კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"შენ ქოხს დაგინგრევენ, თვითონ ქარვასლას აიშენებენ"

1 ოქტომბერი, 2007

ხალხმა პროტესტის ნიშნად რუსთაველი ისევ გაავსო

mitingib.gif

დღის ორ საათი. მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" გადაჭედილია. რუსთაველიდან თავისუფლებამდე ხალხის ნაკადი არ წყდება. ნაწილი ტროტუარზე ვეღარ ეტევა და მანქანების სავალ ნაწილზე გადადის. ადამიანებს სახეებზე ეტყობათ, რომ მიტინგზე მიდიან.

რევოლუციიდან ოთხი წლის თავზე ამ რაოდენობის ხალხი საკანონმდებლო ორგანოს წინ პირველად შეგროვდა. იქ მივიდა ყველა: ვისაც მიტინგებზე სიარული უყვარს, ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიზეზით განაწყენებული ხალხი, ვინ – საკუთრებაჩამოამორმეული, ვინ სამსახურიდან გაგდებული, ვინ სანდრო გირგვლიანის მკვლელობით აღშფოთებული, ვინ ბიზნეს-ტერორის წინააღმდეგ მებრძოლი, ვინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ახლა უკვე პატიმარი ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერი.

პარლამენტის წინ დღეს ისევ იდგა დაახლოებით 15 000 ადამიანი, შესაძლოა, მეტიც. ხალხი ისევ ითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას. ამ მთავარ მოთხოვნას ემატებოდა ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. თუ 2003-ში ხალხი `მიშა-მიშას~ სკანდირებდა, ახლა მხოლოდ სახელები შეიცვალა - "ირაკლი-ირაკლი" გაისმოდა მისივე ფოტოების ფონზე.

ყველა პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ხალხი სხვადასხვაგვარი, მაგრამ მაინც გამოკვეთილი ოვაციით ხვდებოდა. წინა ღამის საკმაოდ ემოციური სატელევიზიო ეთერის განწყობა მიტინგზეც გაგრძელდა და უფრო მძაფრად. მართალია, ყველა პოლიტიკური ლიდერი თავისას ითხოვდა, მაგრამ "საქართველო პრეზიდენტის გარეშე" ყველას საერთო ლოზუნგი იყო.

ორი საათიდან მოყოლებული, ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან ხალხი ორად იყოფოდა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ტაშის კვრით უთმობდა გზას. ასე დაუთმეს გზა ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც ორწლიანი პოლიტპაუზის შემდეგ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე პირველად გამოჩნდა, გზას უთმობდა სააკაშვილთან ერთ დროს დაახლოებულ გია მაისაშვილს... არც ამჯერად შეცვლილა სახალხო ფრონტის ლიდერის, ნოდარ ნათაძის ტექსტები, ძველებური იყო ირაკლი წერეთელის პათოსიც. ღელავდა გოგა ხაინდრავა და ხელისუფლებას ჩვეული ირონიით დასცინოდა ლევან ბერძენიშვილი.
მათ ზუსტად იცოდნენ რისთვის გავიდნენ ქუჩაში.

რა სურდა ხალხს? პოლიტიკური მოწოდებები ოქრუაშვილის დაკავებამდეც არაერთხელ გაკეთებულა, თუმცა ამ რაოდენობის ხალხის შეკრება თავისუფლების მოედანზე აქამდე ვერავინ შეძლო.  ამჯერად კი იქ მივიდა ყველა, ვინც კი ამ ხუთი წლის მანძილზე ითმინა, დააკვირდა, ბოლოს კი მიხვდა, რომ "პატარა ბიჭების" ხელისუფლებამ მისი წინამორბედის მსგავსად, ბევრ ცდუნებას ვერ გაუძლო.

ოთხმოცს მიღწეული მოხუცი, სვანური ქუდით, პირდაპირ გამომსვლელების ფეხებთან იჯდა, ჟურნალისტების შუაგულში. ფეხი ვერ მოაცვლევინეს იქედან – გამუდმებით რაღაცას წერდა. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, სატირულ ლექსებს ხელისუფლებაზე:
"ვისაც როგორ შეუძლია, ამათ ისე უნდა ებრძოლოს, სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია", - თქვა სვანურქუდიანმა.

მას გვერდზე მდგარი სახედამჭკნარი ქალბატონიც საგულდაგულოდ დაეთანხმა: "სიტყვები რომ არა, აქ ამდენ ხალხს რა მოიყვანდა? ოქრუაშვილს ის განცხადებები რომ არ გაეკეთებინდა, ხალხი კიდევ მოითმენდა".

"შენ ქოხს დაგინგრევენ და თვითონ ქარვასლას აიშენებენ, ესაა მათი "ხალხის პოლიტიკა". როგორ მოგვატყუეს", - სინანულით ამბობს 40 წელს მიტანებული მამაკაცი და ქაშვეთის ეკლესიისკენ გადააქვს მზერა, იქ რაღაც ჩოჩქოლია. ასეტი ჩოჩქოლი მიტინგის მსვლელობის დროს რამდენჯერმე განმეორდება.

"არ შეგეშინდეთ, არ აჰყვეთ პოლიციის პროვოკაციას, ვერაფერს დაგვიშავებენ, ჩვენ ჩვენს აზრს მშვიდობიანად გამოვხატავთ", - დროდადრო აკეთებს ასეთ განცხადებებს ოქრუაშვილის ახლადშექმნილ მოძრაობის ერთ-ერთი სახე გია თორთლაძე.

მიტინგზე ბევრი "გამოცდილი" მომიტინგეცაა მოსული. ისინიც, ვინც 2003 წლის ნოემბრის წვიმიან ღამეებს პარლამენტის წინ ათენებდა.
"როგორ გვჯეროდა, რომ ჩვენი ხელისუფლება მოდიოდა, მაშინ რა პროგნოზს არ ვაკეთებდით, ხუთ წელში თუ ისევ აქ და ამ მოთხოვნით მოგვიწევდა დგომა, ვინ იფიქრებდა... გუშინდელი დღიდან სულ იმას ვფიქრობ, რაც ოქრუაშვილმა თქვა, ნუთუ მართლა მკვლელი პრეზიდენტი გვყავს? მაგრამ ისეთი ლოგიკური ჯაჭვია.. ხალხს პასუხები სჭირდება, ამისთვისაა აქ მოსული".

დროდადრო მიკროფონი ითიშება. მიტინგის დაწყებიდან ერთ საათში, ვრცელდება ხმა, რომ ელექტროენერგია გათიშეს. მახლობლად სპეცრაზმია მობილიზებული. გია თორთლაძეს ხალხისგან ბარათები მისდის. ამ ბარათებში წერია, რომ დასავლეთ საქართველოდან წამოსულ რამდენიმე ავტობუსს რიკოთის უღელტეხილზე არ უშვებენ. მიკროფონი 20 წუთის განმავლობაში გათიშულია. ხალხი ადგილიდან არ იძვრის. ადამიანებს სახეებზე ეტყობათ – ზუსტად იციან რისთვის არიან მოსული.

"წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი შეყარეს უნივერსიტეტში,  რომ-ის წინ მძიმე რა შემთხვევაში უნდა დასვან, ეგეც ვერ გაუგიათ.. მე მთავარი ბიბლიოგრაფი ვიყავი და ისე გამომაგდეს, ხელიც არ აჰკანკალებიათ. თითქოს 40 წელს ზემოთ ხალხი ამ საზოგადოების ნაწილი არ ვიყოთ. უფროსი ასაკის მარტო მიშას ბებია და ბაბუაა გამოდის საჭირო. აი,  ბოლო თეთრებით წამოვედი მიტინგზე და ფეხით რომ დამჭირდეს საბურთალოდან ისევ გამოსვლა, მაინც მოვალ!"

ჩვენს მიერ გამოკითხული ყოველი მეათე ადამიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლებასთან კითხვები აქვს:

"ჩვენ გვაინტერესებს სააკაშვილის არგუმენტირებული პასუხები. ამდენ ხალხს მოეჩვენა, რომ ოქრუაშვილი ტყუოდა? თუ მან უნდა აგოს პასუხი, პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმაც! მიშა, ჩვენ შენთან კითხვები გვაქვს. არ დაგავიწყდეს, ვინ დაგსვა მაგ სკამზე. ისევე ჩამოგსვამთ, როგორც მაგ სკამამდე მიგიყვანეთ. ჩვენ გვაინტერესებს, მართლა შენ გაეცი გელაშვილის ცემის ბრძანება? პატარკაციშვილის მკვლელობა მართლა შეუკვეთე ირაკლის? მართლა მილიარდებია შენი ქონება? მიშა, გვიპასუხე!!! - 36 წლის გიორგი აბაშიძე ემოციებს ვერ მალავს.

ოთხი საათის განმავლობაში ხალხის ნაკადი მატულობდა. მხოლოდ ექვსი საათისკენ მიტინგი მშვიდობიანად დაიშალა. პარლამენტის წინ საგანგებოდ დარგული ყვავილებისგან მხოლოდ გასრესილი ღეროებიღა დარჩა.

"ჩვენ მოვიტანეთ აქ ვარდები, მაგრამ შეგვიძლია ეკლების მოტანაც", - ასე "დაამთავრა" მიტინგი შუახნის ქალბატონმა. ისიც და იქ მისული ათასობით  ადამიანი იმ იმედით დაბრუნდა სახლში, რომ პრეზიდენტისგან უახლოეს მომავალში პასუხებს მიიღებს.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები