კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სუფთა ჰაერი გვინდა ვისუნთქოთ“ - ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყურადღების ნაკლებობაზე ჩივიან

24 ოქტომბერი, 2007

საღამოს ექვსი საათი ის დროა, როცა ამ დაწესებულებაში „ძირითადი შემადგენლობის“ გარდა მხოლოდ მორიგე ექიმი, დაცვა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელია დარჩენილი. სიჩუმეა. ყველა კონკრეტული საქმითაა დაკავებული.  ვახშამი დამთავრებულია, სეირნობაც მორჩა და ახლა დაძინებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ყველას სხვადასხვანაირად გაჰყავს.


450 პაციენტი ნანეიშვილის სახელობის ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იძულებითი მკურნალობის ეროვნული ცენტრის ის „ძირითადი შემადგენლობაა“, რომელიც საზოგადოებისგან იზოლაციაში იმყოფება და არაფერი ისე არ ენატრება, როგორც ხალხთან კონტაქტი.

„აქ ბევრი მეზობელი და მეგობარი მყავს, მაგრამ მე მაინც სხვა ხალხთან დალაპარაკება მინდა. მინდა მათ ჩემი ამბები მოვუყვე და სამაგიეროც მოვისმინო. უკვე 100 წელია აქ ვარ და მომწყინდა - ჩვენს გასაგონად, ოღონდ თავდახრილი ლუღლუღებს „20 წლის“ მარიამი. ნათელია, მან ამ ასაკს დიდი ხანია გადააბიჯა. 60 წელს მიღწეული, არცთუ ურიგო შესახედაობის ქალბატონი კი ჯიუტად იმეორებს, რომ 20 წლისაა. მას სტუმარი უყვარს. მის ირგვლივ შეკრებილ მეზობელ-მეგობრებს ბოდიშს უხდის და ადამიანებთან მონატრებულ ურთიერთობებზე ჩივის: „მინდა ბოლომდე მომისმინოთ... მინდა გაინტერესებდეთ ჩემი ამბავი... მინდა გარეთ ვიყო, ჩემს სახლში“ და ასე, უსასრულოდ.

 აქ სტუმრობა ძალიან ძნელია, მაგრამ თუ პირველი ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახე, მერე უკან აღარ იხევ და თითოეული დეტალი გაინტერესებს. აქ თავისი წესები აქვთ, რომელიც ქალთა განყოფილებას მამაკაცებისგან მხოლოდ ერთი სართულით და რამდენიმე გისოსით ყოფს. აქაურებს ეტყობათ, რომ გისოსები არ უყვართ. ვერ აღებენ და იმიტომ. არც დაცვის თანამშრომლები მოსწონთ, რომლებსაც ენას უყოფენ და  ხანდახან ბოდიშსაც უხდიან.

დერეფანი გრძელია და ცუდად განათებული, ჰაერი - მძიმე, განწყობა სხვადასხვაგვარი. კითხვა-პასუხი გრძელი და ცოტა დამღლელი. შეკითხვას, როგორ ხართ, ხომ არაფერი გჭირდებათ, პასუხად სევდიანი ისტორიები მოჰყვება. ზოგი ცუდად არის, ზოგიც უკეთ, ვიდრე გუშინ იყო. ზოგს კი, ურჩევნია უფრო ცუდად იყოს, ოღონდ, ოჯახში, შინაურების გვერდით ათენებ-აღამებდეს.

,,სამი შვილი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, მაგრამ დედა არ უყვართ. არ ვიცი, მათ გაზრდაში სად დავუშვი შეცდომა. მაგრამ არა უშავს, აწი რომ გავაჩენ, მათ ძალიან ვეყვარები. ცუდი ისაა, რომ ჩვენს შვილებს მარტო ფული და ქონება აინტერესებთ. ჩვენი ბედი კი, საერთოდ არ აღელვებთ. აქ მოკითხვაზე საუბარიც ზედმეტია, დარეკვითაც არ რეკავენ და ამბავს არ კითხულობენ. ეს ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთია“,  - თვალზე მომდგარ ცრემლს კაბის სახელოთი იწმენდს ქალბატონი მარიამი და იმისთვის, რომ „თავი აგვატკია“, ბოდიშს იხდის.

სამაგიეროდ, მოურიდებლად ჰყვება თავის ჭირ-ვარამზე ინგა. აქ უკვე შეკითხვების დასმა საჭირო აღარაა. ამბავი უსასრულობას ჰგავს. ახალგაზრდა ქალი ხან ჩხუბობს, ხანაც ისტერიულად იცინის და გვიან ახსენდება, რომ ხმაური არ შეიძლება. ინგას ბალიში ისე აქვს ჩაბღუჯული, გეგონება ეშინია, ვინმემ არ წაართვას. საჩვენებელ თითს ტუჩზე იდებს და გვთხოვს, არ ვიხმაუროთ, თორემ „ბავშვს გავაღვიძებთ“.

მათი სურვილისა და დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავათ, ქალებს დროებით ვემშვიდობებით და არანებაყოფლობითი მკურნალობის #3 განყოფილებაში გადავდივართ. აქ ყველა პაციენტი მამაკაცია. დერეფანში განთავსებული საწოლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ აშკარა გადატვირთვაა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს აქაურებს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს.

,,ვიცნობდეთ ერთმანეთს. მე ტარიელი ვარ, ტელეფონების ოსტატი. შემიძლია ტელეფონი დავშალო და ავაწყო, ისე, რომ ახლისგან ვერ გაარჩიო. ადრე ქუთაისში ვმუშაობდი. ახლაც ვიმუშავებ, თუ სამსახურში ამიყვანთ. ყველაფერი ვიცი, რაც ტელეფონებს ეხება“, - გაცნობა საკუთარი შესაძლებლობების რეკლამირებაში გადადის და ვერც კი ვამჩნევთ, დერეფანი „იქაურებით“ როგორ ივსება.

„ხშირად იარეთ, გაიგეთ ჩვენი ამბავი: რას ვჭამთ, რა გვიხარია. ღორებს არ დაუყრიან იმ საჭმელს, რომელიც ჩვენთვის მოაქვთ. ამიტომაც ვშიმშილობთ“, - პირდაპირობას არ ერიდება შოთა ბერიძე. მის გაჩუმებას სხვები ამაოდ ცდილობენ.

„ყველაფერი ტყუილია. ბებიაჩემი კვების დარგის სპეციალისტი იყო. მე მგონი, თუნდაც ამიტომ, მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება. ჩვენი მენიუ დასაწუნი ნამდვილად არ არის. მუდამ „მაგარი“ საჭმელი, ალბათ, სახლშიც არ გვექნება“,  - საუბარში უცერემონიოდ ერთვება ბიძინა მჭედლიშვილი, რომელსაც პრეტენზიები სხვა კუთხით უფრო აქვს: „როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ჩემი მკურნალობის ვადა?“ - ამ კითხვას ბიძინა, როგორც ჩანს, ხშირად სვამს, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მიიღო. სამკურნალო კურსი კი, როგორც თავად გვიხსნის, ყოველ ღამით, ძილის წინ ერთი აბი დიაზეპამის მიღებაა.

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ თანამედროვე ცენტრი. მერე რა მოხდა, რომ ზოგ პაციენტს არ მოსწონს ჩვენი მიდგომები“,  - ვითარებას მარტივად ხსნის მორიგე ექიმი სოსო სულუხია - „ჩვენთან დადგმულია შენიშვნების ყუთი, რომელშიც ამ ადამიანებს შეუძლია ჩაყარონ თავიანთი „ჩივილები“.

როგორც გვიხსნიან, „ჩივილები“, ძირითადად, ფსიქიატრიულში უვადოდ გაწელილ სამკურნალო კურსს (და ალბათ, სხვა მრავალ პრობლემასაც) ეხება. პაციენტებს სახლი და ოჯახური გარემო, ასევე, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ენატრებათ. დამშვიდობებისას მათ ერთადერთი თხოვნა აქვთ, რომელსაც სათითაოდ, სხვადასხვა ტონალობაში იმეორებენ: „ხშირად მოდით და იკითხეთ ჩვენი ამბავი“.
 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები