კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ფსიქიურად დაავადებული ახალგაზრდა ქალი დედამ ბნელ ოთახში გამოკეტა

3 ოქტომბერი, 2007

ქეთევან ყურუა დედამ ბნელ ოთახში სამი წლის წინ ჩაკეტა, დანგრეულ ხის კარებს ურდული საგულდაგულოდ დაადო და დაავადებული შვილის დაცვას ამ გზით შეეცადა. 32 წლის ახალგაზრდა ქალი მძიმე ავადმყოფობას 7 წლის მანძილზე უშედეგოდ ებრძვის. იგი პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული. ციალა კვატანიას ქალიშვილის სტაციონარში გადაყვანა არ სურს. დედა შიშობს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქეთევანს ინექციით მოკლავენ.

შეუმინავი ფანჯრები და აყრილი იატაკი, ნესტი, დანგრეულ კედელზე გაბმული ობობას ქსელები, მძაფრი სუნი, ძირს დაგებული განიერი ფიცარი და ირგვლივ გაფანტული პოლიეთილენის ბოთლები - ეს აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებული ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის ის ოთახია, სადაც ქეთევან ყურუა ცხოვრობს და სადაც მზის სხივიც კი არ აღწევს. დღის სინათლე ოთახშიDმხოლოდ რკინის სქელი გისოსებიდან შემოდის. ფანჯრებზე მინის ნაცვლად ნაჭრის ფარდაა გადაკრული. დროის უმეტეს ნაწილს ქალი ხის ფიცარზე მძინარე ატარებს. ხის ქვეშაგები მუდამ სველია, ოთხ კედელში გამოკეტილი ქეთევანი ღამის ქოთნით არ სარგებლობს. დედა მას საკვებს ურდულგაყრილი კარის ზედა ნაწილში საგანგებოდ გაჭრილი სარკმლიდან აწვდის. ავადმყოფი აქედან იღებს წყალს და დაბანვას ვაი-ვაგლახით ახერხებს. ქეთევანს ყავა უყვარს და მის მირთმევაზე უარს არასდროს ამბობს. დედაც და ის მეზობლებიც, რომლებიც მასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, ცხელ სასმელს სთავაზობენ. ციალა კვატანია დასუფთავებას მხოლოდ ღამ-ღამობით ცდილობს, მაშინ, როცა ქეთევანს სძინავს. მას მოსალოდნელი აგრესიის ეშინია. დედა კი მოპირდაპირე მხარეს, ერთ პატარა ოთახში, 27 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ორივე დამტვრეულ და სპილენძის "მავთულებით" გამაგრებულ საწოლზე წევს. ხვიჩა ყურუაც შიზოფრენიით არის დაავადებული, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში შედარებით დამაკმაყოფილებელია. ერთი წლის წინ დედის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა, სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ხვიჩას ჯანმრთელობა მხოლოდ მედიკამენტური ჩარევის შემდეგ გაუმჯობესდა. ზუგდიდის ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერში და-ძმა აღრიცხვაზე 5 წლის წინ აიყვანეს. ორივე პაციენტზე მედიკამენტები, ძირითადად დამამშვიდებელი პრეპარატები ამ კლინიკიდან გაიცემა.

ციალა კვატანია: "აფხაზეთში გალის რაიონის სოფელ წარჩეში ვცხოვრობდით. დევნილობა ამ სახლში გავატარეთ. ქეთევანი 7 წლის წინ დაავადდა. ზუგდიდში ერთ-ერთ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, შიშვლდებოდა, უცხო ადამიანებს ქვებით სდევნიდა, მეზობლებისა და საავადმყოფოს ოთახების ფანჯრების მინებს ამტვრევდა, ზამთარში შიშველი ფეხებით დარბოდა, სიცივისაგან გაყინულ, დახეთქილ ფეხებში ინფექცია შეეჭრა, დაუჩირქდა, არ მეგონა თუ ცოცხალი გადარჩებოდა. მაშინ არ მომკვდარა და ახლა რაღა მოუვა? მირჩევნია ჩემთან იყოს, ვიდრე ფსიქიატრიულში, არავის დავუთმობ!"
 
ქალიშვილთან განშორებას ციალა კვატანია მართლაც არ აპირებს, მაგრამ მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ საარსებო პირობებიც არა აქვთ, ერთადერთი შემოსავალი კი მხოლოდ ინვალიდობის პენსიაა და დევნილების შემწეობის თანხებია. წლების წინ წითელი ჯვრის ორგანიზაცია პროდუქტებით ეხმარებოდა, თუმცა ყურუების ოჯახს ბოლო 3 წლის მანძილზე რაიმე სახის დახმარება არც ხელისუფლების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ მიუღია.

ექიმ-ფსიქიატრის, ვალინა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყურუებთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში მუდმივად არსებობდა. ფსიქიატრებმა ციალა კვატანიასაგან ქეთევანის სტაციონარში გადაყვანაზე თანხმობას ვერ მიაღწიეს. იძულებითი წესით მკურნალობაზე გაგზავნის უფლება კი მათ არ აქვთ, თუმცა შესაბამისი ორგანოებისათვის, ვინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტის მოთავსებას უზრუნველყოფდა, ფსიქიატრებს არ მიუმართავთ. ზუგდიდის ფსიქო-ნარკოლოგიური დისპანსერის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში 166 შიზოფრენიით დაავადებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის რეაქტიული ფსიქოზის დიაგნოზით 39 პაციენტი. დისპანსერში აფხაზეთიდან დევნილი, შიზოფრენიით დაავადებული 235 ადამიანია აღრიცხული, მაგრამ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მხოლოდ 2 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.

ნინო ჯანაშია, ფსიქოლოგი: "იმ შემთხვევაში თუ ქეთევან ყურუას სტაციონარში გადაყვანა იძულებით არ მოხდება, მაშინ საჭიროა დედის დარწმუნება იმაში, რომ ამ სახის მკურნალობა მისი შვილისთვის აუცილებელია. სტაციონარულ პირობებში ქეთევან ყურუას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ის არაადამიანური პირობები, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს ჯანმრთელობისათვის სახიფათოა".

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი ზაზა ქვაცაბაია განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ  დახმარებას. "არანაბაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება ტარდება მაშინ, როცა პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შესწევს უნარი გააცნობიეროს თავისი მოქმედება და მისგან გამოწვეული შედეგი, ამით კი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში პაციენტის ნება ან ნათესავის თანხმობა სტაცინარში გადაყვანაზე საჭირო არ არის. სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციამ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მიმართოს მაგისტრ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პაციენტის არანებაყოფლობით სტაციონარში მოთავსების შესახებ".

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები