტუმრების მომსახურებისათვის არის გაწერილი.

ნაბახუსევმა ჩივოვნიკებმა მომდევნო, 29 დეკემბერსაც ბიუჯეტის ხარჯზე მოილხინეს. სასტუმრო "რები გურჯაანს" 600 ლარი გამგეობის ოფისის ხარჯებიდან, ამჯერადაც, გამგებლის 129-ე ბრძანებით გამოეყო.

სასტუმროს დირექტორის დავით პაპუაშვილის თქმით, 29 დეკემბერს სასტუმროს რესტორანში გამგეობის წარმომადგენლებმა წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს. გამგეობის მაშინდელი აპარატის უფროსი თამაზ აბრამიშვილი არ უარყოფს, რომ ღონისძიებას მხოლოდ გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. "600 ლარს გამგეობის ის თანამშრომლები, ვინც რესტორანში ვიყავით, შევკრებთ და ბიუჯეტში უკან დავაბრუნებთ" - განაცხადა ცოტა ხნის წინ აბრამიშვილმა, თუმცა თანხა დღემდე არავის შეუგროვებია ბიუჯეტში დაბრუნების მიზნით.

გამგებელი, მისი მოადგილეები და ერთგული ჩინოვნიკები, რომ რესტორნებში ბიუჯეტის ხარჯზე ერთობოდნენ, ამას გამგეობის ყოფილი იურისტი ჟუჟუნა პაპუნაშვილიც ადასტურებს.

"გამგის, ნანა რამაზაშვილის  არ ყოფნის გამო, იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ვასრულებდი. გამგეობის ბუღალტერმა აქტი მომიტანა და ხელი მოვაწერე. იმ დროს კახეთს უცხოელი სტუმრები ნამდვილად სტუმრობდნენ. გამგეობა აგროვებდა მონაცემებს სტუმრების შესახებ, რომ თანხები გაეწერათ და მოეხმარათ. 160 ლარს, რომლის ხარჯვის კანონიერებასაც ვადასტურებ, თუ საჭირო გახდა უკან დავაბრუნებ. სხვებისგან განსხვავებით, მე მხოლოდ ერთ აქტზე მაქვს ხელი მოწერილი"- აცხადებს პაპუნაშვილი.

გამგებელი და გამგეობის ჩინოვნიკები საქეიფოდ საჭირო საბიუჯეტო თანხებს მხოლოდ ამ გზით არ ითვისებდნენ. 

ზაზა ყვირალაშვილი, კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი: "კულტურის ცენტრის დირექტორად ვმუშაობდი, როცა გამგეობის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ანა კუტიბაშვილმა გამგებლის მოადგილის ვალერი ვარდოსანიძის სამუშაო ოთახში დამიბარა. კუტიბაშვილმა მითხრა, რომ კულტურის ცენტრის ბიუჯეტი ითვალისწინებდა თანხას სტუმრების მომსახურებისათვის, საიდანაც 500 ლარის გახარჯვა უნდა მეჩვენებინა. კუტიბაშვილი ამბობდა, რომ ეს თანხა გამგეობას რესტორნის ვალების დასაფარად სჭირდებოდა, ვარდოსანიძე კი მთხოვდა, თანხა ხელზე გამომეტანა და მისთვის მიმეცა. მათ მოთხოვნას თუ არ დავთანხმდებოდი, ცხადია, პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ბოლოს ხელი არაფერზე მომიწერია. თანხა ჩემს გარეშე თუ გაიტანეს, არ ვიცი".

2007 წლის 17 იანვარს გაურკვეველი კაფე-საღამოს მოსაწყობად 200 ლარია გასული ბიუჯეტიდან. გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ დღეს სამსახურის მიზნებით გათვალისწინებული არავითარი კაფე – საღამო არ მოწყობილა.

2007 წლის 27 მარტით არის დათარიღებული გამგებლის 252 ბრძანება, სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსების ნუსხიდან თანხის გამოყოფის შესახებ. თანხის მიმღებ მოქალაქეთა შორის ვკითხულობთ სოფელ ვეჯინში მცხოვრებ ჯემალ სეფიაშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია და ერთგულების სანაცვლოდ ქერეჭაშვილმა ის კულტურის ცენტრში დაასაქმა. ჩვენ პირადად მოვისმინეთ სატელეფონო ჩანაწერი, სადაც სეფიაშვილი აღიარებს, რომ მას არავითარი დახმარება არ მიუღია და არც ხელი მოუწერია თანხის მიღების დასადასტურებლად.

სარვამარტო საჩუქარი გამგებლის ცოლს – მისი ხელქვეითების ხელფასის ხარჯზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში რამაზ ქერეჭაშვილმა, სხვადასხვა მიზეზით გამგეობის არაერთი თანამშრომელი დააჯილდოვა და წაახალისა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ქალებმა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მიიღეს. გამგებლის 152-ე ბრძანების თანახმად, თითოეული მათგანი ხელფასის 50 %-ით უნდა დაჯილდოვებულიყო, თუმცა იმ მიზეზით, რომ სარვამარტოდ გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებისთვის ძვირადღირებული ოქროს სამკაული უნდა ეყიდათ, ჯილდოდან, ისე, რომ ბევრმა თანამშრომელმა არ იცოდა, საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოთხოვნით თანხები დაკავდა.

"135 ლარი უნდა მიმეღო, მაგრამ 10 ლარით ნაკლები მომიტანეს. როცა მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებს, სარვამარტო საჩუქრები უნდა შეუძინონო. მე იქნებ 10 ლარზე მეტი უნდა დამედო, რატომ არაფერი მითხრეს და ჩემი ნებართვის გარეშე თანხა რატომ დამაკლეს" - კითხულობს გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თინათინ ზარდიაშვილი.

ამ ფაქტზე მოგვიანებით გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში წინასწარი გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმის გამომძიებელი პროკურორი სანდრო გიორგაშვილი, გამგებლის თხოვნით, დასაკითხ პირებზე ზეწოლას ახდენდა და მათგან მომხდარის უარყოფას მოითხოვდა. ასეც მოხდა, კუთვნილი თანხის უნებართვოდ დაკლება მხოლოდ თინათინ ზარდიაშვილმა აღიარა. პროკურატურისთვის მართალი ჩვენების მიცემა მას ძვირად დაუჯდა. სოციალური სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამგეობაში მოწყობილი კონკურსის დროს, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, კოტე მარტაშვილმა, ზარდიაშვილი პირდაპირ იმ მიზეზით დაიწუნა, რომ იგი `ჩამშვები~ იყო.

გამგებლის 2007 წლის 5 აპრილის 299-ე ბრძანებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთდროული ფულადი ჯილდო უნდა გადასცემოდათ გამგეობის, აპარატის და სამსახურების თანამშრომლებს, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 13 110 ლარი გამოიყო. ჯილდო მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილს გადაეცა, დანარჩენი კი ისევ მიითვისეს. საგულისხმოა, რომ თანამშრომელთა უმეტესობისთვის ამ ჯილდოს შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა კომენტარისთვის დავუკავშირდით. მიუხედავად ამისა, ოფიციალური კომენტარისგან გამგეობის თანამშრომლებმა თავი შეიკავეს. მათ აღნიშნეს, რომ გამგებელმა სექტემბრის პირველ რიცხვებში, გამგეობის ყველა თანამშრომელს მიმდინარე წელს უკვე მერამდენედ მისცა გაფრთხილება - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მათ `გონიერებისაკენ~ მოუწოდა.

2007 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ გამგებლის მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე, გამგებლის მოადგილე ალექსი ნავროზაშვილი, მძღოლი ივანე ნაცარაშვილი, გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლენერი რევაზიშვილი, გამგეობის აპარატის სპეციალისტი გიორგი ჯაჯანაშვილი, ვაზისუბნის რწმუნებული ქართლოს კორბესაშვილი, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი გელა მეგრელიშვილი, იურიდიული განყოფილების უფროსი კონსტანტინე მარტაშვილი (თანამდებობაზე დანიშვნისთანავე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები ნინო ქაჩლიშვილი და თამარ მარტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ალექსი ნავროზაშვილი გამგეობაში უკვე დიდი ხანია არავის უნახავს. გამგეობის თანამშრომლების თქმით, გურჯაანში ის მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა ხელფასის, 600 ლარის აღების დრო დგება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მოვიძიეთ გამგებლის მიერ ხელმოწერილი გამაფრთხილებელი დოკუმენტი, რომლითაც ნავროზაშვილს სამსახურში მუდმივად გამოუცხადებლობის გამო საყვედურს უცხადებენ.

ჟურნალისტური მოკვლევისას აღმოჩნდა, რომ გამგებელს ერთდროულად რამდენიმე მძღოლი ჰყავს. ივანე ნაცარაშვილი, რომელიც მისი ახლო ნათესავია, თავდაპირველად, გამგეობაში, აპარატის სპეციალისტ-მძღოლად მიიღეს. ნაცარაშვილი გამგებელს საკუთარი მანქანით ემსახურებოდა. მარტის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაცარაშვილი მანქანის მართვისას, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააჯარიმეს და მართვის უფლებაც ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა, "სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის" გამგებლის 2007 წლის 29 მარტის ბრძანებით იგი ერთი თვის ხელფასის ოდენობის ფულადი თანხით დაჯილდოვდა. მასვე, გამგებლის 196-ე ბრძანებით, "სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე" 495 ლარად გადაეცა 970 ლარად შეძენილი მობილური ტელეფონი. 2007 წლის 30 მარტს კი იგი, სამი თვის გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, სამსახურიდან გათავისუფლდა. ნაცარაშვილი უხელფასოდ რომ არ დარჩენილიყო, 30 მარტს, მასსა და გამგეობას შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა და იგი გამგეობის სპეციალისტად დაინიშნა, საიდანაც 26 აპრილს გათავისუფლდა. სპეციალისტად მუშაობის დროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ გამგეობაში ინფორმაცია არ არსებობს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ნაცარაშვილს გამგეობის სპეციალისტად, ფაქტობრივად, ერთი დღეც არ უმუშავია.

ამავე პერიოდში გამგებელმა მძღოლად მიიღო ასევე ნათესავი, საგზაო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ჭანტურიძე. ჭანტურიძის მეუღლეს იზო ჭანტურიძეს, რომელიც კომერციულ კავშირ "კაბადონს" ხელმძღვანელობს, გამგებლის დავალებით, გურჯაანის კულტურის ცენტრში უკანონოდ, უფასოდ გამოეყო 50 კვ.მ. ფართი.

"2007 წლის 1 ივნისის თარიღით კულტურის ცენტრსა და კავშირ "კაბადონს" შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, კულტურის ცენტრის შენობაში 50 კვ.მ ფართობის იჯარით, უფასოდ გადაცემის შესახებ. ხელშეკრულება გაფორმებულია ძალიან ზოგადი ფორმით. ეს კავშირი ეწევა დატვირთულ სასწავლო-შემეცნებით საქმიანობას, კერძო კომპიუტერულ სწავლებას ჯგუფებთან და თვეების მანძილზე არ იხდის ელ.ენერგიის ღირებულებას, მაშინ როდესაც მარტო ივნისის თვეში კულტურის ცენტრს მოხმარებული ელ.ენერგიის დასაფარად გადახდილი აქვს 1000 ლარი"- აღნიშნავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი.

რამაზ ქერეჭაშვილმა არც ჭანტურიძეების უმუშევარი ვაჟი დაივიწყა და ისიც კულტურის ცენტრში სახელდახელოდ შექმნილი იურისტის თანამდებობაზე დაანიშნინა. არადა, გურჯაანის კულტურის ცენტრი გამგეობას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა და დებულებით, ორგანიზაცია საჭირო შემთხვევაში, გამგეობის იურიდიული განყოფილების იურისტების სამართლებრივი მომსახურებით უნდა სარგებლობდეს.

გამგეობის უწყისებში ფიგურირებს ასევე ვინმე გ. ყალაბეგაშვილი. ამ პიროვნების შესახებ გამგეობის სამსახურებში პირველად ჩვენგან შეიტყვეს. გამგეობის აპარატის უფროსს კი იგი მოგვიანებით გაახსენდა.

"ასეთი არავინ გვყვავს... გ ყალაბეგაშვილი? დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი თანამშრომელი მართლა არ გვყავს. არა, არა... გამახსენდა. იყო, ინფრასტრუქტურის სამსახურში მძღოლად. მას შემდეგ, რაც გამგეობამ ახალი მანქანა შეიძინა და ძველი მანქანა ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაეცა" - განაცხადა გამგეობის აპარატის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვასიკო უტიაშვილმა. სინამდვილეში ინფრასტრუქტურის სამსახურის მანქანა, მძღოლთან გ. ყალაბეგაშვილთან ერთად, გამგეობის ხარჯებით გამგებლის მოადგილეს ვალერი ვარდოსანიძეს ემსახურებოდა.

გ. ყალაბეგაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურში მძღოლად მიღებულია 2007 წლის 27 აპრილს და გათავისუფლებულია 2007 წლის 31 ივლისს.

ავტოფარეხის აშენება არავის მოუთხოვია

2007 წლის 28 მარტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "სამშენებლო კომპანიას" შორის დაიდო ხელშეკრულება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სახანძრო რაზმის ავტოფარეხის მშენებლობისათვის. გამგებლის 2007 წლის 29 მარტის 257-ე ბრძანებით, შპს "სამშენებლო კომპანიას" შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად 19500 ლარი გამოეყო. მანამდე შედგა ავტოფარეხის მშენებლობისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტის შედგენის დრო და ადგილი გაურკვეველია. როგორც თელავის ზონალური საგადასახადო ინსპექციიდან გვაცნობეს, შპს "სამშენებლო კომპანია" ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა და მას დავით თაბაგარი ხელმძღვანელობს. საქმიანობის ადგილად ორგანიზაციას მითითებული აქვს ქ. გურჯაანი. ნონეშვილის 10. ამ მისამართზე საცხოვრებელი სახლი, სახალხო ბანკი და სილამაზის სალონი მდებარეობს და არავითარი შპს იქ არ არის განთავსებული.

გამგებელი ქერეჭაშვილი არ უარყოფს, რომ თაბაგარს კარგად იცნობს. ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, შპს "სამშენებლო კომპანიას" გათვალისწინებული თანხის 75 %, ანუ 14 615 ლარი წინასწარ ჩაერიცხა. ხელშეკრულებისვე მიხედვით, კონტრაქტორ კომპანიას გამგეობისთვის ობიექტი ერთი თვის ვადაში, ანუ 2007 წლის 28 აპრილს უნდა ჩაბარებოდა. ხელშეკრულების მოქმედების დროც ამ დღეს წყდებოდა.

თაბაგარის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები იმიტომ გაჭიანურდა, რომ გადაუღებელი წვიმები იყო. ჰიდრომეტცენტრის ცნობით, აპრილის თვეში გურჯაანში რამდენჯერმე გაწვიმდა, გადაუღებელი წვიმები კი არ ყოფილა.

სინამდვილეში მუშაობაზე უარი დაქირავებულმა მუშებმა თქვეს, რადგან მოლაპარაკებისამებრ, მათთვის თანხა წინასწარ უნდა აენაზღაურებინათ. მუშების ინფორმაციითვე, მარტსა და აპრილში მშენებლობა არა უამინდობის, არამედ იმიტომ ვერ დაიწყეს, რომ კომპანიას სამშენებლო მასალები არ გააჩნდა.

მშენებლობის გაჭიანურების პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით დავით თაბაგარს, რომელმაც გვთხოვა, ამ საკითხზე მანამდე არაფერი დაგვეწერა, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებოდით. "შევხვდეთ და ყველაფერში გაგარკვევთ. დავილაპარაკოთ, არა მგონია, რომ საერთო ენა ვერ გამოვნახოთ" - გვარწმუნებდა თაბაგარი სატელეფონო საუბრისას, თუმცა შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა. საერთო ნაცნობის მეშვეობით კი შემოგვითვალა, რომ ავტოფარეხის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი თანხის არ ქონა იყო. როგორც გავიგეთ, სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე თანხა კი გადაირიცხა ბიუჯეტიდან, მაგრამ გამგებელმა ისიც მიითვისა. სანაცვლოდ კი თაბაგარს სხვა კონკურსებში გამარჯვებას დაპირდა. ამასობაში, თაბაგარმა ავტოფარეხის მშენებლობა, რომელიც სამი უხარისხო კედლის აშენებით და სახურავად ძველი შიფრის გადახურვით შემოიფარგლა, დასრულებულად ჩათვალა. შპს `სამშენებლო კომპანიას~ გამგეობამ უპრობლემოდ გაუფორმა ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტიც.

გამგეობაში არ დააკონკრეტეს, თუ რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში სახანძრო რაზმის ავტოფარეხის მშენებლობის საკითხი, როცა სახანძრო რაზმის ხელმძღვანელობას მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ წერილობით რაიმე განცხადება არ არსებობს. გამგეობაში ვერც იმაზე გაგვცეს პასუხი, თუ რატომ მისცეს შპს "სამშენებლო კომპანიას" სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ და რატომ მაინცდამაინც ისევ ამ კომპანიას ანდეს "გურჯაანის რესურს ცენტრის სახურავის, გარე ფასადის და გარე კომუნიკაციების" სამუშაოების შესრულება, რაშიც ოფიციალურად 6120 ლარი გაიხარჯა. საგულისხმოა, რომ მანამდე, რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა რესურს-ცენტრის ოფისი, რომლის კაპიტალური მოწყობისთვისაც 30 ათას ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი.

ხელფასები წინასწარ

გამგეობაში ხელფასების წინასწარ აღებაც გავრცელებული მოვლენაა. გამგებლის მოადგილეს ვალერი ვარდოსანიძეს უკვე აღებული აქვს სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების ხელფასი. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ანა კუტიბაშვილის განმარტებით, ხელფასის წინასწარ აღება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის მიზანშეწონილი, მაგრამ მას რასაც ავალებენ, იმას ასრულებს.

მიმდინარე წელს, მარტის თვის ხელფასთან ერთად, გამგეობის თანამშრომლებს ნიკა ნიჟარაძეს და ირაკლი მინდიაშვილს წინასწარ მიეცათ ერთი თვის ხელფასი, რომელიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ გამგებლის მოადგილემ ვალერი ვარდოსანიძემ გამოართვა. არაოფიციალურ საუბარში ნიჟარაძემ და მინდიაშვილმა აღნიშნული არ უარყვეს, უფრო მეტიც, ვარდოსანიძის ეს ქმედება ზეწოლად შეაფასეს. "ფულს თუ არ მივცემდით, მაშინ სამსახურში პრობლემები შეგვექმნებოდა. ასე გვითხრა, ვალები მაქვს გადასახდელი და უნდა მასესხოთო, თუმცა თანხა დღემდე არ დაუბრუნებია" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

სწორედ იმის გამო, რომ ვარდოსანიძის "ფულად დახმარებაზე" უარი თქვა, სამსახურიდან გაუშვეს გამგეობის თანამშრომელი ანდრო გიაშვილი. "მარტის თვის ხელფასიდან, გამგეობის თანამშრომლებმა ვალერი ვარდოსანიძეს, როგორც ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში მყოფს, მისივე მოთხოვნით, 10 -10 ლარი შევუგროვეთ. ზუსტად ვიცი, რომ გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი ანდრო გიაშვილი ვარდოსანიძის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა. უკმაყოფილებას სხვებიც გამოთქვამდნენ, მაგრამ ფული მაინც დადეს. მანამდე და საერთოდ, თითქმის ყოველ ორ თვეში ერთხელ გვაიძულებენ განცხადებები დავწეროთ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ, რომელსაც ასეთ შემთხვევებში ან მაშინ თუ ვინმემ ფული გადაუხადათ სამსახურში დასაქმებისათვის, კარგად იყენებენ" - აღნიშნავს გამგეობის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. რესპონდენტმა გასაგები მიზეზების გამო ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა.

ჩვენ დავუკავშირდით ანდრო გიაშვილსაც, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

ჩინოვნიკები ბრალდებებს უარყოფენ

"აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება სინამდვილეს"- აცხადებენ გამგებელი ქერეჭაშვილი და მისი მოადგილე ვარდოსანიძე. იმ არაერთ კითხვაზე, რასაც თუნდაც ეს მოკვლევა ბადებს, მათ სხვა პასუხი არ გააჩნიათ,

დარღვევებთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ გამგებელს მიეცა კონკრეტული მითითებები, რომელთა შესრულებასაც საკრებულო გააკონტროლებს. "ამავე დროს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ხარჯების კანონიერების და მიზნობრიობის შესწავლა, რომლის შედეგებსაც განვიხილავთ. რაც შეეხება ანგარებით და სხვა უკანონო მოქმედებებს, ასეთი ფაქტების შესწავლა და მასზე რეაგირება არ შედის ჩვენს კომეპტენციაში" - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.


გელა მთივლიშვილი კახეთი

 

ახალი ამბები