კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰიდრომეტეოროლოგები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ

17 ოქტომბერი, 2007

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ყოფილმა თანამშრომელმა ნარგიზა სვინტრაძემ მიმართა.  იგი ობსერვატორიის ხელმძღვანელობისგან გაყინული ხელფასების  მიღებას ითხოვს. როგორც ირკვევა, დავალიანება 300-400 ლარს შეადგენს. ნარგიზა სვინტრაძის ბედს აღნიშნული სამსახურის 30-მდე თანამშრომელი იზიარებს.

2005 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნული სამსახურის ყველა თანამშრომელს გათავისუფლებაზე განცხადება დააწერინეს, ვითომ მოსალოდნელი ატესტაციის გამო. სინამდვილეში არავითარი ატესტაცია არ ჩატარებულა. საახალწლოდ თანამშრომლებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიღეს. იმ მოტივით, რომ ბოლო პერიოდში ისინი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ, დათხოვნილ თანამშრომლებს საკომპესაციო თანხაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ორი თვის ხელფასის ოდენობას შეადგენს, უარი განუცხადეს.

აღნიშნული კომპენსაციის გარდა, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ყოფილ თანამშრომლებს 1998 – 2000 წლების გარკვეული თვეების ხელფასიც მიუღებელი აქვთ.

როგორც ირკვევა, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის გაუქმებისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ თანამშრომლებს ყოველწლიურად ერთწლიანი ხელშეკრულებები უფორმდებოდათ. შესაბამისად, ხელშეკრულებების განახლების დროს განხორციელდა ეტაპობრივი შემცირებაც, რომლის შედეგადაც, 2005 წლის დასაწყისში აღნიშნული სამსახურის დასავლეთის განყოფილებაში 189 თანამშრომელი დარჩა, 2006 წლის დასაწყისში -75, ხოლო, მიმდინარე წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად - 28.

რეორგანიზაცია ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიის სტატუსსაც შეეხო და დღეს იგი მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის კოლხეთის ფილიალს წარმოადგენს.

"ბოლო წლების მანძილზე ჩვენს სისტემაში სერიოზული რეორგანიზაცია მოხდა. ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე პირნათლად ემსახურებოდნენ ჩვენს სამსახურს, უცერემონიოდ დაითხოვეს, მათი დავალიანების დაფარვაზე კი არავინ ფიქრობს", - ამბობს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის კოლხეთის ფილიალის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსგავსი სახელფასო დავალიანების დაბრუნება სასამართლოს გზით მოახერხა.

ჰიდრომეტეოროლოგებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ოფისში მიღებული იურიდიული კონსულტაციის შემდეგ ყოფილი სამსახურის  ხელმძღვანელობას მათ მიმართ რიცხული სახელფასო დავალიანებების შესახებ ინდივიდუალური ცნობების მისაღებად მიმართეს. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდებიან.
 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისიდან

ახალი ამბები