კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა უპრეცედენტო საპროცესო შეთანხმებაზე მიდის

26 ოქტომბერი, 2007

ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, არავის შევარჩენ ჩემი ქმრის სიკვდილს“

„ნუ მისცემთ საშუალებას მკვლელებს თავისუფლად იპარპაშონ და კვლავ ჩაიდინონ ახალი მკვლელობები. 10 დამნაშავე ჯერ კიდევ გარეთ დადის და ფულის მეშვეობით ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელმიუწვდომელნი გახდნენ. მე იძულებული გავხდები პროკურატურის წინ დავჯდე და გამოვაცხადო უვადო შიმშილობა, რათა ქვეყანამ დაინახოს რისი გამკეთებლები არიან დღეს პროკურატურის თანამშრომლები. იმედს ვიტოვებ თქვენი გონივრული ჩარევის შემდეგ ეს ასე არ მოხდება“, - ასე მიმართავს ორი წლის წინ თბილისში მოკლული თემურ წურწუმიას მეუღლე გულნარა ზეინკლიშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

29 ოქტომბერს შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ქალაქ თბილისის პროკურატურასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი დგებუაძეს შორის უპრეცედენტო საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, ეს იქნება შეთანხმება, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ანალოგი არ მოეძებნება: „პროკურატურა ისეთ დანაშაულებზეც კი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, როგორიც არის ქურდობა და ხულიგნობა. გარდა ამისა, შემიძლია მოვიყვანო ერთი საინტერესო ფაქტი, როდესაც დანაშაული მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ არ იყო ჩადენილი, აღნიშნულის თაობაზე კარგად იცოდა თავად პროკურატურამაც, მაგრამ პროკურორმა განმიცხადა, რომ რეალური დამნაშავე მიმალვაში იმყოფებოდა და თუ მის დაკავებაში დავეხმარებოდი, მაშინ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გაუშვებდნენ. აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ შედგა და უდანაშაულო ადამიანს სასამართლომ მსჯავრი დასდო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.“

საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას, რომელმაც ორი წლის წინ მთელი თბილისი შეძრა. 2005 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს კოსტავას #67-ში, არასრულწლოვანი ბიჭების 12-კაციანი ჯგუფი ინტერნეტ კაფეში შეიჭრა. ერთ-ერთმა მათგანმა ყელი გამოჭრა ინტერნეტ კაფის მეპატრონეს თემურ წურწუმიას. ასევე მძიმედ  დაიჭრა მისი შვილი ლევან წურწუმია.

„ჩემი ვაჟის დაჭრისათვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ვიტალი ხარაძე დააკავეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მეუღლის მკვლელის, გიორგი დგებუაძის დაპატიმრება სამართალდამცავებმა მთელი ორი წლის განმავლობაში „ვერ მოახერხეს“. ამასობაში ის თავისუფლად დაპარპაშებდა თბილისის ქუჩებში, ცოლიც კი მოიყვანა, თუმცა, სამართალდამცავებმა მას „ვერაფრით მიაგნეს“. ის 2007 წლის 9 მარტს დააკავეს. მისი ბრალდების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა. საქმემ ორი მოსამართლე გამოიცვალა, საქმის განხილვას მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უაზრო და აბსურდული მიზეზების გამო აჭიანურებდა. საქმის გაჭიანურებაში მას მხარს პროკურორი ნინო ჟღენტიც უბამდა“, - აცხადებს გულნარა ზეინკლიშვილი.

გულნარა ზეინკლიშვილი თქმით, სხდომაზე მოწმეთა არგამოცხადების გამო პროცესი ბევრჯერ გადაიდო. მართალია მოწმეთა პროცესზე იძულებით მოყვანის შესახებაც დაისვა საკითხი, მაგრამ მისივე თქმით, ესეც ფორმალურად: „იძულებით მოყვანასაც არ დაადგა საშველი. ამ პერიოდში ბრალდებულის მხარე ზეწოლას ახორციელებდა მოწმეებზე, რათა ისინი არ გამოცხადებულიყვნენ პროცესზე და საფუძველი შეექმნათ ბრალდებულისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე წასულიყო“.

როგორც ჩანს ბრალდებულის მხარემ მიზანს მიაღწია: 17 ოქტომბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი სწორედ იმ მიზეზით გადაიდო, რომ სასამართლომ მხარეებს 29 ოქტომბრამდე ვადა მისცა, რათა მათ შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, არ გაუფორმდეს დგებუაძეს საპროცესო შეთანხმება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ პროკურატურა მაინც წავა ამ გარიგებაზე, რადგან 2007 წლის მაისიდან მოყოლებული დღემდე მიზანმიმართულად ხდება  საქმის გაჭიანურება, დასუსტება და იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს“, - აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი ავთანდილ საყვარელიძე.

„დგებუაძეებმა ახლობელი მომიგზავნეს და როგორც დაზარალებულსა და სამოქალაქო მოსარჩელის ავტორს 10 000 ლარი შემომთავაზეს და თან ისიც შემომითვალეს, რომ თუ ამასაც არ ავიღებ, მთლად მშრალზე დამტოვებენ. ისინი უკვე წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას. საპროცესო შეთანხმების გამო, უსუსურ  და გამოუვალ მდგომარეობაში ვრჩები, რადგანაც კანონი საპროცესო შეთანხმების შესახებ აღარ მაძლევს მათზე რაიმე ზემოქმედების უფლებას. მე არსად გამიგია, რომ პროკურატურა მკვლელებს ურიგდებოდეს საპროცესო შეთანხმებაზე, რათა ისინი ვადაზე ადრე გამოვიდნენ გარეთ, რომ მომავალში ახალი მკვლელობები ჩაიდინონ. ჩემი შვილს დღემდე კოშმარები აწუხებს. მისი ფსიქიკა და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, არავის შევარჩენ ჩემი ქმრის სიკვდილს“, - აცხადებს ზეინკლიშვილი.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები