კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მეექვსე პალატა" - ფსიქიატრიულებში პაციენტებს კვლავ სცემენ

19 სექტემბერი, 2007

ჟურნალისტური მოკვლევა

თუ სადმე ყური მოჰკარით, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მედდამ ქოში გაიხადა და პაციენტს თავში ურტყა, ნუ დაარქმევთ ამ ამბავს ჭორს. ეს ნამდვილი ამბავია, რომლის მსგავსი ფაქტებიც დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება საქართველოში.

საშემოდგომო სესიაზე ამ ამბებს პარლამენტიც მოისმენს, როდესაც მას სახალხო დამცველის ოფისთან არსებული მონიტორინგის საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშს წარუდგენენ.

მონიტორინგი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო და მთელი საქართველო მოიცვა. სახალხო დამცველის ოფისის მთავარი სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი არჩილ თალაკვაძე 2005-2007 წლების შედარებისას ამბობს, რომ მდგომარეობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში დღეს შესამჩნევად უკეთესია, მაგრამ მონიტორინგის დასკვნა მაინც საკმაოდ მძიმე იქნება, რადგან ადამიანის უფლებები იქ დღემდე ირღვევა.

კვლევამ აჩვენა ის, რაც პაციენტების მეურვეებმა კარგა ხანია იციან და მითუმეტეს, მშვენივრად იცის ამის შესახებ სამედიცინო პერსონალმა – ფსიქიურად დაავადებული ადამიანების თითქმის ყველა უფლებაა დარღვეული. მათ არაფერი იციან საკუთარი დიაგნოზის შესახებ, არ იციან, როდის გაეწერებიან საავადმყოფოდან, ხშირია მათი ცემის, დაბმის, აბუჩად აგდების და მათი შრომის გამოყენების ფაქტები.
ამ დარღვევებზე მათ პირდაპირ საუბარი უჭირთ, მაგრამ სპეციალურად მათთვის პროფესიონალების მიერ შედგენილმა კითხვარმა მაინც აჩვენა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული სურათი.

არჩილ თალაკვაძე იხსენებს, რომ ამ მხრივ 2005 წელს უმძიმესი შედეგები გამოვლინდა -  ხანგრძლივი სტაციონირების შემთხვევები,  პაციენტებს დაკარგული ჰქონდათ სოციალური უნარ-ჩვევები, მკურნალობა იყო მედიკამენტური, უხარისხო, კვება - არადამაკმაყოფილებელი, ანტისანიტარია, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, დასჯა და ა.შ.

მაშინ დადებული მკაცრი დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად გაეგზავნა. 2006 წელს ამ რეკომენდაციენის მცირე ნაწილი შესრულდა, მაგრამ არა სრულყოფილად.

"საყოფაცხოვრებო პირობები და პერსონალი გადაახალისეს. არსად არსებობდა შინაგანაწესი და შემოიღეს. დაიწყეს კონსულტაციები არასამთავრობოებთან და საავადმყოფოებს გაუჩნდათ მოტივაცია, რომ რაღაც შეეცვალათ, ზოგიერთმა საავადმყოფომ საჩივრის ყუთებიც კი დაამონტაჟა, რომ პაციენტების კრიტიკული აზრი შეესწავლა. მაგალითად, ბათუმის, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. თუმცა, მეტად მწირი დაფინანსების გამო ჩვენგან მოთხოვნილი სტანდარტების დანერგვა მაინც ძალიან გაუჭირდათ".
თალაკვაძე განმარტავს, რომ ნელ-ნელა მკვიდრდება ალტერნატიული მკუნალობის მეთოდები, რაც ორიენტირებულია იმისკენ, რომ პაციენტებს საზოგადეობაში დაბრუნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები აღუდგეთ.

ნაწილობრივ გამოსწორდა საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერის ძალით შეფერხების პრობლემა. ამ პრობლემის მიზეზი ის იყო, რომ დაფინანსება "პაციენტს მოჰყვებოდა" და შესაბამისად, რაც მეტ ხანს გააჩერებდნენ მას საავადმყოფოში, თანხაც მეტი ჩაერიცხებოდათ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ვითარება დაფინანსების ახალმა მეთოდოლოგიამ აუცილებლად უნდა გამოასწოროს.

ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი სოფიო ლებანიძე განმარტავს, რომ   2006 წელს დაფინანსება მართლაც პაციენტების საწოლ დღის მიხედვით ხორციელდებოდა. 2007 წელს სახელმწიფო პროგრამის ფორმატმა შეცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია "პაციენტები დაჯგუფდნენ  მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ პაციენტებად. დაფინანსებაც სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ხდება. ადრე თუ ერთი საწოლ-დღე ფინანსდებოდა ექვსი ლარით,  დღეს ეს თანხა გაცილებით მეტია. უფრო კონკრეტულად -  მწვავე პაციენტები ფინანსდებიან 32 ლარით, ქვემწვავე – 15 ლარით, ხოლო ქრონიკული პაციენტები – 8 ლარითა და 60 თეთრით. ამ თანხაში შედის კვება და სრული სამედიცინო მომსახურება. პროგრამის ბიუჯეტი კი წელს  4 960 000 ლარია, ვგულისხმობ – სტაციონარის ფსიქიატრიას. ამბულატორულ ბლოკისათვის თანხები დამატებით არის გამოყოფილი". შედარებისათვის 2006 წელთან პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 3 337 300 ლარს. 2007 წელს  გაიზარდა 1 622 700 ლარით შედარებისათვის, მონიტორინგის დაწყების დღიდან ამ სფეროს დაფინანსება 30%-ითაა გაზრდილი, თუმცა, როგორც არჩილ თალაკვაძეც აღნიშნავს (რომელიც სახალხო დამცველის ოფისამდე ჯანდაცვის დამინისტროში მუშაობდა), ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ მძიმე ვითარებას მხოლოდ სარემონტო სამუშაოები და კვების გაუმჯობესება ვერ გამოასწორებს. პოზიტიური ცვლილებები მეტ-ნაკლებად შესამჩნევია ქუტირის, ბათუმის, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, შედარებით მძიმე ვითარებაა ასათიანის, ბედიანის დაწესებულებებში.

"კვლავ პრობლემაა შრომის გამოყენება – თითქოს იძულებით არავის ამუშავებენ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სამუშაოს, რასაც მედდა უნდა ასრულებდეს, დასუფთავება იქნება ეს თუ თეთრეულის რეცხვა, პაციენტები აკეთებენ. ხშირია პაციენტების  დისკრიმინაციის შემთხვევებიც. უკეთეს პირობებშია ის, ვინც ადმინისტრაციის ნდობით სარგებლობს. ექიმები თვლიან, რომ პაციენტებისათვის მათი დაავადების მიმდინარეობის შესახებ საუბარს აზრი არა აქვს, რადგან ეს მათთვის მაინც გაუგებარი იქნება – ადამიანურ ენაზე მათ არავინ არაფერს უხსნის", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მონიტორინგის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნინო ანდრიაშვილიც იღებდა. ის იხსენებს, რომ თითქმის არც ერთ დაწესებულებაში არ ჰყავდათ არც იურისტი, არც სოციალური მუშაკი, ვინც, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დახმარებას გაუწევდა.

"ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, პაციენტი ასეთ დაწესებულებაში იძულებით მკურნალობაზე იმყოფება თუ ნებაყოფლობით მკურნალობს. თუ იძულებით ხდება, მაშინ მოსამართლის ბრძანებაა საჭირო, რაც, როგორც წესი, არ არსებობს. პაციენტებმა არ იციან როდის გაეწერებიან საავადმყოფოდან. 70%-მა არ იცის რა უფლება გააჩნია. ადმინისტრაცია ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას ეს უფლებები. სამწუხაროდ, მსგავსი მხოლოდ მონიტორინგის შემდეგ ხდებოდა ამ ინფორმაციის გამოკვრა".
ანდრიაშვილის თქმით, პაციენტების უმრავლესობა შიშის თუ სხვა მიზეზების გამო, გამოკითხვის დროს სიმართლეს არ ამბობდა. თუმცა, კვლევამ მაინც გამოავლინა ცემის ფაქტები ქუტირის, ასათიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. დასჯის მიზნით ნემსის გაკეთება და დასჯა კი ჩვეულებრივი ამბავია.
"პაციენტები ამბობენ, რომ მათხან რკინით, ხან ჯოხით სცემენ. ერთმა პაციენტმა კი თქვა, როგორ გაიხადა მედდამ  ქოში და თავში ურტყა. ხშირად ჩხუბობენ ნივთებზე. ადგილიც არა აქვთ, სადაც ამ ნივთებს განათავსებენ. პირობები საშინელია. განსაკუთრებით, ასათიანზე. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ორი-სამი დღით ადრე ვაფრთხილებდით მისვლის შესახებ და საგანგებოდ ემზადებოდნენ. ესეც პაციენტებისგან ვიცით. ისინი ამბობენ, რომ ხშირად ამუშავებენ და სანაცვლოდ, ყავას პირდებიან. ეს იმ დროს, როცა ყავა მათთვის საერთოდ არ შეიძლება.
არიან "აგენტი" პაციენტებიც.  მათგან იგებენ თუ რამის გაგება სურთ და შემდეგ ვიზეც კომპრომატი ექნებათ, დასჯიან".
ნინო ანდრიაშვილი იხსენებს ერთ დიაბეტიან პაციენტს, რომელსაც, ცხადია, შესაბამისი დიეტა სჭირდებოდა, მაგრამ  მას ამ კუთხით არავინ უვლიდა. პირიქით, როცა ის საჭმელს ან წამალს ითხოვდა, უყვიროდნენ. პაციენტის თქმით, მის დას პენსია გადაუცია დირექტორის მოადგილისთვის, რომ მასზე ეზრუნა, გაუფორმებიათ რწმუნებულებაც. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, რომ ახალ მზრუნველს ავადმყოფისთვის შესაბამისად  უნდა მოევლო, ხილი ეყიდა და ა.შ. თუმცა, როგორც გამოკითხული ამბობდა, მას ამ ფულს არაფერში ახმარდნენ.
ბედიანში, მაგალითად, არ აღმოაჩნდათ სამედიცინო წამლები, გარდა სპეციფიკური პრეპარატებისა, რის არქონასაც ადმინისტრაცია ამორტიზებულ გზას აბრალებდა...
ექიმების მხრიდან იყო მთავარი საჩივარიც – დაბალი ხელფასები და მწირი დაფინანსება. ამ ფაქტს არჩილ თალაკვაძეც ადასტურებს:
"ექიმები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი განათლება, გადამზადება და კარგი ხელფასი, რომ იყვნენ მოტივირებულები. ბედიანის საავადმყოფოში 300 ლარად მართლაც არავინ წავა სამუშაოდ. იქაურობა მთელ ზამთარი მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. აი, ქუტირში, მაგალითად, სადაც შედარებით მაღალი ხელფასებია, შესაძლებელი გახდა რამდენიმე კვალიფიცირებული კადრი წასულიყო. თუმცა, ფსიქიატრობა ამ ადამიანების არჩევანია და მათ პაციენტების უფლებები უნდა დაიცვან. არ უნდა დაარღვიონ ყოველ შემთხვევაში", - ამბობს თალაკვაძე.

მაკა მ. რომლის გვარს ახლა შეგნებულად არ ვასახელებთ, ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ერთი თვის წინ გამოეწერა. იქ არსებულ სიტუაციას ის აღელვებული, საკმაოდ ქაოტურად აღწერს და თავის და სხვის ამბებს ერთმანეთს უნაცვლებს. როცა "იქ" ხარ, მარტო შენი ამბავი აღარ გაწუხებს:
"ერთი გოგო მოიყვანეს მშობლებმა ძალით, ხელების გადაგრეხვით, ოთხი კვირა გააჩერეს, დასჯის ასეთი ფორმა გამოძებნეს, თორემ არაფერი სჭირდა. მეც ჩემი ოჯახის წევრების გამო მოვხვდი იქ, უკვე მეორედ და მთელი თვენახევარი რისთვის გამაჩერეს, არ ვიცი. თქვენ არ იცით როგორ ნევროზს იკიდებს ადამიანი. მთელი ღამე  არ მეძინა. ერთადერთი დასვენება მეექვსე პალატაში შესვლა იყო, სადაც "ქრონიკები" წვანან სულ გათიშულები. სულ ოხვრა და კივილ-წივილი გესმის, შეუძლებელია იქ გაჩერება თუ მათნაირი არ ხარ".
მაკა ნევროზით და შოზოფრენიით დავადებულთა პალატაში გაამწესეს. წინააღმდეგობის გაწევის გამო, როგოც მაკა ამბობს, ექვსი კაცი აკავებდა და ეს ისეთი უხეში ფორმით ხდებოდა, რომ ამის გამო თირკმელების შეტევა დაემართა.
"ნემსზე ბავშვობიდან მაქვს პანიკური შიში. არც ერთი აცრა არ მაქვს გაკეთებული, წნევა მიწევს და ცუდად ვხდები. იქ, ეს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, თან ნემსის გაკეთებაც არ იციან წესიერად. ისეთ ადგილას გამიკეთეს, ოთხი დღე მხარი მქონდა გაშეშებული. უნდა გენახეთ, მთლიანად დალურჯებული მქონდა მაჯები და მკლავები.
სამი წლის წინ, როდესაც მაკა პირველად მოხვდა საავადმყოფოში მთელი ღამე ჰყავდათ დაბმული, მაშინ გადასერილი მაჯები და ცემის გამო ჩამტვრეული ნეკნით დაბრუნდა სახლში.

წელს ცოტათი გაუმართლა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც თავად ამბობს "პატრონიანების" პალატაში მოხვდა, სადაც შედარებით მოვლილი პაციენტები წვანან. თუმცა, ეს ფაქტორი საერთო პირობების ფონზე შეღავათად ვერ ჩაითვლება, რადგან:
`ისევ ხშირია დაბმის და ცემის ფაქტები. საერთო პირობები საზიზღარია. ერთადერთი ტუალეტია და ერთადერთი აბაზანა, სადაც ოთხ დღეში ერთხელ შეგიძლია იბანაო. საჭმელს კიდევ არა უშავდა. ერთფეროვანი კვებაა, მაგრამ ხორცი არის მაგალითად, ქათამი, კარაქიანი პური, მაკარონი. ძირითადად, პაციენტები ალაგებენ, მედდები თითქმის არაფერს აკეთებენ. ესკი არა, კარის გასაღებს ანდობენ პაციენტს, ვინმე თუ მოვიდა - კარი გაუღეო, თეთრეული, ცხადია, არ უვარგათ, მე ჩემი მქონდა. აი, ჩემი წამოსვლის წინა დღეს იყიდეს ლეიბები და ფარდები ჩამოკიდეს".
მაკაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პაციენტებმა არაფერი იციან საკუთარი ავადმყოფობის მიმდინარეობის შესახებ და რაც მთავარია, არავის ეუბნებიან სიმართლეს, თუ როდის გაწერენ. გაწერის თარიღი უბრალოდ "ხვალ" არის, ან "ზეგ", ასე გამუდმებულ ტყუილებში გავიდა ის თვენახევარი, რაც მაკამ ამ ზაფხულს ასათიანზე გაატარა.
ხოლო როცა საკუთარი უფლებების დარღვევის გამო მან საავადმყოფოს კედელზე გამოკრულ ცხელი ხაზის ნომერზე დარეკა და დახმარება ითხოვა, აღნიშნული საინფორმაციო პლაკატი მეორე დღეს ჩამოხსნეს.
"აზრიც არა აქვს ამ უფლებების ცოდნას და რეკვას. იქედან ისევ საავადმყოფოში, ექიმთან რეკავენ, ის კი ამშვიდებს მათ და ეუბნება, რომ შეურაცხადი ადამიანები რეკავენ. ვის უფრო დაუჯერებენ, როგორ გგონიათ?", - კითხულობს მაკა მ.
ის ასევე ამბობს, რომ საავადმყოფოში ხშირია მედდების მხრიდან ქურდობის ფაქტები.

"მედდამ სიგარეტი მომპარა. მეც ავდექი და ღამით კარადა გავუტეხე. რა არ დამხვდა იქ, მოპარული პურები, სიბაზონის აბები და ა. შ."
ეს ამბავი სოფიო ლებანიძესაც ვუთხარით. მან ჩვენთან საუბრისას ეჭვი გამოთქვა, "თუ ასეთი ფაქტები არსებობს, მაშინ მეურვემ უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს და შემდეგ პროფესიონალები შეაფასებენ არის თუ არა მსგავსი დარღვევები მკურნალობის პროცედურაში. ძალიან მიკვირს თუ მართლაც ასეა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმა ხორციელდება, ყველა ცვლილებას სჭირდება თავისი ეტაპები".

მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედარებით "ნაქები" ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე პესიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელებმაც მოიწონეს ქუტირში არსებული ვითარება. 470 ადგილიანი საავადმყოფო, სადაც მხოლოდ შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩამდენი პირები მკურნალობენ ამ ვიზიტისთვის, როგორც ჩანს საგანგებოდ მოემზადა. ბაკურაძე ამბობს, რომ საავადმყოფოს აქვს სინათლე, მედიკამენტური თერაპიის გარდა არტ და შრომა თერაპიაც დაინერგა, რაც ძალიან ამართლებს. არ არის გაზი, რაც არაერთ პრობლემას აჩენს, თუმცა, ბაკურაძე ამბობს, რომ 8 ლარიანი დაფინანსების ფონზე, ქუტირში მდგომარეობა მაინც გაუმჯობესებულია:
"ჰოლანდიაში ასეთ პაციენტებზე 600 დოლარია დაფინანსება, ჩვენთან კი 5 დოლარი. გრანდიოზულ ცვლილებებს ამ ფონზე არ უნდა ველოდოთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ"
ნინო მახაშვილი, რომელიც ორგანიზაციას "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" უდგას სათავეში და წლებია აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე შედარებით დადებითი დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ არსებობს ცვლილებების დიდი წადილი. ის ადასტურებს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ხოლმე მსგავს დაწესებულებებს, საქმე, ცოტა, მაგრამ მაინც კეთდება, რაც მრავალწლოვანი სტაგნაციის ფონზე უკვე საკმაოდ შესამჩნევია ხდება.

"ვერაფერს ვიტყვი სანუგეშოს უფლებების კუთხით. რა  გითხრათ, როცა პაციენტებისათვის და თავად ექიმებისთვისაც უფლებების კონცეფცია საერთოდ უცნობია?
ყოველდღიური უპატივცემულობა ისევ აშკარაა. დღემდე სასამართლოში მოგებული ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს იმის გამო, რომ იქ ვიღაცის უფლებების დაირღვა. როცა საავადმყოფოში მკბენარი გეხვევა, უნდა უჩივლო ისეთ დაწესებულებას და მოსთხოვო პასუხი, აბა რა უნდა ქნა?"
თუმცა, მთავარ პრობლემად ნინო მახაშვილი მაინც კადრების პრობლემას ასახელებს. კიდევ იმას, რომ ზოგადად, ამ სფეროში მსოფლიოში უამრავი სიახლეა, რაც ჩვენთან არათუ არ დანერგილა, ინფორმაციაც არ არსებობს:

"სამწუხაროდ, დღეს აღარავის სურს ფსიქიატრიაში წასვლა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მედდების თვალსაზრისითაა. საავადმყოფოებში მუშაობს დაბერებული პერსონალი, რომელსაც უკვე ვერაფერი შეცვლის. ახალაგაზრდებს კი ასეთ დაწესებულებაში სამუშაოდ წასვლა არ სურთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ რეფორმა ცოტას გამოასწორებს მდგომარეობას და ჩვეულებრივ საავადმყოფოებში გაიხსნება ცალკე ფსიქიატრიული განყოფილებები, რომელსაც საგიჟეთს არავინ დაარქმევს და იქ ადამიანის უფლებები ნაკლებად დაირღვევა".

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები