კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელი ადვოკატი დაზარალებულ მხარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

12 ოქტომბერი, 2007

ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების ემზარ როგავას, ჯეირან ხარებავასა და ემზარ გვილიას ადვოკატები პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს საქმის ტენედციურად წარმართვაში ადანაშაულებენ.

ემზარ როგავას ინტერესების დამცველს, ლონდა შამუგიას გამომძიებელ დავით ხაზალიას ობექტურობაში ეჭვი მაშინ შეეპარა, როდესაც ექვსთვიანი გამოძიების პროცესში მან დაცვის მხარის მოწმეები არ დაკითხა და საქმეში დაზარალებულთა ჩვენების გარდა სხვა მყარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. იგივე მოსაზრებას გამოთქვამს გვილიასა და ხარებავას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას სასამართლოს წინაშე მომავალ სხდომაზე გეგმავს.

ადვოკატების შეშფოთებას სწორედ შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული მასალების ექსპერტიზის დასკვნები იწვევს. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულთა თითის ანაბეჭდები არ ემთხვევა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებს. სამაგიეროდ, წინასწარი გამოძიება  მათ სასარგებლოდ საქმის გამყარებას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შეეცადა, რომელიც დაცვის მხარესა და განსასჯელებს სასამართლო პროცესამდე არ გააცნეს. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის შედეგებს ისინი პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში 20 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

ადვოკატების განმარტებით, გამომძიებელს საქმეში არსებულ დადგენილებაში სერიოზული უზუსტობა გაეპარა. ლონდა შამუგია: „ჩემთვის უცნობია თუ რა განზრახვა ჰქონდა გამომძიებელ დავით ხაზალიას მაშინ, როცა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გასაგზავნად გამზადებული დადგენილების პირველ აბზაცში დაზარალებულის მიერ ნივთმტკიცებად წარმოდგენილი „ორი“ ნიღაბი შავი ფანქრით გადააკეთა და „ერთი“ აღნიშნა, ხოლო მომდევნო აბზაცში კი „ორი“ დატოვა. იმ დოკუმენტში, რასაც ადვოკატებმა ხელი მოვაწერეთ, ერთი ნიღაბი იყო მითითებული. ასეთივე ბუნდოვანი პასუხი აღმოჩნდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ დასკვნაშიც“.

ბაჩუკი ყურაშვილი: „დაუშვებელია ის ფაქტი, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს ერთი და იგივე ნიღბით ესარგებლათ, ვინაიდან დაზარალებულები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ექვსივე ყაჩაღს თაცდასხმის დროს ნიღბები ეკეთათ. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი ერთ თუ ორ ნიღაბში სამივე განსასჯელის სუნის კვალი აღმოჩნდა“.

11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულთა საქმის განხილვა დაიწყო. პროცესზე იძულების წესით იქნა წარმოდგენილი დაზარალებული მხარე. კოტე, ნათელა, ეთო და გელა შეროზიები ზუგდიდელ სამართალდამცველებს პროტესტს უცხადებენ. დაზარალებულებმა წინასწარი გამოძიების პროცესში უნდობლობა ჯერ გამომძიებელ დავით ხაზალიას, ხოლო შემდეგ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, დარიკო თორდიას გამოუცხადეს. მოგვიანებით კი მათ წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარიც შეიტანეს.

ადვოკატმა დარიკო თორდიამ შეროზიების ინტერესების დაცვაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ დაზარალებული მხარე მასზე ზეწოლას და მის მოსყიდვას ცდილობდა. „ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება მომთხოვეს, ოფისში მომივარდნენ და დარბევას შეეცადნენ. ნათელა შეროზია მიცხადებდა, რომ ორდერის თანხა მხოლოდ იმისათვის გადამიხადა, რომ საქმე მის სასარგებლოდ წარმემართა. ისინი დამატებითი თანხის გადახდასაც მთავაზობდნენ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებას შევძლებდი“.

პირველ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დაზარალებულთა ჩვენებებში გადასწორებული და ჩამატებული წინადადებებიც აღმოაჩინეს, რომელიც მათი თქმით,  პროკურორის, ლევან საჯაიას ტენდენციურობაზე მიანიშნებს. საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 22 ოქტომბერს განახლდება.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები