კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამორტიზებული ჯებირი და დატბორილი თამარ მეფის სანაპირო

19 სექტემბერი, 2007

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს ტერიტორიაზე ასამდე ოჯახი   ნაპირგამაგრებით სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. არსებული ჯებირი რამდენიმე ადგილას ჩამომტვრეულია, წვიმის დროს კი ზღვა გამაგრებაზე გადადის და საცხოვრებელ სახლებსაც ტბორავს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი კილომეტრნახევრიანი სიგრძის ჯებირის გარემონტებას სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს ავალებს. 
„პრობლემა აქტუალურია ჩვენთვის, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობის სწორი კადრი ვერ შევარჩიეთ და უყურადღებოდაც ვართ მიტოვებული“, -  ფიქრობენ თამარ მეფის სანაპიროს მცხოვრებლები.

ჯებირი, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის წინ აშენებულა, რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია. „როგორც ჩანს უხარისხოდ გააკეთეს და ზღვის ტალღებმა რამდენიმე ადგილას ჩამოტეხა ჯებირი. მას შემდეგ კი წვიმის დროს სანაპიროდან გადმოსული წყალი ჩვენს ეზოებში მდინარესავით მიედინება. მაშინდელი დაზიანებული, დღემდე ასეა“, ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნუნუ გიგაშვილი.

მოსახლეობის განცხადებით, წყალმა ასფალტიც დააზიანა. მათ რაიონის გამგეობას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ: „ზეპირი თხოვნის გარდა, განცხადებებიც გვაქვს მეზობლებს ერთობლივად შეტანილი. თუმცა არავინ მოსულა და დაინტერესებულა ჩვენი გასაჭირით. ვისაც სასტუმრო და რესტორანი აქვს, იმათ დაავალეს, გაარემონტეთო, მაგრამ განა ეს ხელისუფლების გასაკეთებელი არაა?“.

სასტუროებისა და რესტორნების მეპატრონეები კომენტარისგან თავს იკავებენ.
ნათელა ჭანტურიშვილი იმასაც იხსენებს, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაო თვით ხელისუფალთა შეცდომის გამო გახდა საჭირო: „აქ, ასი მეტრის მანძილზე მინდორი იყო და შემდეგ ზღვის სანაპირო იწყებოდა, თუმცა წლების მანძილზე ინერტიული მასალები ამოჰქონდათ. ამიტომაც ზღვამ ნაპირის მიტაცება დაიწყო და გამაგრება დასჭირდა. პრობლემა ძალად შექმნეს. შემდეგ რამდენჯერმე დავინახე რომ შემოჰქონდათ და ჰყრიდნენ ქვიშას, თუმცა უკვე დაგვიანებულია. ახლა ზღვას ნაპირი აქვს მიტაცებული, ღელვის დროს კი გადმოდის და აქაურობას ტბორავს“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თენგიზ ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხის მოსაგვარებლაფ გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი, თუმცა მათზე ზოგადად საუბრობს, რადგან თვითმმართველობა ამ საკითხზე სრულყოფილად ინფორმირებული არაა: „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და აჭარის გარემო დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. მდინარე კინტრიშიდან ან ჩაქვისწყლიდან მასის ამოღებასა და ზღვაში ჩაყრაზე იმსჯელეს. ჯერჯერობით, რუკები, თუ რომელი უბნებიდან ამოიღებენ, ჩვენამდე არ მოსულა. ყველა სამუშაო ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ბიუროს იურისტის ბაკურ ბოლქვაძის განმარტებით, პრობლემა მართლაც აქტუალურია: „აჭარის სანაპირო ზოლში აღნიშნული კუთხით სავალალო მდგომარეობაა. არა მხოლოდ ქობულეთის სანაპირო ზოლში, არამედ, სოფელ ადლიაში ზღვამ უკვე საკმაო ტერიტორია მიიტაცა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მიერ ქმედითი ღონისძიებები  არ ტარდება. ხელისუფლება ამ პრობლემით უფრო ადრე უნდა დაინტერესებულიყო“.


მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები