კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,გაღმა შედავების” პოლიტიკა ქუთაისის ციხეში

29 ოქტომბერი, 2007

სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 19/109-ე მუხლებით გასამართლებული კობა კობახიძე და მამუკა ნინუა სასჯელს გეგუთის კოლონიაში იხდიდნენ. კობახიძეს 8 წელი ჰქონდა მისჯილი, ნინუას – 10.  2006 წლის 7 დეკემბრისათვის ერთ მათგანს თავისუფლებამდე 3 წელი ჰქონდა დარჩენილი მეორეს – ხუთი. მაგრამ სწორედ იმ დღეს, როდესაც კობახიძე და ნინუა გეგუთის კოლონიიდან ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც ორივე მათგანს სასჯელზე 10-10 წელი დაემატა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს კობა კობახიძისა და მამუკა ნინუას ადვოკატმა ანა ჩაფიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის ვადის 10 წლით გაგრძელების შესახებ ძალაში დატოვა. გამოძიება და ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს ციხის თანამშრომლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. კობახიძე და ნინუა თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ისინი თავად არიან დაზარალებული ქუთაისის ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა მხრიდან. საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს, ე.წ. „დაზარალებულთა“ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების სახით, რომელთა გაზიარებაც ორი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად: „საბადრაგო მანქანაში კობა კობახიძე და მამუკა ნინუა აგინებდნენ ბადრაგის წევრებს. სამორიგეო ნაწილში მიყვანის შემდეგ, ოპერატიულმა მორიგემ მურმან ჩოგოვაძემ დაიწყო პატიმრების სიობრივი გადამოწმება. ამის გამო  განაწყენებულმა მამუკა ნინუამ და კობა კობახიძემ დაიწყეს გინება საპყრობილის დაწესებულების თანამშრომელთა მისამართით. საპყრობილის თანამშრომლებმა ლაშა მანდარიამ და გაიოზ ხახნელიძემ მათ მოუწოდეს დაეცვათ ქცევის წესები და დამორჩილებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების სარეგისტრაციო მოთხოვნებს. დამორჩილების ნაცვლად, კობახიძემ სარეჟიმო განყოფილების ინსპექტორს ლაშა მანდარიას მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა  და ხელი გაარტყა გვერდით მდგომ სარეჟიმო განყოფილების ინსპექტორს გიორგი ლობჟანიძეს. ამის შემდეგ საპყრობილის თანამშრომლები შეეცადნენ შეეჩერებინათ მამუკა ნინუა და კობა კობახიძე, მაგრამ ისინი მაინც არ ემორჩილებოდნენ, მაგიდას და კედელს ენარცხებოდნენ“.

როგორც აღნიშნული საბრალდებო დასკვნიდან ირკვევა, საპყრობილს თანამშრომლებმა მოახერხეს კობახიძისა და ნინუას სამორიგეო ნაწილის დროებითი განთავსების საკანში ცალ-ცალკე მოთავსება. გამოძიება მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქციელით კობახიძემ და ნინუამ ჩაიდინეს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით, ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ.

ბრალდებულების ადვოკატის ანა ჩაფიძის განმარტებით, საქმეში ბრალდების საწინააღმდეგო ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება ე.წ. დაზარალებულებისა და ბრალდებულებისათვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებია, რომელთა თანახმადაც, ციხის თანამშრომლებს: გიორგი ლობჟანიძეს, გაიოზ ხახნელიძესა და ლაშა მანდარიას სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებათ. რაც შეეხება ბრალდებულ მამუკა ნინუას, მისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: „მამუკა ნინუას სხეულზე არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების და ნაჭდევების სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

ადვოკატი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონდარღვევად მიიჩნევს იმასაც, თუ როგორ მოხდა ბრალის წარდგენა კობახიძისა და ნინუას მიმართ: 

„ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით, რაც სრულიად შეუსაბამოდ მიმაჩნია. ამ მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული მუხლი შედგება ხუთი ნაწილისგან და მეხუთე ნაწილი დგება მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს ამავე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას. ამ შემთხვევაში კობახიძესა და ნინუას არ აქვთ წარდგენილი მესამე და მეოთხე მუხლი, რაც ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმას და ისე აქვთ წარდგენილი მეხუთე ნაწილი, რაც მესამე და მეოთხე ნაწილების წარდგენის შემდეგ დგება“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შენგელია იცავდა და არც თუ სათანადოდ. ამისი მიზეზი, როგორც ირკვევა, მისი და ციხის ადმინისტრაციის „დაზარალებული“ თანამშრომლების ახლო მეგობრული ურთიერთობა იყო. ანა ჩაფიძემ საქმეში ჩართვის შემდეგ სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა და გამამართლებელი განაჩენიც მოითხოვა, მაგრამ ისინი მოსამართლე მერაბ კოზმავამ არ გაითვალისწინა. სააპელაციო სასამართლომ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, ფაქტობრივად, „ნოტარიალურად დაადასტურა“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნების სრული იგნორირება მოახდინა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ საქმეზე რვა ფურცლიანია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ორ ფურცელზე დაეტია. მასში არ არის ახსნილი, თუ რის გამო არ მოხდა ჩვენი სააპელაციო საჩივრის გათვალისწინება. მოტივი დასახელებული არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კი უსაფუძვლოა. მასში არანაირი მსჯელობა არ იყო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, დაზარალებულების ჩვენებები წინასწარ გამოძიებაში და სასამართლოზე რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამის შესახებაც დავაყენე შუამდგომლობა. საყურადღებო იყო ის, რომ ბრალდების მხარის მიერ დაკითხულმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და მასზე არავითარი სანქცია არ განხორციელებულა. სხვა შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ შეცვალოს ჩვენება, დაიჭერენ. ჩემი შუამდგომლობა ამის შესახებ სასამართლომ არც კი განიხილა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვითხოვდით გამამართლებელ განაჩენს. სასამართლო კოლეგიამ მოგვისმინა, მაგრამ მათგან რეაგირება არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლემ ბრალდებულები სასამართლო პროცესზე არ დაასწრო, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს განხორციელების უფლება. მათ არ მიეცათ საშუალება დამატებით ეთქვათ თავიანთი კომენტარები პროცესზე განვითარებული მოვლენების ირგვლივ“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

რატომ არ იქნა გამოძიების მხრიდან გათვალისწინებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და ე.წ. დაზარალებულების ბუნდოვანი ჩვენებები, ამის შესახებ  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურო კომენტარის მიღებას გამომძიებლისაგან შეეცადა, მაგრამ როგორც გაირკვა, გამომძიებელი მიხეილ სანიკიძე აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ დასაწყისში მუშაობდა, ხოლო გამომძიებელი ვახტანგ კვანტალიანი, რომელმაც საქმე დაასრულა, რამდენიმე თვეა გამოძიებაში აღარ მუშაობს და ადვოკატი გახდა. საგამოძიებო განყოფილებაში განგვიმარტეს, რომ საქმე მათგან სასამართლოში მიმდინარე წლის მარტის თვეში წავიდა და კომენტარსაც ამ თემაზე სასამართლოში მივიღებდით. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი, როგორც წესი, მედიასთან ურთიერთობისგან ამ შემთხვევაშიც თავს იკავებენ.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რომ დადგა, პატიმრები მეორე დღესვე გადაიყვანეს რუსთავის #2 მკაცრი და საერთო საჯელაღსრულების დაწესებულებაში. ხოლო სააპელაციო სასამართლო რომ ჩაინიშნა, ორი დღით ადრე, ისევ ქუთაისში დააბრუნეს. თუმცა პროცესზე არ დაასწრეს. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რატომ ჩამოიყვანეს აღნიშნული პატიმრები ისევ ქუთაისის ციხეში, თუ პროცესზე არ დაასწრებდნენ და რატომ აურთიერთობებენ მათ ყოველდღიურად იმ ე.წ. დაზარალებულებთან, რომელთა გამოც მათ სასჯელი გაეზარდათ? ყოველივე ამას, სამწუხაროდ, პროვოკაციის სუნი ასდის“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კობა კობახიძისა და მამუკა ნინუას მიმართ სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებებია ჩადენილი როგორც ციხეში, ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მხრიდან, ისე გამოძიებასა და სასამართლოში. ყოველივე ამის უშუალო შედეგია ისიც, რომ ამჟამად ამ ორი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განსაკუთრებით მზიმედ არის  მამუკა ნინუ. მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, ნინუას ფსიქოზის დიაგნოზი აქვს, პატიმრობაში მოხვედრამდე მას თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. ამჟამად კი, ქუთაისის ციხეში ასეთი რთული წარსულის მქონე ადამიანს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს იმ პირებთან, რომელთა გამოც, მას სრულიად უსაფუძვლოდ სასჯელი 10 წლით გაეზარდა.

ბრალდებულთა ადვოკატი აღნიშნული საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები