კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინგილოში ქართული ეკლესიის კარი აჭედეს

15 ოქტომბერი, 2007

ტაძარში წირვა-ლოცვის განახლების შემთხვევაში მართლმადიდებელ ქართველებს ემუქრებიან

საინგილოში მდებარე ერთადერთი მოქმედი ქართული ტაძარი უკვე ორი კვირაა დაკეტილია და შიგ ქართველებს არ უშვებენ. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს” ჰერებმა აცნობეს, ეკლესიის კარი აზერბაიჯანელებმა დაკეტეს. ტაძრის გახსნისა და წირვა-ლოცვის განახლების შემთხვევაში, ადგილობრივ ქართველებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში საინგილოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქართველები ლოცულობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, წირვა-ლოცვა ქართულად კვირაში ერთხელ აღევლინებოდა. "ამ გზით ვინარჩუნებდით ტაძარს, მაგრამ დაახლოებით 14 დღის წინ, ეკლესიაში მისულებს კარები დაკეტილი და აჭედილი დაგვხვდა. ვნახეთ მოძღვარი, ვისთანაც ეკლესიის კარის გასაღებები ინახებოდა. მან გვითხრა, რომ აზერბაიჯანელები მივიდნენ და გასაღები ძალის გამოყენებით წაართვეს, კარს ბოქლომი დაადეს და მისი გატეხვის შემთხვევაში, მართლმადიდებელი ქართველების მისამართით დაიმუქრნენ"- აღნიშნა საუბარში კახში მცხოვრებმა მარიამ გამხარაშვილმა.

მომხდარით საინგილოს ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი ქართველები უკიდურესად აღშფოთებულნი არიან, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. "ჰერები ტელეფონის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. გვითხრეს, რომ ქართული ტაძარი დაკეტეს და მოსახლეობას ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. დასამალი არ არის, რომ რწმენის თავისუფლების მხრივ, მათ იქ სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ისინი ვერ საუბრობენ, რადგან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ და მათი უფლებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უხეშად ირღვევა"- აცხადებენ `ადამიანის უფლებათა ცენტრში~.

ინგილოების ინფორმაციით, აზერბაიჯანელების მიერ მათ მიმართ შეტევა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, სამთაწყაროს ხიდი ჩაიკეტა. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები ჰერები უკვე ორი წელია, რაც საინგილოში მყოფ ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს ვეღარ უკავშირდებიან. მოსახლეობამ დახმარებისათვის, ღია წერილის და სხვა სახით, არაერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაგრამ ამაოდ. ხელისუფლება ჰერების პრობლემით არ დაინტერესებულა. "საქართველოში მცხოვრები ჩვენი ნათესავები სანამ გვსტუმრობდნენ, შედარებით თამამად ვიყავით. მათი იმედი გვქონდა, მაგრამ ამჟამად საერთოდ უპატრონოდ ვართ მიტოვებულები. ამიტომაც გადაგვიარეს. ერთადერთი ქართული კერა დაგვიხურეს და თუ არ დავემორჩილებით აზერბაიჯანელების ამ გადაწყვეტილებას, ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებიან"- ამბობს მილია საკანელაშვილი.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრევლს რომ აღარ უშვებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სერგი. "ჩვენს მოძღვარს გასაღები გამოართვეს და კარი ნამდვილად ჩაკეტეს. შიგნით აღარ გვიშვებენ. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ მომავალ კვირას, მე გადავალ საინგილოში და პირადად გავეცნობი აღნიშნულს"- განაცხადა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველმა.

ქართული ეკლესიის დახურვასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, სადაც კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჩვენი მცდელობა უშუალოდ საელჩოს პრეს მდივანს დავკავშირებოდით, უშედეგო აღმოჩნდა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები