კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"დევნილ" სკოლას უჭირს

3 ოქტომბერი, 2007

devnilta_skolab.gifაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჟიული შარტავას სახელობის #6 საჯარო სკოლა 12 წელია დევნილობაში ფუნქციონირებს. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ქუთაისში, ყოფილი კულინარიისა და ეკონომიკის სასწავლებლის შენობის მეხუთე სართულზეა. ამ შენობის დანარჩენ სართულებზე დევნილი მოსახლეობაა დროებით თავშეფარებული. აქ მცხოვრებთა შვილები აქვე სწავლობენ. მათთვის სკოლა და საცხოვრებელი ადგილი ერთადაა და ხშირად გამიჯვნაც უჭირთ, განსაკუთრებით პატარებს, რომლებიც გაკვეთილებს შორის შუალედში დროდადრო სახლშიც შეირბენენ ხოლმე.

10 წლის წინ, როცა აღნიშნულმა სკოლამ ამ შენობაში დაიდო ბინა, არავის ეგონა, რომ აქ ამდენ ხანს გაატარებდნენ. მაშინ ყოველ დღე უკან დაბრუნებაზე ფიქრობდნენ. მაგრამ, როცა წელი წელს მიემატა და აფხაზეთში დაბრუნებაც სულ უფრო შორეულ ოცნებად იქცა, ამ სკოლის ხელმძღვანელობამ და პედაგოგებმა ადგილზე დაიწყეს ზრუნვა თავიანთი და მოსწავლეების სამუშაო და სასწავლო პირობების გასაუმჯობესებლად. ყოველი შეღებილი ოთახი თუ შეთეთრებული დერეფანი დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ.

რამდენიმე დღის წინ, როცა "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" აფხაზეთის პრობლემას "სიტყვის აქცია" მიუძღვნა, არაერთი დევნილი გამოგვეხმაურა. მათ შორის ამ სკოლის პედაგოგებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთ სკოლაში მიგვიწვიეს და დღეს მათ წინაშე არსებულ ურთულეს პრობლემებზე გვესაუბრნენ:

"ის, რომ აფხაზეთის მე-6 სკოლა ჟიული შარტავას სახელს ატარებს, ჩვენთვის ერთადერთი სიმდიდრე და სიამაყეა. არ შეიძლება ასეთ არასტანდარტულ შენობაში ვიყოთ განთავსებული და გაკვეთილებს აქ ვატარებდეთ. არაერთხელ მივმართეთ განათლების სამინისტროს, ადგილობრივ ხელისუფლებას, იმერეთის სასკოლო ოლქს, მაგრამ უშედეგოდ. ისეთი დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, თითქოს ჩვენ ზედმეტი ვიყოთ და რაღაც წარმოუდგენელს ვითხოვდეთ. რევოლუციის დღეებში რუსთაველზე ვიდექით და ყველანაირად ვცდილობდით, მაშინდელი ოპოზიციისათვის მხარი გაგვემაგრებინა იმ იმედით, რომ ქვეყანაში საერთო მდგომარეობა შეიცვლებოდა და ამით ჩვენი პრობლემაც გადაიჭრებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ არც არაფერი შეცვლილა, პირიქით, ყველაფერი უფრო გართულდა," - აცხადებს აფხაზეთის # 6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ხუხუა.

"1997 წელს, როცა აქ გადმოვედით, 237 მოსწავლე გვყავდა. ახლა 102–103 მოსწავლეა დარჩენილი. მოსწავლეთა ნაწილმა სკოლა უკვე დაამთავრა, ნაწილი, მოსახლეობის ქალაქიდან გადინების დროს გადავიდა სხვაგან, ზოგიც ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ გავიდა და ასე შემცირდა კონტიგენტი. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ მათ, ფაქტობრივად, გაუსაძლის პირობებში სწავლას ვთავაზობთ და თითქმის ვერაფრით ვიზიდავთ. მაშინ კი, როცა აქ გადმოვედით, მართალია, სწავლება სკოლის არასტანდარტულ ფართში გვიწევდა, მაგრამ გვეხმარებოდნენ სახელმძღვანელოებით, მგზავრობა ჩვენი კონტიგენტისთვის უფასო იყო და ამის გამო, ერთგვარად შეღავათიანი სკოლა გახდა ჩვენი სკოლა დევნილი მოსახლეობისათვის. მაგრამ იძულებითი სტუმრობა ისე გაგვიგრძელდა, რომ როგორც ჩანს, თავიც მოვაბეზრეთ მასპინძლებს და სახელმწიფოს ყურადღებაც საკმაოდ მოგვაკლდა," - უთხრა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, ნაპოლეონ მესხიამ. 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა დაიწყო, აღნიშნულ სკოლას შენობის შემდეგ ურთულეს პრობლემად სახელმძღვანელოების პრობლემა ექცა. წინათ სკოლა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის დახმარებით ახერხებდა საკუთარი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას და ეს თავისთავად, დადებითად აისახებოდა დევნილი მოსახლეობის ბიუჯეტზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარეფორმო კლასებში სახელმძღვანელოები რადიკალურად შეიცვალა, სკოლაში ახალი სახელმძღვანელოს თითო ეგზემპლარიც სანატრელი გახდა.

"ვინც უნდა მოვიდეს, ვითომ დასახმარებლად, სახელმძღვანელოებს რომ ვუხსენებთ, მაშინვე გარბიან. არადა, ჩვენ იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ სკოლამ თითოეული კლასის ყველა სახელმძღვანელოს თითო კომპლექტი მაინც შეიძინოს. გვეუბნებიან რომ სხვა რამით დაგვეხმარებიან და წიგნებით - ვერა. არადა, რამდენჯერ უნდა გადახურონ ეს შენობა. ახლა ჩვენ წიგნები გვაქვს უმთავრეს პრობლემად თუ არა, ამ არასტანდარტულ ოთახებს ასე თუ ისე, შევეჩვიეთ. 13, 14, 15 ლარი ღირს თითო წიგნი. პროგრამა და სახელმძღვანელოები კი ისეა აგებული, რომ წიგნის გარეშე ბავშვი და მასწავლებელი ვერაფერს მოახერხებენ. ახლა ბავშვებს ვთხოვე, სამმა-ოთხმა მოსწავლემ ერთი წიგნი მაინც იყიდეთ-მეთქი. მაგრამ როგორ უნდა იყიდონ? ჩვენი კონტიგენტი ხომ მატერიალურად მეტად შეჭირვებული დევნილი მოსახლეობაა, რომლებსაც წიგნის შეძენა კი არა, შვილების გამოკვება უჭირთ," - ამბობს ნაპოლეონ მესხია.

აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის პედაგოგებმა იციან, რომ აღნიშნული პრობლემა ახლა თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულების აქილევსის ქუსლს წარმოადგენს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მათ შორის ისინი მაინც ყველაზე მეტად დაჩაგრულები არიან. როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი ხელისუფლებისგან არაერთხელ უარით გამოსტუმრებულებს მათკენ გახედვაც აღარ სურთ და თავიანთი მოსწავლეებისათვის დახმარებას საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან ითხოვენ.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები