კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიების ჩაკეტილი წრე ზესტაფონის პოლიციაში

12 ოქტომბერი, 2007

ჟურნალისტური მოკვლევა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს დახმარებისათვის ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრებმა ნონა დოგრაშვილმა მიმართა, რომლის მეუღლე როსტომ ხიდაშელი 2006 წლის 2 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ზესტაფონის რკინიგზაზე დაიღუპა. მომხდარი ფაქტიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. გამოძიება კი, ჯერაც არ დასრულებულა. შესაბამისად, დღემდე არ შემდგარა სასამართლო პროცესი.

როსტომ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის პოლიციელი იყო. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზესტაფონის რაიონულ პოლიციაში იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. არსებობს შსს გენერალური ინსპექციის 2007 წლის 20 თებერვლის დასკვნა, რომელშიც 2006 წლის 2 ივლისს მომხდარი ფაქტი და უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენებია აღწერილი:

„2006 წლის 2 ივლისს 22:35 საათზე ზესტაფონის რკინიგზის სადგურის #5 ლიანდაგში სატვირთო მატარებელი # 2018 38 ვაგონის შემადგენლობით შევიდა. ვაგონებზე არსებული ლუქების შემოწმების მიზნით ის ჩაყენებულ იქნა #5 ლიანდაგში. აღნიშნულის შემდეგ 22:50 საათზე ზესტაფონის რკინიგზის სადგურის პარკის მორიგის ტარიელ შარვაძის მიერ #5 ლიანდაგზე გამორთულ იქნა საკონტაქტო ქსელი, რაც დაფიქსირებულ იქნა სპეციალურ ჟურნალში. აღნიშნულის შემდეგ როსტომ ხიდაშელი ვაგონების შესამოწმებლად წავიდა. ნავთობპროდუქტების ვაგონზე ასვლის დროს ის მაღალი ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე ზესტაფონის რაიონის შს განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის # 5206204 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იმის დასადგენად, თუ ზესტაფონის რკინიგზის სადგურის რომელი სამსახურის და კერძოდ ვის მიერ იქნა დარღვეული შრომის დაცვის წესები, საქმეზე 2006 წლის 8 ივლისს დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 27 ოქტომბრის # 3042/15 დასკვნის თანახმად, სადგურში მატარებლის შემადგენლობა #5 ლიანდაგზე ჩადგა გასათიში საკონტაქტო ხაზის მიღმა სხვა საკონტაქტო ხაზის მოქმედების ქვეშ მყოფ ზონაში. #5 ლიანდაგში ჩაყენებული # 2018 მატარებლისთვის თვალყური უნდა ედევნებინათ და გაეკონტროლებინათ, რამდენად სწორად იქნა იგი ჩაყენებული ლიანდაგში, რამდენად წესების დაცვით მოხდა ამავე ლიანდაგში სასექციო ხაზის გამორთვა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ელმავლის მემანქანესა და მის თანაშემწეს, ასევე სადგურის მორიგესა და პარკის მორიგეს. ამდენად, პოლიციის უფროს სერჟანტ როსტომ ხიდაშელის მხრიდან შრომის დაცვის წესების დარღვევა არ დადასტურდა.“

მართალია, აღნიშნული დასკვნა დაიდო, მაგრამ მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახისათვის რეალური დახმარება არავის აღმოუჩენია. მეტიც, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გარდაცვლილის მეუღლეს, ნონა დოგრაშვილს დღემდე ბუნდოვნად და გაურკვევლად პასუხობენ ზესტაფონის რაიონის პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები. ნონა დოგრაშვილის თქმით, ის და მისი მული, იზო ხიდაშელი უხეშად გაისტუმრა ზესტაფონის რკინიგზის სადგურის უფროსმა ვალერი ჩაჩუამ, რომელთანაც დაზარალებულები მათთვის სიტყვიერად მიცემული პირობის შესრულების თხოვნით მივიდნენ. ეს პირობა კი, მარჩენალდაკარგული ოჯახისათვის დახმარების აღმოჩენას და მისი მცირეწლოვანი შვილისთვის პენსიის დანიშვნას შეეხებოდა.

გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების გაჭიანურების მიზეზი, გამოძიების მხრიდან დამნაშავე პირთათვის ხელის დაფარება და მათი ბრალის შემსუბუქებაა.

„იმ უბედურების დღეებში ჩვენთან რკინიგზის სადგურისა და როსტომის სამსახურის ხელმძღვანელები მოვიდნენ და გვთხოვეს, ოღონდ საქმეს ნუ გაამწვავებთ და ჩვენგან ყველანაირ დახმარებას მიიღებთ, ბავშვსაც პენსია დაენიშნებაო. გასაგებია, რომ როსტომი განზრახ არავის მოუკლავს და უბედური შემთხვევა მოხდა. ჩემს ქმარს მე არავინ გამიცოცხლებდა, შვილი კი ყოველგვარი სახსარის გარეშე მრჩებოდა. ამიტომაც დავთანხმდით და დაველოდეთ, მაგრამ ეს ლოდინი უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. მათ მიერ მოცემული პირობა კი ქარს გაყოლილი სიტყვები აღმოჩნდა. სინამდვილეში, მათ დრო მოიგეს და საქმე ისე შეკერეს, როგორც თვითონ სურდათ. ახლა არც ის გამიკვირდება, დამნაშავედ ჩემი ქმარი გამოაცხადონ, იმიტომ, რომ ის პასუხს ვეღარ გასცემს. მაგრამ ღმერთის მაინც არ ეშინიათ? ერთადერთ ობოლ შვილს ულუკმაპუროდ რომ მიტოვებენ?“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე ნონა დოგრაშვილი.

ზესტაფონის რაიონული პოლიციის გამომძიებელი გელა წითელაშვილი, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს, მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების გაჭიანურების მიზეზი მისი სირთულე და სპეციფიურობაა:

„ორჯერ დაინიშნა ექსპერტიზა და საკმაოდ მომცველი მასალა დაგვჭირდა სხვადასხვა ინსტანციებიდან, რომ მიგვეღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ფაქტიურად და ინსტრუქციით რა იყო გათვალისწინებული,“ - აცხადებს გელა წითელაშვილი.

თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, აღიძრა თუ არა, ან აღიძვრება თუ არა საქმე უახლოეს მომავალში რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის გამო, გამომძიებელი კონფიდენციალურს უწოდებს და ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნას, რომელიც დაზარალებული მხარისათვის ხელმისაწვდომ, ფაქტიურად ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს, მასთან დაკავშირებით გელა წითელაშვილი აცხადებს: „გენერალური ინსპექციის დასკვნა არ წარმოადგენს ჩვენთვის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას უტყუარ მტკიცებულებას, ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი რომ დავაყენოთ.“

იმ მცირე კომენტარებიდან, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გელა წითელაშვილისაგან მიიღო, ცხადი ხდება, რომ გამოძიება და სავარაუდოდ, ე.წ. „დაინტერესებული მხარე“ საქმეში მთავარ „დამნაშავედ“ ზესტაფონის რკინიგზის სადგურის დამპროექტებლებს მოიაზრებს(?!) ოღონდ, როგორც ჩანს, გამომძიებელი და სადგურის უფროსი აღნიშნული სადგურის დაპროექტების თარიღზე ჯერაც ვერ შეთანხმებულან. გამომძიებელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სადგური 1933 წელს დაპროექტდა და შეცდომაც სწორედ იქედან იღებს სათავეს, სადგურის უფროსი ვალერი ჩაჩუა კი განმარტავს, რომ „აღნიშნული სამსახური 1995 წლიდან მოყოლებული ასე ფუნქციონირებს.“

მთავარი პრობლემა, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული უბედური შემთხვევა განაპირობა #5 ლიანდაგზე (ამ კონკრეტულ შემთხვევამდე) შუქნიშნებისა და ე.წ. სასექციო გამომრთველის განლაგების ადგილი იყო. 2006 წლის 2 ივლისამდე, ანუ, ამ უბედურ შემთხვევამდე, სასექციო გამომრთველი შუქნიშნებს შიგნით იყო განლაგებული, ამიტომაც, მართალია, მატარებელი შუქნიშნებს შიგნით ჩადგა და ეს პარკის მორიგემაც დაადასტურა, მაგრამ მისი ვაგონ-ნახევარი იმ სასექციო გამომრთველის გარეთ აღმოჩნდა, რომელსაც აღნიშნულ ლიანდაგზე დენი უნდა გამოერთო. მანამდე ეს, როგორც ჩანს, ყოველთვის ასე ხდებოდა. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს „კოკამ წყალი აღარ მოიტანა“ და სავალალო შედეგიც დადგა. ამის შემდეგ სასწრაფოდ მოხდა აღნიშნული ადგილის რეკონსტრუქცია და ამჟამად სასექციო გამთიშველი უკვე შუქნიშნებს გარეთ არის მოთავსებული და შუქნიშნებს შიგნით ჩაყენებულ შემადგენლობაზე იმ ტიპის სამუშაოს შესრულება, რომელსაც როსტომ ხიდაშელი აკეთებდა, საშიში აღარ არის. მაგრამ საკითხი, ვინ იყო ამაში დამნაშავე და რატომ არ აგო მან პასუხი მომხდარზე, დღემდე გაურკვეველია. მიზეზი კი, გამომძიებელ გელა წითელაშვილის განმარტებით თურმე „ლოგიკურია“: „სანამ არ შეიკრიბება საკმარისი მასალები იმისათვის, რომ დადგინდეს კონკრეტული პირის  ან კონკრეტულ პირთა დანაშაულებრივი ქმედება ან უმოქმედობა, გამოძიება ვერ დასრულდება. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად, ამ ეტაპზე საქმის ძიება ამ თვის ბოლომდე უნდა მორჩეს. ძალიან ბევრი ხალხია დაკითხული, მასალაც საკმაოდ დევს. როცა ეს ყველაფერი საკმარისი იქნება, კონკრეტული პირის ბრალეულობაც მაშინ დადგება. როცა საქმეს თქვენც გაეცნობით, დარწმუნდებით, რა მუშაობა ჩავატარეთ“,- ამბობს წითელაშვილი. 
მართალია, გამომძიებელი აცხადებს, რომ დაკითხვები თითქმის დამთავრებული აქვს და უამრავი მასალა შეაგროვა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ამის მტკიცების საფუძველს, მომხდარი ამბის ერთ-ერთ უშუალო მოწმესთან, როსტომ ხიდაშელის ყოფილ თანამშრომელთან რევაზ ხუსკივაძესთან საუბარი  გვაძლევს. იგი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ღამეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, გამომძიებელს ის აღარ დაუბარებია და არც დაუკითხავს. სამაგიეროდ, გამომძიებელი წითელაშვილი აცხადებს, რომ მოწმეები (მათ შორის ხუსკივაძე) არაერთგზის დაკითხა.

რაც შეეხება თავად სამუშაოს, რომელსაც ზესტაფონის რკინიგზის სადგურზე პოლიციელები იმ საბედისწერო დღეს ასრულებდნენ, ხუსკივაძე შემდეგნაირად აღწერს: „პარკის მორიგე დენს რომ თიშავდა, ის ამოწმებდა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვეძახდა, რომ დენი გათიშულია და მუშაობა შეგვეძლო. ჩვენც არაფრის გვეშინოდა, ხაზი იყო იქ თუ არა, აღარ ვფიქრობდით. შევდიოდით და ვმუშაობდით.“
 
თუმცა, მაინც რა მოხდა იმ მომენტში, ეს იქ მყოფთათვისაც გაურკვეველია. ხუსკივაძემ მომხდარის შესახებ გვიამბო: 
 
„იმ ადგილიდან 50 მეტრში ვიდექი და პარკში ვმორიგეობდი. ყვირილი შემომესმა, როსტომო და დავინახე, რომ როსტომი ვაგონის სახურავზე ეგდო. არც დავფიქრებულვარ, ისე ავედი და მხოლოდ ერთი პატარა განაკაწრი შევნიშნე სახეზე. ვიფიქრე, ფეხი დაუცურდა, დაეცა და თავი დაარტყა-მეთქი. მხოლოდ გათიშული მეგონა. ჩვეულებრივად ჩამოვიყვანეთ ძირს, მივიყვანეთ საავადმყოფოში და მკვდარიაო გვითხრეს. ქუთაისში, მორგში რომ ჩავიყვანეთ იქ შეგვატყობინეს, დენმა დაარტყაო“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდა. ზესტაფონში სტუმრობის დროს სამსახურის უფროსი გელა მესხი ადგილზე არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევის მომსწრე პოლიციელს ხუსკივაძეს გავესაუბრეთ, გადავწყვიტეთ რამდენიმე შეკითხვა იმ დროს ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი პირისთვის, ოცმეთაურისთვისაც დაგვესვა. მაგრამ მან, შეიტყო რა ხიდაშელის გარდაცვალების ფაქტით ვინტერესდებოდით, შეკითხვის დასმას არც დაელოდა,  ისე გაიქცა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენა. თანაც თავის ხელქვეითებსაც მკაცრად აუკრძალა ჩვენთან საუბარი. აღნიშნულმა პიროვნებამ არც თავისი გვარი გაგვიმხილა. თუმცა, მოგვიანებით დავადგინეთ, რომ იგი ოცმეთაური ნოდარ დოლაკიძე იყო. რა გახდა ამ ადამიანის ასეთი გაუგონარი აგრესიის მიზეზი, ჩვენთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.

ამის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ზესტაფონის რკინიგზის სადგურის უფროსს ვალერი ჩაჩუას შეხვდა. მან ჩვენს შეკითხვებს საკმაოდ დაბნეულად უპასუხა:

ვალერი ჩაჩუა: მე როგორც სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა ყველას დაუდევრობით მოხდა.

ჟურნალისტი: ყველაში ვის გულისხმობთ?

ვ.ჩ.: კონკრეტულად როგორ დავადო ადამიანს ხელი? არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ 1995 წლიდან ასე მუშაობდა ეს სამსახური. აქ, როგორც ვფიქრობ, ალბათ დამპროექტებლებსაც მიუძღვის ბრალი. ანალოგიურად, თავად გარდაცვლილი პოლიციელიც დამნაშავეა.

ჟ: ევალებოდა თუ არა მას შეემოწმებინა გამორთული იყო თუ არა დენი?

ვ.ჩ.: უნდა ცოდნოდა.

ჟ: უნდა ცოდნოდა, მაგრამ ჩვენ როგორც გვითხრეს, მათ პარკის მორიგე სიტყვიერად აფრთხილებდა, რომ დენი გამორთულია და ისინიც ამის შემდეგ ადიოდნენ ვაგონებზე.

ვ.ჩ.: ვალდებული იყო, რომ სამუშაოზე დაეშვა...

ჟ: ვერ გავიგე?

ვ.ჩ: ჯერ ხაზი უნდა გამოერთო და მერე სამუშაოზე უნდა დაეშვა.

ჟ: მერე ვინ იყო ის, ვისაც ხაზი უნდა გამოერთო და ეს ადამიანი სამუშაოზე დაეშვა? თვითონ თავის თავს ხომ არ დაუშვებდა?

ვ.ჩ.: ჩვენი ხალხი მაგას არ უშვებდა. ინსტრუქციაში რაც არის დაწერილი, ჩვენ პროკურორსაც და გამომძიებელსაც მივაწოდეთ. ისინი იკვლევენ ეკუთვნოდა თუ არა ამ კაცს, ასულიყო ზევით და დაეთვალიერებინა ვაგონი. ჩვენ როგორც ვიცით, თვითონ არ უნდა ყოფილიყო იქ, ვინაიდან, თვითონ პოლიციის დასკვნაში წერია, რომ ორი მეტრით უნდა იყოს დაცილებული საკონტაქტო ქსელიდან. უნდა შესულიყო კიბეზე და შეეხედა და თვითონ ვაგონის სახურავზე არ უნდა ასულიყო. ასე უწერიათ ინსტრუქციაში. 

ჟ: ასე უწერიათ ინსტრუქციაში და მერე ვინმე ამას არ აკონტროლებდა?

ვ.ჩ.: ამაზე თვითონ პოლიციას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ეს კაცი სიმაღლეზე მუშაობდა, უნდა ჰქონოდა სპეციალური ნებართვა.

ჟ: მაგრამ, ეს ხომ არ იყო მისი პირველი ასვლა აღნიშნულ სამუშაოზე - ვაგონის სახურავზე?

ვ.ჩ.: რა თქმა უნდა, მე არ მინდა რაღაც მკაცრად ვთქვა და ვინმეს რამე დავაბრალო. ჩვენც ყველაფერზე დავხუჭეთ თვალი, რაც კი შეიძლებოდა, ვინაიდან ჩირქი არ მოსცხებოდა დაღუპულს და პენსია მიეღო.

ჟ: მაინც რომ არ მიუღია ეს პენსია?

ვ.ჩ.: როგორ არა, ერთჯერადი დახმარება მიიღეს და დამატებით მის შვილს 38 ლარიანი პენსია დაუნიშნეს.

ჟ: ქუჩაშიც რომ წაიქცეს ადამიანი და მოკვდეს, მის შვილსაც დაუნიშნავენ ობლობის 38 ლარს. რაც შეეხება მოვალეობის შესრულების მომენტში დაღუპულს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მამის ხელფასის ოდენობის პენსია ეკუთვნის.

ვ.ჩ.: კი მაგრამ, მე როგორც ვიცი, კანონი შეიცვალაო და ამიტომ მოხდა ასე.

ჟ: როგორც თქვენ ამბობთ, დაღუპულისათვის ცნობილი იყო, რომ იქ მაღალი ძაბვა გადიოდა. როგორ ფიქრობთ, ის შევიდოდა იმ ადგილზე, სადაც საფრთხე ემუქრებოდა? მისი ქმედებიდან გამოდის, რომ არ იცოდა. ფაქტია, რომ არ იცოდა.

ვ.ჩ.: არ იცოდა, მაგრამ მე ვიცი, რომ იცოდა. მე კიდევ არ მინდა, რომ დაღუპულზე ვთქვა რამე და ვიღაცას რაღაცა დავაბრალო, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ იცოდა.

ჟ: ვინ არის ეს ხალხი, მოწმეები?

ვ.ჩ.: მაგას პროკურატურა გაარკვევს.

ჟ: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ბოლოს უხეშადაც მოიშორეთ გარდაცვლილის ქვრივი...

ვ.ჩ.: როგორ გეკადრებათ. მე ვიცი, შეიძლება ყველაფერი თქვან მათ. შემოვიდნენ აქ. მე ქალს შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ მისი ძმა სისტემატურად მემუქრება, ოჯახს დაგიწიოკებო. ვუთხარი, თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, ავდგები და წავალ სამსახურიდან. სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისი ბრალეულობაც იქნება, მერე გაარჩევს ჩვენი დეპარტამენტი. ჩვენ გვინდა, რომ ოჯახს ყველანაირად დავეხმაროთ. პირადად მე ოჯახში მივედი და ვუთხარი, ვიღაც-ვიღაცის ბრალეულობები იკვეთება, მაგრამ არავის არ უნდოდა ადამიანის სიკვდილი და რაც საშუალება გვაქვს დაგეხმარებით და მართლაც მივეხმარეთ, მაგრამ მერე ვიღაცამ გაახელა, იქ „ლევი“ ვაგონები ყოფილა მიბმულიო. მე რომ მკვლელი ვყოფილიყავი, იმ ოჯახში მივიდოდი? მივედი და ვუთხარი, მოგეხმარებით-მეთქი და კიდევ მივეხმარებით, რაც საშუალება გვექნება. თუ ჩემი ბრალეულობა დამტკიცდება, ვწერ განცხადებას და მივდივარ სამსახურიდან.

რამდენად კანონიერად მიმდინარეობს გამოძიება და რა შემთხვევაში დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებები, ამასთან დაკავშირებით „ადამაინის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნიკო კანკავა განმარტავს: „სანამ საქმის მასალებს სრულყოფილად გავეცნობოდე, შემიძლია ვთქვა, რომ გარდაცვლილი როსტომ ხიდაშელის მამა საშა ხიდაშელი საქმეში ცნობილია დაზარალებულად და არა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, როგორც ამას მსგავს შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს. მარტო ამის საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ, რომ გამოძიება ელემენტარული შეცდომითაა დაწყებული. ესეც არ იყოს, საქმეზე ორი ექსპერტიზა დაინიშნა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე არც მათი დანიშვნის შესახებ დადგენილებას გაცნობია, არც ექსპერტიზის შედეგებს, რითაც ასევე აშკარად დაირღვა მისი უფლებები. საქმეში ადვოკატად ჩემი ჩართვის შემდეგ ყველა ამ და სხვა კანონდარღვევაზე მოვახდენთ რეაგირებას და იმედი მაქვს, გამოძიების დასრულებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ, დაზარალებულის ოჯახისთვის სასურველი შედეგი დადგება“.

მას შემდეგ, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნული საქმით დაინტერესდა, ზესტაფონის რაიონული პოლიციის გამომძიებელი გელა წითელაშვილი  დაგვპირდა, რომ გამოძიება ოქტომბრის ბოლომდე უსათუოდ დასრულდება. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმედს იტოვებს, რომ გამოძიების ჩაკეტილი წრე ბოლოსდაბოლოს გაიხსნება და შესაბამისად, გაირკვევა, წელიწადნახევრის მანძილზე დაგროვილი, არცთუ მცირე მასალის მიუხედავად, რატომ გაჭიანურდა საქმის მოკვლევა და ვისი ბრალეულობის დაფარვას შეეცადა ზესტაფონის პოლიცია.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები